WSJ: რუსეთმა უკრაინაში სახმელეთო არმიის 87% დაკარგა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთმა ომამდელი სახმელეთო არმიის 87% დაკარგა, მათ შორის საუბარია ასი ათასობით ჯარისკაცზე და ათასობით ტანკსა და სხვა ტიპის შეიარაღებაზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal აშშ-ს დაზვერვის მიერ მომზადებულ საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფონზე კონგრესის წევრებს გააცნეს. 

კონგრესში გაზეთის წყაროს ცნობით, რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგები ბოლო მონაცემებით 315 ათასს შეადგენს - საუბარია მოკლულების, დაჭრილებისა და დაკარგულების ჯამურ რიცხვზე. გაზეთის შეფასებით ომამდე რუსეთის არმიის საბრძოლო დანაყოფებში სულ 360 ათასი ჯარისკაცი ირიცხებოდა, ამგვარად უკრაინაში განცდილი დანაკარგები ცოხალი ძალის 87%-ს შეადგენს. 

ამავე წყაროს ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში სატანკო პარკის 2/3 დაკარგა - საუბარია ჯამურად 2 200 ტანკზე, ომის დაწყების მომენტში რუსეთის არმიის განკარგულებაში 3 500 ტანკი იყო. 

კონტექსტი 

18 აგვისტოს აშშ-ს დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით New York Times წერდა, რომ რუსეთის დანაკარგებმა 300 ათასს გადააჭარბა, აქედან 120 ათასი მოკლულია. 

იმავე შეფასებით უკრაინის დანაკარგები 180 ათასის ფარგლებში მერყეობდა - 70 ათასი მოკლული და 110 ათასი დაჭრილი. მოსალოდნელია, რომ კონტრიერიშის ფარგელბში უკრაინის დანაკარგები შესამჩნევად გაიზრდებოდა, თუმცა ოფიციალური რიცხვები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. 

მსგავსი სიახლეები