ტრამპის გეგმა უკრაინისთვის მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიას მოიცავს - სრული ტექსტი
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის დასარეგულებლად მომზადებული სამშვიდობო წინადადებების პაკეტი მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის მსგავსი იქნება.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ავრცელებს - ჩანაწერის მიხედვით, უკრაინაზე შემდგომი შეტევა ამერიკისა და ევროპელი მოკავშიირების მიერ განხილული იქნება როგორც შეტევა მთელ ტრანს-ატლანტიკურ თანამეგობრობაზე.
- "ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინისგან მტკივნეულ დათმობებს გულისხმობს, მაგრამ ეს ასევე მოიცავს უპრეცედენტო დაპირებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ"- ნათქვამია Axios-ის მასალაში.
- წყაროების ცნობით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი არ არის ამერიკელების მიერ წარმოდგენილი და მედიებში გაჟონილი 28-პუნქტიანი გეგმის ნაწილი და ის ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ს სახმელეთო ძალების მდივანმა ცალკე დოკუმენტად წარუდგინა.
ჩაშლილად: მოგვიანებით მასალის ავტორმა, ბარაკ რავიდმა საკუთარ სოციალურ ქსელში აღნიშნული დოკუმენტის სრული ტექსტი გამოაქყვენა - ქვევით წარმოდგენილია ტექსტის უცვლელი და ზუსტი თარგმანი:
"აღნიშნული ჩარჩო ხელშეკრულება ადგენს ზავის პირობებს რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის და უზრუნველჰყოფს უსაფრთხოების რწმუნებას (assurance), რომელიც დაფუძნებული იქნება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლზე და მორგებულია აღნიშნული კონფლიქტის გარემოებებზე, ამერიკისა და მისი ევროპელი პარტნიორების ინტერესებზე.
შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი, მიზანმიმართული და განგრძობადი შეტევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაშორიშორების ხაზის მთელ პერიმეტრზე, უკრაინული ტერიტორიის სიღრმეში, განხილული იქნება როგორც შეტევა მთელ ჩრდილო-ატლანტიკურ თანამეგობრობაზე.
ასეთ შემთხვევაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება და უკრაინასთან, ნატოსთან და ევროპელ პარტნიორებთან დაუყოვნებლივი კონსულტაციების შემდეგ დაადგინოს უსაფრთხოების აღდგენისთვის საჭირო აუცილებელი ზომები და ნაბიჯები. ასეთ ზომები შესაძლოა მოიცავდეს შეიარაღებულ ძალებს, სადაზვერვო და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ეკონომიკურ და დიპლომატიურ ქმედებებს და სხვა ზომებს, რომელიც შესაბამისად იქნება მიჩნეული. ნატოსა და უკრაინასთან არსებული ერთობლივი მექანიზმი შეაფასებს სამშვიდობო შეთანხმებების პირობების შესაძლო დარღვევას.
ნატოს წევრები, მათ შორის საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, პოლონეთი და ფინეთი ადასტურებენ, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროპის სტაბილურობის განუყოფელი ნაწილია და პირობას დებენ, რომ იმოქმედებენ კოორდინირებულად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი შესაძლო დარღვევის საპასუხოდ. ეს უზრუნველჰყოფს, ერთიან, დამაჯერებელ შემაკავებელ მიდგომას (რედ. რუსეთის წინააღმდეგ).
აღნიშნული ჩარჩო ხელშეკრულება ამოქმედდება მისი ხელმოწერისთანავე და ვალიდური იქნება მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მხარეების თანხმობის შემთხვევაში ვადის გაგრძელების შესაძლებლობით. ერთობლივი სადამკვირვებლო კომისია ევროპელი პარტნიორების მეთაურობით და შეერთებული შტატების მონაწილეობით დააკვირდება ხელშეკრულების აღსრულებას.
დიდი სურათი: ხელმომწერებისთვის გამოყოფილ სიაში არიან: უკრაინა, ევროკავშირი, ნატო, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია.
- ჯერჯერობით გაურკვეველია ითვალისწინებს თუ არა ამერიკელების წინადადება აღნიშნულ დოკუმენტზე ვლადიმირ პუტინის ხელმოწერის აუცილებლობას.
- Axios-ის წყარო ამბობს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ტრამპის გარემოცვაში ზელენსკის სერიოზულ გამარჯვებად მიიჩნევენ, რადგანაც ამერიკელი პრეზიდენტი ამ დრომდე თავს იკავებდა უსაფრთხოების გარანტიების ნაწილში კონკრეტული ვალდებულებებისგან.
სტრიქონებს შორის: ამგვარად ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული 28-პუნქტიანი გეგმა, რომლის არაერთი პუნქტი უკრაინის მიერ მრავალჯერ უარყოფილ დათმობებს მოიცავს.
- ასე მაგალითად, არსებულ ვერსიაში უკრაინა უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკის ოლქიდან, ასევე უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, ასევე აიღოს არმიის რიცხოვნების შემცირების ვალდებულება და მიიღოს მკაცრი შეზღუდვები შორეულ შეიარაღების ქონის შესახებ, გამოაცხადოს ამნისტია ომის დამნაშავეებზე და შეეგუოს რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო თანამეგობრობაში სრულუფლებიან წევრად.
- მეორეს მხრივ, ტრამპის მიერ წარდგენილი პაკეტი უკრაინისთვის აქამდე შეთავაზებულ ყველაზე "გულუხვ" უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.
კონტექსტი: შექმნილ ვითარებაში უკრაინელებს საგანგებოდ მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - 10 წუთიან ვიდეო-მიმართვაში უკრაინელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავის არსებობის განმავლობაში ურთულეს პერიოდს გადის.
- "უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს: დაკარგოს ღირსება, ან დაკარგოს საკვანძო პარტნიორი. ან რთული 28 პუნქტი ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, ყველაზე მძიმე და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსების და სამართლიანობის გარეშე - ან დავუჯეროთ იმას ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს"- განაცხადა ზელენსკიმ.
- ამასთანავე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს მშვიდად მუშაობს შემოთავაზებულ გეგმაზე ამერიკელებთან და ევროპელებთან.
სიღრმისეულად: ზელენსკი: ურთულესი არჩევანი გვაქვს: ღირსების დაკარგვა ან საკვანძო პარტნიორის