ვენესუელას მომენტი - მთავარი გამოწვევა და შესაძლებლობა მარკო რუბიოს კარიერაში

3 იანვარს, ნიკოლას მადუროს დაპატიმრების წარმატებული ოპერაციის მომენტიდან მარკო რუბიო თავის 28-წლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მთავარი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

გამოწვევის, რომლის წარუმატებლობამაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს მის პერსონალურ პერსპექტივას, მაგრამ ასევე გამოწვევის, რომლის წარმატებით დაძლევა რუბიოს პოლიტიკური მემკვიდრეობის განმსაზღვრელი მომენტი და საპრეზიდენტო რბოლაში შესასვლელად იდეალური ტრამპლინი იქნება, რომლის ამბიციებიც დასავლური მედიის ცნობით, მას ჯერ კიდევ გააჩნია. 

ვითარების არსი: რუბიო არამხოლოდ მონაწილეობდა იმ გეგმის შემუშავებაში, რომელიც ამ მომენტისთვის ნიკოლას მადუროს დაპატიმრებით დასრულდა, არამედ სწორედ ის არის პასუხისმგებელი, რომ პრეზიდენტ ტრამპის ეს სარისკო ნაბიჯი არ გადაიზარდოს ქაოსში. 

  • ამ მომენტისთვის შეერთებული შტატები აკონტროლებს მსოფლიოში უმსხვილესი სანავთობო რეზერვების ქვეყანას, ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გლობალურ სტაბილურობას და კიდევ უფრო მეტად დაძაბოს ურთიერთობები ჩინეთთან ვენესუელური ნავთობის მთავარ მყიდველთან.
     
  • დანარჩენი მსოფლიო კი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს, ხომ არ გაიზიარებს ვენესუელა ბოლო ქვეყნის ბედს, სადაც ამერიკამ რეჟიმი შეცვალა - ერაყის, რომელიც მალევე გადაეშვა მძიმე სექტარიანული სამოქალაქო ომის მორევში. 

დიდი სურათი: რუბიოს ბიოგრაფია მჭიდროდ გადაჯაჭვულია დონალდ ტრამპის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ცოლთან ერთად დაეპატიმრებინა ნიკოლას მადურო და გადაეცა ისინი ამერიკული მართლმსაჯულებისთვის.

  • მაიამის ანტი-კომუნისტურად განწყობილი კუბელი ემიგრანტების თემში დაბადებულმა 54 წლის რუბიომ თავისი პოლიტიკური კარიერა ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილ ლათინო-ამერიკელ სოციალისტ დიქტატორებთან კონფრონტაციაზე ააგო. 

  • რუბიოს პოლიტიკური ბექგრაუნდი დაემთხვა დონალდ ტრამპის პერსონალურ ხედვას, რომელსაც რეგიონში ამერიკის გავლენის გავრცელება და ნახევარსფეროში სრული დომინაცია სურს. 

ჩაშლილად: "რუბიო იცნობს რეგიონს, იცის რეგიონული პოლიტიკა, ესპანური პრაქტიკულად მისი პირველი, მშობლიური ენაა. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც აირჩია ის პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივნად და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად"- ამბობს Axios-სთან საუბარში თეთრი სახლის მაღალჩინოსანი. 

  • ესპანურის ცოდნა რუბიომ გასულ შაბათს გამოავლინა - სწორედ ის გახდა პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელიც ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტს, დელსი როდრიგეზს ესაუბრა. 

  • თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, რუბიოსა და როდრიგეზის სატელეფონო საუბრებმა შესაძლოა ყოვლედღიური ხასიათი მიიღოს, სანამ პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, თუ როგორ იმოქმედოს ვენესუელასთან მიმართებით. 

  • "ამ საკითხით საკმაოდ პატარა ჯგუფი იქნება დაკავებული რუბიოს მეთაურობით და პრეზიდენტის აქტიური ჩართულობით"- ამბობს წყარო. 

ინტრიგა: როდრიგეზის და რუბიოს საუბარს მოგვიანებით ტრამპმა "მეგობრული და კონსტრუქციული" უწოდა, თუმცა აქედან ცოტა ხანში გავრცელდა როდრიგეზის მიმართვა, რომელშიც ის გმობდა" ამერიკულ იმპერიალიზმს" და მადუროს კანონიერ პრეზიდენტს უწოდებდა. 

  • თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები როდრიგეზის გამოსვლას შიდა აუდიტორიაზე გათვლილ გზავნილს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს მას სჭირდება "ჩავისტების" სხვადასხვა ფრაქციებზე კონტროლის შესანარჩუნებლად. 

  • ამ ფრაქციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა შინაგან საქმეთა მინისტრი, დიოსდადო კაბელოა, რომლის წინააღმდეგაც პირველი საქმე აშშ-ში 2017 წელს, მარკო რუბიოს მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით აღიძრა. 

  • ამ დროს რუბიო ჯერ კიდევ სენატორი იყო, თუმცა მიიჩნეოდა, რომ სწორედ ის იყო ტრამპის საკვანძო მრჩეველი ლათინო-ამერიკული ქვეყნების პოლიტიკაზე. 

  • დიოსდადო კაბელოს ბრალი 3 იანვარს მადუროს დაპატიმრების შემდეგ დაუმძიმეს -  რუბიო არ გამორიცხავს მის დაპატიმრებასაც. 

სტრიქონებს შორის: თავად ფაქტი, რომ დიოსდადო კაბელო, დელსი როდრიგეზი, მისი ძმა ხორხე და თავდაცვის მინისტრი, ვლადიმირ პადრინო ლოპეზი ჯერჯერობით არ დაუპატიმრებიათ იმაზე მეტყველებს, რომ ტრამპსა და რუბიოს სურთ შეინარჩუნონ ქმედუნარიანი მთავრობა კარაკასში. 

  • ეს მკვეთრად განსხვავდება ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიდგომისგან, რომელმაც ერაყის პოლიტიკური ტრანსფორმაცია სადამის ბიუროკრატიის მასობრივი დათხოვნით დაიწყო. 

  • "ეს არ არის დე-ბაასიფიკაცია, ჩვენ ვმოქმედებთ მეთოდურად და კონკრეტული განზრახვით"- ამბობს რუბიო. 

რასთან გვაქვს საქმე: ტრამპი და რუბიო ვენესუელას კუბის რეჟიმის მთავარ მაცოცხლებელ წყაროდ მიიჩნევენ - წლების განმავლობაში დაზვერვასა და სპეცსამსახურების საქმიანობის გამართვის სანაცვლოდ ჰავანა კარაკასისგან უფასო ნავთობს იღებდა. 

  • "ვენესუელას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ უნდა გამოაცხადონ დამოუკიდებლობა კუბისგან, რომელიც პრაქტიკულად ცდილობს ქვეყნის კოლონიზაციას"- ამბობს რუბიო. 

  • ამავე პრესკონფერენციაზე რუბიომ დასძინა, რომ მადუროს დაპატიმრების შემდეგ კუბის მთავრობის წევრების ადგილას "შფოთვას დაიწყებდა." 

  • კუბის რეჟიმის წინააღმდეგ მწვავე გამოსვლები რუბიომ ჯერ კიდევ იმ დროს დაიწყო, როდესაც დასავლეთ მაიამის კომისარის პოსტს იკავებდა, კუბაზე ფოკუსი შეინარჩუნა შტატის კონგრესმენობის და სენატორობის დროსაც. 

წინარეისტორია: ვენესუელაში რეჟიმის ცვლილება ტრამპისთვის ახალი იდეა არ არის, ამ საკითხის მიმართ ტრამპი ყურადღება თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის საწყისი პერიოდიდან იჩენდა. 

  • 2017 წელს რუბიოს ინიციატივით დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერის, ლეოპოლდო ლოპეზის მეუღლეს შეხვდა. 

  • უკვე 2019 წელს, რუბიოს რჩევით ტრამპი პირველი ლიდერი გახდა, რომელმაც ვენესუელას ლეგიტიმურ ლიდერად, მადუროს მთავარი მოწინააღმდეგე, ხუან გუაიდო აღიარა. 

  • ამერიკული პრესის ცნობით, ამ პერიოდში ტრამპი რეჟიმის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების შესაძლებლობას განიხილავდა, თუმცა რუბიომ დაარწმუნა, რომ იმ მომენტისთვის ამერიკას არ ჰყავდა საკმარისად მოცულობითი სამხედრო დაჯგუფება მობილიზებული ეფექტური დარტყმებისთვის.

ვითარება წელს შეიცვალა, როდესაც ტრამპმა თავის სახელმწიფო მდივნად რუბიო დაასეხალა და ვენესუელას პორტფელიც ჩააბარა. 

  • რუბიო ტრამპის მეორე ადმინისტრაციაში ლათინური-ამერიკის მთავარ მცოდნედ მიიჩნევა - სწორედ ის ხელმძღვანელობდა აღმასრულებელ ჯგუფს, რომელშიც თეთრი სახლის უფროსის მოადგილე, სტივენ მილერი, გაერთიანებული შტატების მეთაური, დენ კეინი, პენტაგონის შეფი, პიტ ჰეგსეთი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი შედიოდნენ. 

  • სწორედ ეს შემადგენლობა გამოჩნდა დონალდ ტრამპის პირველ პრესკონფერენციაზე მადუროს დაპატიმრების შემდეგ. 

რა არის მნიშვნელოვანი: Axios-ის წყაროების ცნობით, ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ მომდევნო თვეებში შესაძლოა "გარკვეული პრობლემები" წარმოიქმნას, მაგრამ ზოგადად დარწმუნებულები არიან, რომ 1989 წელს პანამის დიქტატორ ნორიეგას დამხობის მსგავსად ვენესუელას ოპერაციაც წარმატებული იქნება. 

  • ვენესუელა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისშია, ასევე არსებობს ძალადობრივი პარამილიტარისტული დაჯგუფებები და ჯერ კიდევ რთული სათქმელია თუ როდის შეიძლება გაიმართოს ახალი არჩევნები. 

  • ამ თვალსაზრისით ვენესუელას ოპოზიციურ წრეების შფოთვა გამოიწვია ტრამპის კომენტარმა აშშ-ს მიერ ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარებულ მარია კორინა მაჩადოზე - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, მას არ აქვს საკმარისი ლეგიტიმაცია და ავტორიტეტი, რომ სათავეში ჩაუდგეს ქვეყანას. 

  • 9 იანვარს Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ მაჩადოს მომდევნო კვირას შეხვდება. 

კონტექსტი: ამ მომენტისთვის, ტრამპისა და რუბიოს ოპონენტებს, 3 იანვარს ჩატარებული ეფექტური ოპერაციის ფონზე ბევრი არაფერი აქვთ საკრიტიკო, გარდა იმისა, რომ მადუროს დაპატიმრებით, აშშ-მ საერთაშორისო სამართალი დაარღვია. 

  • ვიწრო გაგებით ოპერაციის წარმატების მიუხედავად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად გაართმევს ტრამპის ადმინისტრაცია თავს პოსტ-მადუროს ვენესუელას პოლიტიკურ გარდაქმნას და ხომ არ შეიქმნება ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნის აუცილებლობა. 

  • ამ ყველაფერს კი თავის მხრივ დიდი გავლენა 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება. 

  • "ტრამპისთვის ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად გამოიყურება, ხოლო თუ ოპერაცია საბოლოოდ ჩაფლავდება ეს რუბიოს დაბრალდება"- ამბობს Axios-სთან საუბარში ხუან გონზალეზი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციაში მადუროსთან მოლაპარაკებების ჯგუფს ხელმძღვანელობდა.  

მსგავსი სიახლეები