3-4 ოქტომბერს ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც პროტაგონისტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით გარდამტეხი იქნება ქვეყნის საშუალო ვადიანი პერსპექტივისთვის. პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან ბრიუსელში, სადაც არჩევნების შედეგად ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს შემდეგ რიგით მესამე ევრო-სკეპტიკოსი ლიდერის გამოჩენის საფრთხეს ხედავენ.
ჩეხეთში ხელისუფლების ცვლილების შედეგად შესაძლოა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და მორიგი მოწინააღმდეგე გამოუჩნდეს არაერთ საერთო ევროპულ ინიციატივას.
მთავარი ინტრიგა ჩეხური პოლიტიკის მძიმეწონოსან ვეტერანს, 71 წლის ანდრეი ბაბიშს უკავშირდება, რომელსაც აქვს პრემიერობის გამოცდილება - კვლევების მიხედვით ბაბიშის პარტია დამაჯერებლად ლიდერობს.
განმარტებითი ბარათის დღევანდელ ეპიზოდში მოგიყვებით ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ: მთავარ მოთამაშეებზე, შესაძლო კოალიციების შემადგენლობაზე და ხელისუფლების ცვლილების შესაძლო გავლენებზე არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მთელი კონტინენტისთვის.
____________________________________________________________
როგორ მუშაობს სისტემა?
ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. ინდივიდუალური პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-ია; 2 პარტიის ალიანსისთვის 8%; ხოლო 3 ან მეტი პარტიის საარჩევნო ბლოკისთვის 11%.
პარლამენტის ქვედა პალატა 200-კაციანი, სენატი კი სულ 81 ადგილია. მონოუმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ პარლამენტში 101 დეპუტატი უნდა გაიყვანოს.
კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტი ნიშნავს, მას აქვს მთავრობის ფორმირების მანდატის გაცემის ექსკლუზიური უფლება, ასევე შემოთავაზებული ცალკეული მინისტრების თანამდებობაზე არ დამტკიცების საშუალება. პრეზიდენტს მთავრობისგან დამოუკიდებელი ფუნციები და ავტონომია აქვს საგარეო პოლიტიკის საკითხებშიც.
3 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 28 პარტია დარეგისტრირდა, საპარლამენტო არჩევნები ჩეხეთში უჩვეულოდ 2-დღიანია და ყოველთვის პარასკევს და შაბათს დილის საათებში იმართება - არჩევნების პირველადი შედეგები 4 ოქტომბრის საღამოს საათებში გამოცხადდება.
სოციოლოგიური კვლევების მიხედვით მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირების შანსი არცერთ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ გარდაუვალია კოალიციური შეთანხმება და თუ კი სოციოლოგია არ ცდება ახალი სამთავრობო კოალიცია შესაძლოა ყველაზე განსხვავებული და ეკლექტური აღმოჩნდეს ქვეყნის ისტორიაში.
მთავარი მოთამაშეები
ანდრეი ბაბიში (ANO)
ცენტრალური ინტრიგა ჩეხეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ანდრეი ბაბიშის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს უკავშირდება.
ევრო-სკეპტიკური, პოპულისტური მოძრაობა ANO (რედ. დიახ ჩეხურად) ბაბიშმა - რომლის ქონებასაც Bloomberg $4 მილიარდად აფასებს - 2011 წელს დააარსა. სანამ 2017 წელს პრემიერი გახდებოდა ბაბიში ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-პრემირის პოსტებს იკავებდა.
პრემიერის პოსტიდან წასვლა ბაბიშს 2021 წელს იმის მიუხედავად მოუხდა, რომ მისმა პარტიამ პარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატი გაიყვანა - მაშინ ANO-მ კოალიციის ფორმირება ვერ შეძლო. მის ნაცვლად ხელისუფლებაში მოქმედი პრემიერის, პეტრ ფიალას მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია მოვიდა.
2023 წელს ფიალამ ბედი საპრეზიდენტო არჩევნებში სცადა, თუმცა მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან დამარცხდა.
ბაბიშს ბიზნეს ინტერესები აქვს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, თუმცა განსაკუთრებით დიდი მისი გავლენა სოფლის-მეურნეობაში - მის საკუთრებაშია უმსხვილესი ჰოლდინგი აგროფერტი, რომელიც 200-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.
ქვეყანაში დღემდე აქტუალურია ბაბიშის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, მეტიც ადგილობრივი მედიის ცნობით, პრეზიდენტმა პეტრ პაველმა თავის კანცელარიას ამის შესახებ სპეციალური ანგარიშის მომზადება თხოვა. პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქმე, რომელიც "ლაკლაკის ბუდის" სახელით არის ცნობილი და ევროკავშირისგან მიღებული დოტაციების უკანანოდ ათვისების საკითხს ეხება.
თავად პოლიტიკოსი მის წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტის დამტკიცების შემთხვევაში მზად არის უარი თქვას პრემიერის პოსტზე და დეპუტატის მანდატით დაკმაყოფილდეს.
პოლიტიკური კომენტატორების შეფასებით, გასულ წლებში ბაბიშის რიტორიკა უფრო მეტად პოპულისტურია - ამის მანიშნებელია ისიც, რომ ANO ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანისა და მარინ ლე პენის "ევროპელი პატრიოტების" პოლიტიკური ოჯახის წევრია.
ბაბიშის ევროსკეპტიკოსობა ყველაზე მკაფიოდ ე.წ. მწვანე შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩანს, ბაბიში ე.წ. მწვანე ენერგეტიკის სუბსიდირებას და მიგრაციას.
ბაბიში ასევე ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას, მათ შორის ე.წ. ჩეხური სააარტილერიო ჭურვების ინიციატივას, რომელსაც მოგვიანებით დავუბრუნდებით.
პეტრ ფიალა (Spolu)
ბაბიშის მთავარი კონკურენტი მოახლოებულ არჩევნებზე პეტრ ფიალას ალიანსია სახელწოდებით Spolu (რედ. ერთად). აქ შედიან: თავად ფიალას სამოქალაქო დემოკრატების პარტია, მერებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების გაერთიანება Stan და ასევე, პრო-ევროპელი ცენტრისტების Pirates (რედ. მეკობრეები) პარტია.
ფიალა პრემიერის პოსტს 2021 წლიდან იკავებს, მისი მიმავალი მთავრობის მთავარ მიღწევად ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ს 5-დან 2%-მდე შემცირებას მიიჩნევენ, თუმცა სოციოლოგიური კვლვების მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 25% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
სოციოლოგიების ცნობით, რიცხვები მიუთითებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების დაკვეთა არსებობს. საზოგადოებრივი უკმაყოფილების მიზეზი კი მაღალი ინფლაცია, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის კლება და მსგავსი საკითხებია. ყოველი გამოკითხული 10 ადამიანიდან 7 ფიალას მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
ალიანსში შემავალი სამივე პარტია პრო-ევროპულ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევა, რომლებიც ემხრობიან ბლოკში მზარდ ინტეგრაციას, მათ შორის ევროზონაში შესვლას. ალიანსი ქვეყანაში ფისკალური დისციპლინის შენარჩუნებას ემხრობა და მიუთითებს, რომ ბაბიშის პოლიტიკური დაპირებების აღსრულება ჩეხეთს ვალის ორმოში ჩააგდებს.
მემარჯვენე და მემარცხენე ექსტრემისტები
სოციოლოგიური კვლევების სისწორის შემთხვევაში ქვეყანამ შესაძლოა თავის ისტორიაში ყველაზე ფრაგმენტირებული პარლამენტი მიიღოს, რომელშიც ექტრემისტული პოლიტიკური ძალების წონა და გავლენა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ოდესმე.
ალიანსი სახელწოდებით Stačilo (რედ. კმარა!) მემარცხენე ექსტრემისტების მთავარი წარმომადგენელია. აქ შედიან ერთ დროს ძლევამოსილი ჩეხი სოციალ-დემოკრატები და ცენტრალური ევროპის უკანასკნელი არარეფორმირებული კომუნისტური პარტია. გაერთიანება ევროკავშირიდან და ნატოდან გასვლის მომხრეა და ამ საკითხზე რეფერენდუმების ჩატარებას ითხოვენ. ალიანსის პროგრამის ნაწილია საკვანძო ინდუსტრიების სრულ ნაციონალიზაცია.
საპირისპირო იდელოგიური ბანაკიდან მთავარი მოთამაშე ტოკიოში დაბადებული ჩეხი პოლიტიკოსის, ტომიო ოკამურას "პირდაპირი დემოკრატიის პარტიაა" (SPD). გასულ თვეებში SPD-მ სამი შედარებით მცირე პარტია ჩაყლაპა, რომლებიც ასევე ევრო-სკეპტიკური პოზიციებით გამოდიოდნენ.
ოკამურა ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირს და ნატოს და ასევე მწვავედ ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარებას. "SPD-ს მთავარი თეზისი შემდეგნაირად გამოიყურება: ყველაფერში დამნაშავე უკრაინელები არიან"- ამბობს BBC-სთან საუბარში ჟურნალ Reflex-ის მთავარი რედაქტორი, მარტინ ბარტკოვსკი.
კომენტატორი ყურადღებას ამახვილებს ოკამურას ურთიერგამომრიცხავ მტკიცებებზე, რომ უკრაინელების გამო გადაიტვირთავა ჩეხეთის სოციალური სისტემა და ამავდროულად ისინი ართმევენ სამუშაო ადგილებს ჩეხებს.
ქვეყანაში სულ 390 ათასი უკრაინელი დევნილი ცხოვრობს და სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მათი მეშვეობით ქვეყნის ბიუჯეტი 124 მილიონი ევროთი გაიზარდა - სწორედ ამდენია სხვაობა უმუშევარ დევნილებზე გაცემული შემწეობასა და მომუშავე დევნილების მიერ გადახდილ გადასახადებს შორის.
ამ და სხვა წინააღმდეგობების მიუხედავად, ოკამურას პარტიის რეიტინგი სტაბილურად მზარდია.
აქვეა, ე.წ. ავტომობილისტების პარტია Motoristé sobě, რომელიც საწვავზე და ზოგადად ენერგიაზე ფასების შემცირებას ითხოვს, ეწინააღდეგება მწვანე პოლიტიკას და ითხოვს შიდა წვის ძრავის ტექნოლოგიის შენარჩუნებას.
რიცხვები და შესაძლო კოალიციები
კვლევების მიხედვით პარტიების მხარდაჭერის რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
მაღალი ალბათობით, პარლამენტში 7 პარტია შევა. კვლევებიდან ჩანს, რომ ცალკეული პარტიის მიერ მთავრობის კოალიციის ფორმირების შანსი მინიმალურია - პირველ ადგილზე მყოფი ANO-მ პარლამენში მაქსიმუმ 75-მდე დეპუტატი გაიყვანოს, მთავრობის დასამტკიცებლად კი 101 მანდატია საჭირო.
ასევე შესაძლებელია, ე.წ. უმცირესობის მთავრობის ფორმირება, რომელიც სიტუაციურ ალიანსებს დაემყარება, ასეთი შემთხვევა ჩეხეთის ისტორიაში უკვე არაერთხელ ყოფილა, მათ შორის უმცირესობის მთავრობა ბაბიშის 2017 წლის კაბინეტი.
არაერთი კომენტატორი მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის არსებულ ურთიერთობების გათვალისწინებით არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ქაოსის მზარდ რისკზე მიუთითებს. პეტრ ფიალამ კატეგორიულად გამორიცხა ბაბიშთან კოალიციური თანხმობის შესაძლებლობა. არანაკლებ კატეგორიული იყო თავად ბაბიშიც, რომლის თქმითაც "ფიალას გუნდთან თანამშრომლობაზე ფიქრიც კი მასშში გულისრევის შეგრძნებას იწვევს."
აქედან გამომდინარე, რბოლის ლიდერს პრემიერის პოსტის გამო სერიოზულ დათმობებზე მოუწევს წასვლა, მათ შორის ექსტრემისტულ პარტიებთან. თავის მხრივ ეს ბაბიშისთვის პირველი მსგავსი გამოცდილება არ იქნება - 2018 წელს მისი უმცირესობის მთავრობა სოციალ-დემოკრატებთან ალიანსით და კომუნისტების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ეს იყო პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კომუნისტები მთავრობის საქმიანობაში მონაწილეობდნენ.
ამგვარი ეგზოტიკური ალიანსის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: ANO, SPD და Stačilo - ეს კონფიგურანცია რბილად რომ ვთქვათ ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ კომენტატორების შეფასებით არ არის შეუძლებელი.
ასევე არ არის გამორიცხული SPD-სა და ANO-ს 2-პარტიული სამთავრობო კოალიციაც. ასეთი კაბინეტი ქვეყანას საგრძნობლად მარჯვნივ წაწევდა, თუმცა არსებული პროექციების აბსოლიტური უმრავლესობა მიუთითებს, რომ 2 პარტია ვერ შეძლებს საჭირო 101 დეპუტატის გაყვანას. გარდა ამისა, ჩეხურ მედიაში აქტიურად იწერება ბაბიშსა და ოკამურას შორის უსიამოვნო ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.
ამ სცენარში ბაბიშისთვის ყველაზე ხელსაყრელი "ავტომობილისტების" დამატება იქნებოდა, თუმცა პრობლემა ის არის, რომ პარტიის მხარდაჭერა 5%-ის ფარგლებში მერყეობს და არსებობს არატრივიალური რისკი, რომ ბარიერს მიღმა დარჩება.
შესაძლო პოლიტიკური ჩიხიდან ერთ-ერთ შესაძლო გამოსავალად პოლიტოლოგები ფიალას ალიანსის დაშლას ასახელებენ - "ფიალას ალიანსის პრაგმატულმა წევრებმა შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ მზად არიან ბაბიშთან თანამშრომლობისთვის"- ამბობს პოლიტოლოგი, ირჟი პეგე.
ფიალას პარტნიორებთან კერძოდ კი "მერებთან" და "მეკობრეებთან" ბაბიშის კოალიციას სრულიად შესაძლებლად მიიჩნევს მისი ყოფილი მთავარი პოლიტიკური კონსულტანტი, მარეკ პრხალი. "ეს დროის საკითხია, ის რაც მიუღებელია ოქტომბერში, არავის აღალვებს დეკემბერში, როდესაც მთავრობის თავმჯდომარეს აირჩევენ"- ამბობს პრხალი.
პროექციები აჩვენებს, რომ მხარდაჭერის საგრძნობი ზრდის გარეშე შეუძლებელი იქნება არსებული პოლიტიკური კოალიციის შენარჩუნება ფიალას სამოქალაქო დემოკრატების, Stan-ისა და "მეკობრეების" მონაწილეობით.
საფრთხე უკრაინისთვის
ჩეხეთში ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევები კიევისთვის უარყოფით და განგრძობად ტენდეციაზე მეტყველებს, რომლის ფარგლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სულ უფრო პოპულარულები არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინის დახმარების გაგრძელებას.
თუმცა იმავე უნგრეთისა და სლოვაკეთისგან განსხვავებით, ჩეხეთის მთავრობაში სკეპტიკური ძალის მოსვლას კიევისთვის შესაძლოა უფრო მასშტაბური და მყისიერი უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, მათ შორის თავდაცვისუნარიანობაზე.
საუბარია, ე.წ. ჩეხურ ინიციატივაზე, რომელიც პრეზიდენტმა პეტრ პაველმა 2024 წლის დასაწყისში გააჟღერა - ამ დროს კონტრიერიშის ჩავარდნის შემდეგ უკრაინული არმია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხოლო კონგრესში გაჭედილი დახმარების ახალი პაკეტის ფონზე ZSU-ს საარტილერიო ჭურვების უმძიმესი დეფიციტის პირობებში იბრძოდა.
ინიციატივა ნატოს ქვეყნების დაფინანსებით მთელ მსოფლიოში უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მოძიებას გულისხმობს - ამ კუთხით ცენტრალური ფუნქცია შეიარაღების მწარმოებელ ჩეხური კომპანიებს ეკისრებათ, რომლებსაც ძველი კავშირები აქვთ თავიანთ უცხოელ პარტნიორებთან. ინიციატივის შესახებ საჯაროდ ცოტა რამ არის ცნობილი, ამის მიზეზი ის არის, რომ ჩეხები ერიდებიან კონკრეტული შეთანხმებების გასაჯაროვებას, რათა რუსეთმა არ მიიღოს მომწოდებელ ქვეყნებსა და კომპანიებზე ზეწოლის ბერკეტი.
ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დირექტორის, ალეს ვიტეცკა ამბობს, რომ გასული თითქმის 2 წლის განმავლობაში უკრაინამ ინიციატივის ფარგლებში 2.4 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიიღო.
ევროკავშირში ჭურვების წარმოების მაჩვენებელი იზრდება და მიმდინარე წელს 2 მილიონს გადააჭარბებს, მაგრამ ამ მოცულობის სრულად უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაშიც კი ეს მხოლოდ 4 თვის სამყოფია. აქედან გამომდინარე, სამხედრო ექსპერტების აზრით, ჩეხური ინიციატივის გაგრძელებას უკრაინული ფრონტის შენარჩუნებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩეხეთის დანახარჯი პროგრამაში არ არის მაღალი (44 მილიონი ევრო), ინიციატივამ ოპოზიციონერების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ანდრეი ბაბიშმა რამდენიმეჯერ გააკრიტიკა ინიციატივა, მათ შორის შეთანხმებების გაუმჭვირვალობის გამო და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეწყვეტს ან პროგრამის მართვას ნატოს გადააბარებს.
New York Times-ის წყაროების ცნობით, ინიციატივაში ჩართული ქვეყნები მზად არიან გააგრძელონ დაფინანსება, თუმცა მოსალოდნელია პროგრამის ნატოს დაქვემდებარებაში გადაცემა გაზრდის მიმართ ყურადღებას, რაც პრობლემური იქნება როგორც ჩეხური კომპანიებისთვის, ასევე მათი მომწოდებლებისთვის.