რას წარმოადგენს ოკუპანტების იზიუმის დაჯგუფება და რას ნიშნავს მისი განადგურება

ბოლო 5 დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს 3 ათასი კვადრატული კილომეტრი - ეს უფრო მეტია ვიდრე რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ტერიტორიები აპრილის შემდეგ. 

უკრაინის არმიის მიერ წამოწყებული კონტრიერიში ხარკოვის ობლასტში ქალაქ იზიუმის ირგვლივაა კონცენტრირებული და მიზნად სწორედ ოკუპანტების იზიუმის დაჯგუფებას განეიტრალებას ისახავს. 

ამ კუთხით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რას წარმოადგენს ოკუპანტების დაჯგუფება ქალაქ იზიუმში, რა სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა მას და რას ნიშნავს ამ დაჯგუფების განადგურება. 

რას წარმოადგენს იზიუმის დაჯგუფება?

ბოლო ცნობებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე შევიდნენ ქალაქ იზიუმში, ხოლო ოკუპანტები ნაჩქარევად და არაორგანიზებულად ცდილობენ უკან დახევას. 

ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, "თუ კი უკრაინელებს ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ ქალაქი ამას მომდევნო 48 საათის განმავლობაში გააკეთებენ". 

ამგვარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქის ბედი უახლოეს მომავალში უკვე გადაწყვეტილია. 

იზიუმი უკრაინაში შეჭრის მომენტიდან ოკუპანტების დარტყმის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება იყო. ომის პირველი დღიდან ქალაქზე გამანადგურებელი სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები არ წყდებოდა. 

ომის პირველ ფაზაში ქალაქი მძიმედ დაზიანდა - მისი დაკავება ოკუპანტებმა აპრილის დასაწყისში შეძლეს, რის შემდეგაც ქალაქი იზიუმი და მისი შემოგარენი ოკუპანტების ერთ-ერთი უმსხვილესი დაჯგუფების დისლოკაციის ადგილი გახდა. 

ომის პირველ ეტაპზე იზიუმში მდებარე დაჯგუფებას ძირითადად დამხმარე როლი ჰქონდა - აქ მყოფი სამხედრო ნაწილების მთავარი ამოცანა იყო სამხრეთიდან მოეჭრა ხარკოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე ბრძოლისუნარიანი დაჯგუფებების წვდომის არეალიდან. 

ამ ოპერაციის მიზანი საბოლოოდ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის სრული ოკუპაცია იყო, რაც ჩრდილოეთ წამოსულ სამხედრო ნაწილებს უნდა გაეკეთებინათ. 

მას შემდეგ რაც ნათელი გახდა, რომ ხარკოვის ოკუპირება რუსულ არმიას უბრალოდ არ შეეძლო იზიუმის დაჯგუფება დონბასზე დაწყებული დიდი იერიშისთვის გამოიყენებოდა. 

გასულ ზაფხულს განვითარებული უმძიმესი პოზიციური ბრძოლების შემდეგ, ოკუაპანტებმა მოახერხეს უკრაინის თავდაცვის ხაზის მცირედით უკან გადაწევა, თუმცა განსაკუთრებული წარმატებები იზიუმის დაჯგუფებას არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, იზიუმის დაჯგუფება კრიტიკულად ართულებდა ამ რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებას. 

იზიუმის დაჯგუფება დასავლეთიდან და სამხრეთიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებით იყო გარშემორტყმული, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ოსკოლის წყალსაცავით. 

შესაბამისად იზიუმის მომარაგების ერთადერთი უსაფრთხო ხაზი ქალაქ კუპიანსკში მდებარე სარკინიგზო კვანძზე გადიოდა. ბოლო მონაცემებით კუპიანსკის დასავლეთ ნაწილს უკვე სრულად აკონტროლებენ უკრაინელები, ხოლო ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის გათავისუფლებაც უახლოესი საათების საქმეა. 

იზიუმის დაჯგუფების მომარაგება ამ დრომდე შემდეგნაირად ხორციელდებოდა - რუსეთის სხვადასხვა წერტილებიდან შეიარაღებით დატვირთული სარკინიგზო ეშელონები, ვალუიკი-კუპიანსკის სარკინიგზო კვანძის გავლით, შეფერხების გარეშე ჩადიოდა კუპიანსკში, ხოლო იქიდან ავტ ტრანსპორტის მეშვეობით და უსაფრთხო მაგისტრალის გამოყენებით მიდიოდა იზიუმის დაჯგუფებამდე. 

ბოლო 5 დღის განმავლობაში განვითარებული იერიშის შემდეგ იზიუმის მომარაგების უსაფრთხო ხაზი აღარ არსებობს - გარნიზონი კი ოპერატიულ ალყაში მოექცა. ამ ფონზე რუსები იზიუმიდან ნაჩქარევად გარბიან. 

რას მოასწავებს იზიუმის გათავისუფლება? 

უკრაინის იერიშის ფონზე, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა იზიუმის მიმართულებით რეზერვების გადასროლის შესახებ იტყობინებოდა. ამ რეზერვების მთავარი ამოცანა იყო ნებისმიერ ფასად შეეჩერებინათ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა. ოკუპანტებმა აღნიშნულ მიზანს ვერ მიაღწიეს. 

იზიუმის დაჯგუფება ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი დაჯგუფებაა და მუდმივი მწყობრი და შეუფერხებელი მომარაგების გარეშე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების წარმოება თანაც საარტილერიო ომის პირობებში უბრალოდ შეუძლებელია. 

რუსებმა შესაძლოა სცადონ იზიუმის დაჯგუფების საჰაერო გზით მომარაგება მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. ავღანეთისა და ჩეჩნეთის ორივე ომმა აჩვენა, რომ საჰაერო მომარაგება სრულყოფილად ვერ ჩაანაცვლებს სახმელეთო მომარაგების ხაზს. ამასთანავე მძიმე ვერტმფრენები, რომლებიც ამ ამოცანის შესასრულებლად არის საჭირო აფრენისა და დაშვების მომენტში უკიდურესად მოწყვლადია. 

შექმნილ ვითარებაში ოკუპანტებს იზიუმის დაჯგუფების მომარაგების მხოლოდ ერთადერთი გზა რჩებათ - ლუჰანსკის ობლასტიდან, მაგრამ ამის გაკეთება მათ მხოლოდ მეორეული და გრუნტის გზებით, ტყეების გავლით და უკრაინული ცეცხლის ქვეშ შეუძლიათ, თუმცა უკან დახევაც რუსებს სწორედ ამ პირობებში მოუწევთ. 

მსგავსი სიახლეები