რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოებიდან სრულად ამოიღეს კიევის დასახელება

რუსეთის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებიდან სრულად ამოიღეს კიევის დასახელება, მათ შორის იმ თავებიდან, რომელიც კიევის რუსეთის პერიოდს ეხება. 

ამის შესახებ Медиазона წერს

გამოცემის ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა მეოთხე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში. თუ კი 2021 წლის ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ "გასული წლების ზღაპარის" ავტორი კიევ-პეჩერის მონასტრის ბერი ნესტორი იყო, ახალ რედაქციაში ნათქვამია, რომ ავტორი უბრალოდ ბერი ნესტორია. ბერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილი ნახსენები საერთოდ არ არის. 

სახელმძღვანელოს წინა რედაქციაში ნათქვამი იყო, რომ დიდმა მთავარმა ვლადიმირმა ხალხი მდინარე დნიპროში მონათლა, ხოლო ახალ ვერსიაში უბრალოდ 'დედაქალაქში'.

გარდა ამისა, თუ კი ძველ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ ოლეგის სიკვდილის შემდეგ კიევს მთავარი იგორი მართავდა, ახალ ვერსიაში იგორი უბრალოდ რუსეთის (Русь) მმართველადაა მოხსენიებული. 

ისტორიის მეექვსე კლასის სახელმძღვანელოში შეცვლილია კიევის რუსეთის დაარსების თარიღიც. თუ კი 2016 წლის რედაქციაში "ძველრუსული სახელმწიფოს" დაარსების თარიღად 882 წელი იყო მოხსენიებული. ახალ რედაქციაში წერია - "ეტაპობრივად სულ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა იმ თავადების დინასტიამ, რომელიც საკუთარ წარმომავლობას რიურიკს უკავშირებდა. სწორედ მას უკავშირებენ 862 წელს ნოვგოროდში რუსეთის სახელმწიფოს დაარსებას."

გამოცემის ცნობით, სახელმძღვანელოში შეტანილი ცვლილებების გარდა მზადდება მეთოდური ბროშურები, რომლებშიც "დაზუსტდება კიევის როლი რუსეთის ისტორიაში."

მსგავსი სიახლეები