გაერთიანებული სამეფო თავდაცვის ხარჯებს 24 მილიარდი გირვანქა სტერლინგით ზრდის

"დიდი ბრიტანეთი ვერ იქნება კმაყოფილი რეგიონალური საგარეო პოლიტიკის შეზღუდული ჰორიზონტით, ჩვენთვის არ არსებობს შორეული ქვეყნები",- განაცხადა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში გამოსვლისას. თემთა პალატაში პრემიერმა, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის განახლებული სტრატეგია წარმოადგინა. ჯონსონის თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ეს სტრატეგიის ძირეული განახლების პირველი შემთხვევაა.

ბრიტანეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის გეგმა, რომელიც სამხედრო ინფრასტრუქტურის განახლებაზე დამატებით 24 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, დაგეგმილია ქვეყნის ბირთვული პოტენციალის განახლება. გეგმის მიხედვით გაერთიანებული სამეფოს ბირთვული პოტენციალი 40%-ით გაიზრდება. ბოლო წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთი ეტაპობრივად ამცირებდა თავის ბირთვულ პოტენციალს, თუმცა "უსაფრთხოების სფეროში მომხდარი ცვლილებებისა და ტექნოლოგიური და დოქტრინალური საფრთხეების ცვლილების გათვალისწინებით, ამგვარი პოლიტიკა ვეღარ გაგრძელდება",- ნათქვამია განახლებული სტრატეგიის დოკუმენტში. დიდი ბრიტანეთი, ასევე, შეინარჩუნებს 4 წყალქვეშა ატომურ გემს. ამავდროულად ლონდონი ერთგული რჩება მინიმალური ბირთვული სიმძლავრის კონცეფციის, რომელიც ბირთვული პოტენციალის თავდაცვისთვის და საფრთხის ასარიდებლად გამოყენებას გულისხმობს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, განახლებული სტრატეგიის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის საკვანძო მოკავშირედ კვლავ აშშ რჩება, ქვეყანა კვლავ რჩება NATO-ს აქტიურ და ერთგულ წევრად და ევროკავშირი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი. დიდი ბრიტანეთი უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებთან. მომდევნო თვეში ბორის ჯონსონი ვიზიტით ინდოეთს ეწვევა. ლონდონი, ასევე აპირებს წყნარი ოკეანის ქვეყნების ყოვლისმომცველი პროგრესული პარტნიორობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას. 2018 წელს ამ ორგანიზაციას 11 ქვეყანა შეუერთდა, მოსალოდნელ იყო, რომ ორგანიზაციას აშშ-იც გაწევრიანდებოდა, თუმცა მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგობის გამო ეს არ მოხდა.

ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრისას ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია დაბალანსებული მიდგომის შემოღება. "არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ მომავალში ჩინეთი ბევრ პრობლემას შეუქმნის ღია საზოგადოებებს, ისეთ ქვეყნებს როგორიც ჩვენია",- თქვა ჯონსონმა. ამის მიუხედავად, ლონდონი ეკონომიკის განვითარებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებში ჩინეთთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.

უახლოეს დროში, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ასევე, გეგმავს ახალი ანტი-ტერორისტული და კიბერ უსაფრთხოების ცენტრის შექმნას. ახალ ანტი-ტერორისტული ცენტრის შექმნაზე საუბრისას ჯონსონი გაიხსენა 2018 წელს ქალაქ სოლსბერიში სერგეი სკრიპალის და მისი შვილზე მომხდარი ქიმიური თავდასხმა, რომლის დროსაც, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ასევე, დაგეგმილია უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის შექმნა, რომელიც კრიზისულ ვითარებაში პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მოქმედებაზე.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, კირ სტარმერმა განახლებული სტრატეგიის კომენტირებისას განაცხადა, რომ კონსერვატორების წინა მთავრობების დროს თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა და შესაბამისად თავდაცვითი პოტენციალის აღდგენა ძალიან სუსტი პოზიციიდან იწყება. სტარმერმა გაამახვილა ყურადღება რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე და განაცხადა, რომ კონსერვატორების მთავრობები ამ საკითხზე მუდმივად საუბრობენ, თუმცა ქმედითი ზომები ამ მიმართულებით ამ დრომდე არ მიუღიათ.

მსგავსი სიახლეები