რუსეთის 58-ე არმიის მეთაური: მოღალატეობრივად და ვერაგულად მომიშორეს

რუსეთის 58-ე არმიის მეთაური, გენერალ-მაიორმა ივან პოპოვმა თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ აუდიო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ამ გადაწყვეტილებას მოღალატეობრივ ნაბიჯს უწოდებს. 

პოპოვი ზაპორიჟიიის ფრონტზე განლაგებულ რუსეთის 58-ე არმიას მეთაურობდა. ბოლო დღეების განმავლობაში, მისი გადადგომის შესახებ, ცნობები,  Z-ბლოგერების წრეებში აქტიურად ვრცელდებოდა.

მოგვიანებით, გავრცელდა პოპოვის აუდიო მიმართვაც, სადაც ის, მისი გადაყენების გარემოებებზე საუბრობს. პოპოვის თქმით, მას თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან გარკვეული სირთულეები შეექმნა. 

"მე უნდა გავჩუმებულიყავი ან უნდა მეთქვა ის, რისი გაგონებაც მათ სურდათ, ან ყველაფრისთვის თავისი სახელი უნდა დამერქმია,"- ამბობს პოპოვი. 

გენერალ-მაიორის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას, ფრონტზე არსებული მწვავე პრობლემები გააცნო. პრობლემებს შორის პოპოვი კონტრ-ბატარეული სისტემებისა და საარტილერიო დაზვერვის სისტემების ნაკლებობას და ჯარისკაცების მასობრივ სიკვდილს და დაზიანებას ასახელებს.

"მე ეს პრობლემები უმაღლეს დონეზე გამოვთქვი, ძალიან გულწრფელად და მაქსიმალურად უხეშად. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე, უფროსებმა ჩემგან რაღაც ხიფათი იგრძნეს, მათ ერთი დღეში შეთითხნეს თავდაცვის მინისტრის ბრძანება და მე მომიშორეს,"- ამბობს პოპოვი.

პოპოვი არ ასახელებს კონკრეტულ სამხედრო ხელმძღვანელებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ გენერალ-მაიორი, რუსეთის გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს გულისხმობს. 

გასულ დღეებში, რუსულ ტელეგრამ არხებში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პოპოვმა გერასიმოვთან ქვედანაყოფების როტაციის პრობლემა წამოჭრა და ამასთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა. ამ ცნობების თანახმად, გერასიმოვმა პოპოვი პანიკიორობაში დაადანაშაულა, რის პასუხადაც პოპოვმა განაცხადა, რომ ყველაფერს უმაღლეს მთავარსარდალს მოახსენებდა. სწორედ ამას მოჰყვა პოპოვის გათავისუფლება. 

"ჩვენ ზურგიდან დაგვარტყა ჩვენმა უფროსმა ხელმძღვანელმა, რომელმაც მოღალატეობრივად და ვერაგულად, ყველაზე რთულ მომენტში, უმეთაუროდ დატოვა არმიამ"- დაიჩივლა გენერალმა პოპოვი. 

აუდიო მასალაში, პოპოვი, რომელსაც პროფესიულ წრეებში "გლადიატორის" მეტსახელით იცნობენ, საკუთარ ჯარისკაცებს მიმართავს და მოუწოდებს, გააგრძელონ ბრძოლა მოკლული თანამებრძოლების ხსოვნისთვის. გენერალ-მაიორის თქმით, ის ამ დრომდე ელოდება თავდაცვის სამინისტროს შემოთავაზებას, მის შემდგომ სამსახურთან დაკავშირებით. 

მოგვიანებით, პოპოვის აუდიო მიმართვა საკუთარ ტელეგრამ არხზე განათავსა დუმის დეპუტატმა და ამავე არმიის ყოფილმა მეთაურმა, ანდრეი გურულიოვმა. თავის მხრივ, გურულიოვი პოლიტიკური სკანდალის გაღვივებაში დაადანაშაულა მისმა პარტიულმა ხელმძღვანელმა, ანდრეი ტურჩაკმა. 

ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში, პოპოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა, რომ ზაპორიჟიაში წარმატებული თავდაცვითი კამპანიის შესახებ. პოპოვი ამბობდა, რომ ზაპორიჟიაში რუსეთის ზღუდეები მიუდგომელი და მყარია. 

მსგავსი სიახლეები