-

სტატია გამოქვეყნდა Le Monde-ში.

ბრძოლის დაწყებიდან სამ თვეში დასავლეთის დიდი ქვეყნები მაღალი ინტენსივობის კონფლიქტიდან არაერთი გაკვეთილის გამოტანას იწყებენ.

24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული თავდასხმის შემდეგ დასავლელი ექსპერტები და დიდი სახელმწიფოები კონფლიქტის ევოლუციას დღითიდღე აკვირდებიან, როგორც ტრადიციული არხების - როგორიცაა დაზვერვა და სატელიტური სურათები, ისე არაერთი ღია წყაროს გამოყენებით - როგორიცაა სოციალური ქსელები.

ბრძოლის დაწყებიდან სამ თვეში მაღალი ინტენსივობის კონფლიქტიდან არაერთი გაკვეთილის გამოტანა შეიძლება, რაც მოიცავს სახელმწიფოს იმდენად მნიშვნელოვან საშუალებებს, როგორიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გამოყენებულა.

ასიმეტრია რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის - შედარებითი ფაქტი

ველზე განლაგებული რუსული და უკრაინული ძალების ანგარიშების ანალიზის შედეგად, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ გავრცელებული აზრისა და კიევის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საპირისპიროდ, უკრაინული ძალები რუსებს დიდად სულაც არ ჩამოუვარდებიან.

ერთ-ერთი ფრანგული სამხედრო წყაროს თანახმად, ადამიანური თვალსაზრისით, „ძალები საკმაოდ დაბალანსებულია“. შეფასებათა უმეტესობის თანახმად, 145 ათასი მოქმედი უკრაინელი ჯარისკაცის პირისპირ, რუსებმა ომის დაწყების შემდეგ მხოლოდ 160 ათასი ადამიანი გადასხეს. ეს მოქმედი ფრანგული ჯარის 80% გამოდის, თუმცა ახლოსაც არაა იმ თეორიულ რესურსამდე, რაც მოსკოვს გააჩნია: დაახლოებით 280 ათასი მიწის ჯარისკაცი, რასაც ემატება 50 ათასი პარაშუტისტი და 15 ათასიანი საზღვაო არმია.

ამასთან ერთად, უკრაინელების განკარგულებაში 240 ათას კაციანი რეზერვია (რომელსაც ტერიტორიული თავდაცვის ძალებს უწოდებენ), რომლის მობილიზაციაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ ძალიან სწრაფად მოხერხდა.

„რუსები არ ელოდნენ უკრაინული რეზერვის რეაქტიულობას. სწორედ მათმა სწრაფმა მობილიზაციამ აღკვეთა კიევის დაცემა, რამდენადაც რეგულარული ჯარების ბირთვი დონბასში იყო გადასხმული. თუმცა, მათი ნაკლებობაა სამხრეთით, ყირიმიდან შესული ჯარების წინააღმდეგ“, - ჰყვება ლეო პერია-პენე, საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტის (IFRI) მკვლევარი.

უკრაინას ასევე შეუძლია რამდენიმე ათას უცხოელ მოხალისეს (ლეგიონერებს) დაეყრდნოს. თუმცა დაპირისპირება ბევრად ასიმეტრიულია მატერიალური თვალსაზრისით - უკრაინელებს არ გააჩნდათ ისეთი ავიაცია, ფლოტი, ტანკები ან ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც მოსკოვისას შეედრებოდა.

კომუნიკაცია მსხვერპლის შესახებ - მგრძნობიარე საკითხი

ეს კონფლიქტის პირველი სამი თვის ერთ-ერთი შავი ხვრელია. რამდენადაც რუსების მხარეს დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ ბევრი შეფასებაა, უკრაინული ჯარების მდგომარეობის შესახებ კი თითქმის არავითარი ინფორმაცია არ მოიპოვება. ომის რეალობას ნაწილობრივ დასავლური ბანაკი ნიღბავს, რომელსაც არავითარი ინტერესი არ გააჩნია, ჯარის შემართებას ავნოს ან რუსებს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს.

ზოგიერთი დასავლური წყაროს თანახმად, ასეთი გასაიდუმლოება კიევის მხრიდან ინფორმაციის დანაწევრების შედეგიცაა, რისი ორგანიზებაც ველზე მიმდინარე ინფორმაციული ომის ნაწილია და თავიდანვე მოსალოდნელი იყო. Le Monde-ის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა, თავისი ჯარების მდგომარეობის შესახებ, მოკავშირეებსაც კი ნაწილობრივ ინფორმაციას აძლევს.

ფრანგული სამხედრო წყაროების მიხედვით, უკრაინელთა მხარეს მინიმუმ 15 ათასი კაცია დაღუპული, რაც დაახლოებით იგივეა, რაც რუსების მხარეს. მართალია, ორივე ბანაკისთვის ეს კოლოსალური დანაკარგია, თუმცა ის შეესაბამება მოქმედი ჯარების მასშტაბს: დაახლოებით 145 ათასი სამხედრო უკრაინის მხარეს და 160 ათასი რუსულ მხარეს.

16 მაისს, ბრიუსელში შეხვედრისას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღიარა, რომ კიევის არმია ამჟამად დონბასში დღეში 60-100 ჯარისკაცს კარგავს, რასაც უნდა დავუმატოთ საშუალოდ 400 დაჭრილი. გარდაცვლილებს შორის უკრაინელები, რუსების მსგავსად, მინიმუმ ოც გენერალსა და დიდი შენაერთების მეთაურებს გლოვობენ. შედარებისთვის, საბჭოთა არმიამ ავღანეთის ომში 15 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, რამაც მთელ ქვეყანას ტრავმა მიაყენა და მოსკოვს თამაშიდან გასვლა აიძულა. თუმცა ის ომი ათ წელიწადს გაგრძელდა (1979-89 წლებში).

მაღალი ინტენსივობის წვრთნა - გადამწყვეტი ფაქტორი

გარდა ფრონტზე მყოფთა რიცხოვნობისა, უკრაინელებს უპირატესობა კიდევ ერთმა ფაქტორმა მისცა - მათ წლებია, ომის სინამდვილეს თვალი გაუსწორეს დონბასის ფრონტზე, სადაც 2014 წლიდან ებრძვიან რუს სეპარატისტებს. რვა წლის შემდეგ კიევის მიერ გადასხმულ ჯარისკაცთა უმრავლესობას ომში ბედი უკვე ნაცადი ჰქონდა.

ამის საპირისპიროდ, რუსულ არმიას - რომლის ორი მესამედიც საკონტრაქტო ჯარია და მათში ხშირად დიდი ხნის გაწვეული კონტინგენტია, ერთი მესამედი კი ახალწვეული - რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ბევრი შანსი არ ჰქონია. თუმცა ჯარის მცირე ნაწილი 2014 წლის ივლის-აგვისტოში და 2015 წლის იანვარ-თებერვალში დონბასში ომობდა.

ექსპერტების შეფასებით, მართალია, რუსები ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ატარებენ - სადაც 10-დან 100 ათასამდე სამხედრო იყრის თავს -  უმეტესწილად ეს ძალის დემონსტრაციას წარმოადგენს და არა ნამდვილ, მაღალი ინტენსივობის წვრთნას.

ანალოგიურად, სირიაში, სადაც რუსეთი 2015 წელს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი მხარდასაჭერად ჩაერთო და რომელსაც უკრაინაში ომის დაწყებიდან მიმდინარე კონფლიქტის „ლაბორატორიად“ მოიხსენიებენ, სინამდვილეში რუსული ჯარების მცირე ნაწილი იყო გადასხმული - ძირითადად ავიაცია და სპეცდანაყოფები, რომელთაც როტაციის საშუალება ჰქონდათ.

ამასთან, გასულ წლებში უკრაინელ ჯარისკაცებს მალულად, თუმცა ეფექტურად წვრთნიდნენ დასავლელები. Wall Street Journal-ის თახმად, 2014 წლიდან მოყოლებული წელიწადში 10 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი NATO-ს წევრ ქვეყანაში გადიოდა წვრთნას.

როგორც 12 მაისს აშშ-ს ჯარების შტაბის უფროსმა, ჯეიმს მაკკონვილმა წარმომადგენელთა პალატის წინაშე განაცხადა, „უკრაინული ბრიგადების დაახლოებით 75%-მა“ მიიღო მონაწილეობა აშშ-ს მიერ გამართულ მსხვილმასშტაბიან საწვრთნელ ვარჯიშებში. მხოლოდ 2021 წელს 21 ათასმა უკრაინელმა მიიღო მონაწილეობა აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და რუმინეთის საერთო წვრთნებში, ირწმუნება ფრანგული შტაბი.

სამხედრო ექსპერტების თანახმად, ამ წვრთნებით იხსნება, თუ რაოდენ იოლად დაიწყეს უკრაინელებმა დასავლეთის მიერ გადაცემული NATO-ს სტანდარტების
იარაღის გამოყენება მაშინ, როცა მათი არსენალი მნიშვნელოვანწილად საბჭოთა წარმომავლობის მასალისგან შედგება.

ოპერაციების ცენტრალიზებული მართვა - გადასახედი სქემა

მაშინ როცა დიდი დასავლური ქვეყნების უმეტესობა ოპერაციების მართვის თვალსაზრისით შედარებით ცენტრალიზებულია, ხოლო ბრიგადების დონეზე, მაქსიმუმ, გაფანტული - რომელთა შემადგენლობა სხვადასხვა არმიაში 3 ათასიდან 7 ათას კაცამდე მერყეობს - უკრაინულმა თეატრმა მართვის ამ სტილის მინუსები გამოავლინა და აქცენტი გადაიტანა მეთაურობის უფრო მოქნილ მოწყობაზე. ეს გაკვეთილი განსაკუთრებით მწარედ რუსეთმა ომის პირველი სამი თვის განმავლობაში მიიღო, როცა ცენტრალიზებამ  პიკს მიაღწია და ავტორიტარულ მართვის  სისტემად ტრანსფორმირდა.

ამას დაემატა იერარქიის ეშელონებს შორის ნდობის დეფიციტი და საბჭოთა ტრადიციის მემკვიდრეობა - ოპერაციების ლამის მათემატიკური დაგეგმვა.
ბევრი ექსპერტის დაკვირვებით, რუსეთის ამგვარი ცენტრალიზება ძალიან ეფექტური გამოდგა ომის წინა, „სტრატეგიულ“ ფაზაში კიბეროპერაციების, სუბვერსიისა და დეზინფორმაციის წარმოებაში.

 „ვფიქრობდით, რომ რუსები ამ სიმარჯვეს ომის დაწყების შემდეგაც შეინარჩუნებდნენ“, - აღნიშნავს ერთ-ერთი სამხედრო წყარო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მოდელი ინიციატივას ართმევს ველზე განთავსებულ დანაყოფებს, რომლებიც საფრთხეს აწყდებიან.

უკრაინელთა მხარეს, თუ სარდლობის ცენტრალურ ეშელონი ინარჩუნებს კონტროლს დაზვერვის ინფორმაციის გავრცელებასა და მთავარ დირექტივებზე, ბრიგადებს, გარკვეულ ზონებში, დიდი ავტონომია აქვთ.

ერთ-ერთი დასავლური წყაროს შეფასებით, „იერარქიის ვერტიკალურ სისტემას უამრავი პლუსი აქვს, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რაც  უკრაინელებმა ქნეს, რომ ოპერაციის ზოგიერთი ასპექტი მტერთან პირდაპირ კონტაქტში მყოფ ეშელონს გადაეცეს, მაგალითად, ინფორმაციული და კიბერ-ტექნოლოგიები“.

კონფლიქტის პირველმა კვირებმა აჩვენა ასევე ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უნტერ-ოფიცრების კორპუსი, რომელიც რუსეთის არმიას - სადაც ოფიცრები ჭარბი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი - ფაქტობრივად არ ჰყავს.

ამ დროს კი უკრაინის არმია უნტერ-ოფიცრების დიდი წილით გამოირჩევა - ახალგაზრდების და ველთან ახლოს მყოფების. სპეციალისტების თანახმად, ნაწილობრივ ამ დიქოტომიით აიხსნება კიევის დაპყრობის კრახი, როცა რუსული ჯარი მაღალი იერარქიის ბრძანების მოლოდინში პარალიზებული დარჩა, უკრაინელები კი უფრო მოძრავები იყვნენ და ადგილზე მუდამ ცვალებად დაბრკოლებებთან ადაპტირდებოდნენ.

ლოჯისტიკური ნაკადი - გამოწვევა, რომლის უგულებელყოფაც აღარ შეიძლება

თუ რუსეთი ომის დაწყების შემდეგ წარუმატებლობას წააწყდა, დიდწილად მარაგების შევსების უვარგისი მართვის ბრალია. ამას სამხედრო ენაზე ზურგის ფრონტს ან „მატარებელს“ ეძახიან. ამ დანაყოფებს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ, თუმცა უკრაინის თეატრმა გამოამჟღავნა მათი მნიშვნელობა ხანგრძლივ კონფლიქტში.

სჯეროდათ რა, რომ ომი ცოტა ხანს გაგრძელდებოდა, როგორც ჩანს, რუსებმა ზურგი ახალწვეულებს, გამოუცდელ სამხედროებს მიანდვეს. გარდა ამისა, ეს კოლონები ცუდად იყო დაცული და იოლი სამიზნე გახდა. ამის საპირისპიროდ, უკრაინელებს გაფანტული ლოჯისტიკა უმაგრებდა ზურგს.

 „სამომავლოდ უნდა დავფიქრდეთ, რომ მინიმალური ლოჯისტიკური ხელმწერა გვქონდეს“, აღნიშნავს ერთი ფრანგი ოფიცერი. გასაგებად რომ ვთქვათ: ადგილზე მარაგები რაც შეიძლება შეუმჩნევლად უნდა ივსებოდეს.

რუსებსა და უკრაინელებს შორის ფრონტის ხაზის დონბასში, ქვეყნის აღმოსავლეთით გავლება,  უკრაინელებისთვის, სხვათა შორის, სულაც არაა კარგი ამბავი. ეს  ხაზი ლოჯისტიკური თვალსაზრისით უკრაინულ ჯარს აიძულებს, იარაღის მისაწოდებლად და დანაყოფების გასაგზავნად, ასევე როტაციისთვის, დაჭრილთა ევაკუაციისა და ეკიპირების  შენახვისთვის გრძელ, მოშიშვლებულ გზაზე იაროს.

დასავლელები არ შემცდარან: ბოლო, რაც მძიმე ტექნიკიდან გადასცეს, იყო ჯავშანმანქანები, განსაკუთრებით ჯარისკაცების ჯავშანგადამზიდები და ვერტმფრენები, რომლებსაც ჯარისკაცების ტრანსპორტირებაც შეუძლია და იარაღისაც. საფრანგეთის სამხედრო შტაბის თანახმად, „დღეს მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს ზურგის გამაგრების უნარი ჰქონდეთ. ეს ლოჯისტიკური და ადამიანური გამოწვევაა“.

კონვენციური იარაღი - აუცილებელი დაბრუნება

გასულ წლებში სამხედრო ძალებს შორის სტრატეგიული შეჯიბრის აჩქარებით ისინი უფრო და უფრო დახვეწილ იარაღს დაეუფლნენ. უკრაინის კონფლიქტი კი აჩვენებს, რომ მაღალი ინტენსივობის ომი მნიშვნელოვანწილად სახმელეთო ბრძოლებით მიმდინარეობს, კონვენციური და ნაკლებად დახვეწილი იარაღით. რუსების მძიმე საშუალებების პირისპირ, რაკეტების მოძრავმა გამშვებებმა (ამერიკული ჯაველინები, ბრიტანულ-შვედური NLAW და ა.შ.) თავისი სიტყვა თქვეს.

„მართალია, ჯერ დასკვნების გაკეთება ძალიან ადრეა, თუმცა პირველადი ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე საბაზისო სამხედრო აღჭურვილობა, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და საჰაერო თავდაცვის მოძრავი სისტემა, ორი მხრით სასროლი სისტემა, წარმოუდგენლად ეფექტური აღმოჩნდა უკრაინელთათვის“, - აღნიშნავს ედვარდ არნოლდი, ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის, Royal United Services Institute-ის მკვლევარი.

ზოგიერთის შეფასებით, დასავლელებს სხვა გზა არ ჰქონდათ გარდა იმისა, რომ გადაეხედათ თავიანთი იარაღისთვის, რადგანაც მაღალი ინტენსივობის ომი ბევრ საბრძოლო მასალას მოითხოვს.

„საფრანგეთს რომ უკრაინასავით ეომა, თავისი მარაგის 40%-ს ერთ ღამეში დახარჯავდა“, - ამბობს ფრანგული არმიის ერთ-ერთი კარგი მცოდნე.

როცა Le Monde-მა აპრილის ბოლოს ფრანგული ჯარის შესახებ ჰკითხა, ჯარის ყოფილმა მინისტრმა, ფლორანს პარლიმ თავად თქვა: „უნდა გამოვნახოთ სწორი ბალანსი ძალიან მაღალ ტექნოლოგიებსა და უბრალო აღჭურვილობას შორის. რა თქმა უნდა, მაღალ ტექნოლოგიებზე უარი არ უნდა ვთქვათ, თუმცა ეს დოზირების საკითხია“.

„ბლიცკრიგი“ - დასამარხი ფანტაზია

ამჟამად საჯაროდ აღიარებული ფაქტია, რომ უკრაინის ომი, პირველ რიგში, „სპეციალური ოპერაციის“ კრახია, რომელიც მიზნად ისახავდა რამდენიმე დღეში კიევის რეჟიმის ჩამოგდებას. თუმცა სამხედრო ისტორია სავსეა მსგავსი მაგალითებით, საკუთარი ძალის გაზვიადების ან ოპერაციის იმაზე დიდხანს გაგრძელების, ვიდრე იგეგმებოდა.

რამდენიმე გამონაკლისით, როგორიცაა ექვსდღიანი ომი 1967 წლის, როცა ისრეალმა იერუსალიმზე კონტროლი ძალიან სწრაფად დაამყარა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო რეჟიმი დაამყარა.

„შეგვიძლია უკრაინის შემთხვევაში დავინახოთ, რომ ბლიცკრიგის ან სწრაფი და იაფი ომის პრინციპი, რომელიც ჩვენი საზოგადოებებისთვის ხელსაყრელია, ომის ისტორიაში მხოლოდ გამონაკლისია“, - ამბობენ ფრანგული სამხედრო წყაროები.

ძირითადი საკითხი: აზრი, რომლის თანახმადაც ძალიან დეტალური სადაზვერვო ინფორმაცია ოპერაციის წინ, რამდენიმე სამიზნის გამოვლენით, შესაძლებელს ხდის მტრის განეიტრალებას, როცა საჭირო დრო მოვა.

დასავლური შეფასებით, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 1300 ბალისტიკური რაკეტა ისროლა. თუმცა როცა მიზანს მოარტყეს, და ბევრს ააცილეს, უკრაინელებმა წინააღმდეგობის მტკიცე უნარი გამოავლინეს.

„დაგეგმილი დამიზნება არ კმარა. როცა შეტევა დაიწყება, დინამიკური დამიზნებაც უნდა შეძლო. რუსებს კი ბოლო წლებში დიდი ინვესტიცია არ ჩაუდიათ ზუსტ, ლაზერულ ბომბებში და მარაგი მალე ამოწურეს“, - ამბობენ იგივე წყაროები.

კერძო სატელიტური მოწყობილობები - ახალი აქტორი ბრძოლის ველზე

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მარტის შუაში Space X-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის მიერ უკრაინაში Starlink-ის ყუთების გაგზავნა სამხედრო თვალსაზრისით გარდამტეხი მოვლენაა.

უკრაინელებისთვის იმის საშუალების მიცემით, რომ ტრადიციულ სატელეფონო ან ინტერნეტის ქსელებს, ან სახელმწიფო სატელიტურ საშუალებებს აღარ ეყრდნობოდნენ - რომელთა შესაძლებლობებიც შეზღუდული და მოშიშვლებულია - ილონ მასკმა ომის თეატრში ტრადიციული, დაცული კომუნიკაციების სიმყარე მოარღვია და უკრაინელებს მოულოდნელი უნარი შესძინა: რუსეთის კოსმოსური სააგენტოს - როსკოსმოსის - უფროსის თანახმად, მაისის დასაწყისში ქსელს ყოველდღიურად 150 ათასი ადამიანი იყენებდა.

მის მნიშვნელობას ისიც ადასტურებს, რომ Starlink მინიმუმ ერთხელ უკვე იყო რუსული კიბერთავდასხმის სამიზნე, თუმცა Space X-ის თანახმად, ამერიკული კომპანია მას წარმატებით გაუმკლავდა.

„შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მომავალში ჯარისკაცებს ორმაგი შეიარაღება ექნებათ: ცეცხლსასროლი და დაცული სმარტფონი“, - ვარაუდობს სახმელეთო არმიის ოფიცერი, რომელიც კერძო სატელიტებს ომის თეატრში მოხერხებულობის ფაქტორად განიხილავს.

რუსული S-400 - შეიარაღება, რომელიც საჰაერო უპირატესობის გარანტია არაა

ომის დაწყებამდე სპეციალისტები კიევთან შედარებით მოსკოვის საჰაერო უპირატესობაზე ერთხმად თანხმდებოდნენ. ამბობდნენ, რომ სწორედ მათი S-400-ების - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო სისტემის - წყალობით, რუსეთი ცის ბატონ-პატრონი იქნებოდა.

განა არაერთი რეგიონული ძალა - მაგალითად, თურქეთი და ინდოეთი - არ ცდილობდა ამ სისტემის შეძენას თუნდაც ამერიკის გადაკიდების ფონზე, რომელიც მნიშვნელოვანი პარტნიორებისგან ამგვარი გარიგების წინააღმდეგი იყო?

სამი თვის შემდეგ დარწმუნებით აღარაფრის თქმა აღარ შეიძლება. მართალია, ზოგიერთი ჰიპოთეზა იმდენად შორს მიდის, რომ S-400-ის ეფექტურობა ეჭვქვეშ დააყენოს ან როგორც მინიმუმ, მიუთითოს რუსი ჯარისკაცების არასათანადო წვრთნაზე - ექსპერტები, რომელთაც ჩვენ დავეკითხეთ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ S-400 თავისთავად საკმარისი არაა უკრაინისხელა ქვეყნის ცაზე „წყალგამძლე საპნის ბუშტის“ წარმოქმნით. მათი უმეტესობა რუსეთშია განლაგებული, დონბასის საზღვრის გასწვრივ, დანარჩენი კი ბელარუსში. ძალიან შორია საიმისოდ, რომ ქვეყნის დასავლეთი და სამხრეთი მთლიანად დაფაროს.

გარდა ამისა, S-400 ძირითადად საშუალო ან მაღალი სიმაღლიდან განხორციელებული თავდასხმისგან იცავს. შემთხვევითი არაა, რომ უკრაინელები მიეჩვივნენ საჰაერო ოპერაციების ძალიან დაბალ სიმაღლეზე წარმართვას, ზოგჯერ მიწიდან მხოლოდ ოც მეტრზეც კი.

ამ დეფექტზე ისიც მიანიშნებს, რომ რუსებმა დონბასში S-400-ის დამატებითი სისტემები შეიტანეს, როგორიც პანცირია, რათა დაბალი ან საშუალო სიმაღლეებიდან განხორციელებული შეტევებისგან თავი დაეცვათ. ეს უკრაინელებს მაინც არ აკავებს, მოულოდნელი საჰაერო თავდასხმები სცადონ.

 „მათი პილოტები, ძალიან კარგად გაწვრთნილები და გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩართულები, გაცილებით უფრო გაბედულნი არიან. ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას ცდილობენ, კონკრეტული ეფექტის მიღწევას ცდილობენ, განსაკუთრებით მედიის ხილვადობის მხრივ“, - აცხადებს ერთ-ერთი ფრანგი ავიატორი.

ამის საპირისპიროდ, რუსები მეტ სიფრთხილეს იჩენენ, იციან რა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები კიევსაც აქვს: აშშ-მ გაამჟღავნა, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინას 1400 სტინგერის რაკეტა მიაწოდეს.

ამ სირთულეებთან გასამკლავებლად რუსები გადაწყობას ცდილობენ. უკრაინული უწყებების თანახმად, მოსკოვმა ბელგოროდის ოლქში, ხარკოვიდან დაახლოებით 80 კმ-ში, Mi-24 და Mi-8 ტიპის თითქმის 40 თავდამსხმელ და სატრანსპორტო ვერტმფრენს მოუყარა თავი. იმავენაირად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის მოკავშირე ბელარუსმა, გომელის რეგიონში საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები და ელექტრონული საომარი მოწყობილობები გადაიტანა. ბოლოს კი რუსებმა იქ ისკანდერ-M-ის გასაშვები რვა მოწყობილობა და ექვსი თვითმფრინავი განათავსეს.

„სირთულეთა მიუხედავად, დღეს რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრცეზე უპირატესობა დაამყარა: რუსულ თვითმფრინავებს შეუძლიათ დღეში 200-300 ფრენა განახორციელონ, მაშინ, როცა უკრაინელები 30-ს თუ ახერხებენ“, - აცხადებს მ. პერია-პენე.

ზღვის დაუფლება - რთული სტრატეგია

რამდენადაც 2014 წელს, ყირიმის ანექსიისას, უკრაინული ფლოტი თითქმის მთლიანად აღიგავა, ამჟამინდელი ომის პირველ სამ თვეში ფლოტებისა და საბრძოლო ხომალდების დაპირისპირება არც ყოფილა, თუმცა უკრაინელები ამტკიცებენ, რომ 24 თებერვლის შემდეგ 13 რუსული გემი გაანადგურეს - ძირითადად, პატარები.

კონფლიქტის დაწყებამდე უკრაინელებს რამდენიმე საპატრულო ნავი და პირველი კლასის ფრეგატი ჰქონდათ დარჩენილი, თუმცა როცა ეს უკანასკნელი ომის პირველ დღეს ნიკოლაევის პორტში შესაკეთებლად იყო,  კიევმა გადაწყვიტა ის თავად ჩაეძირა, რათა რუსებს ხელში არ ჩავარდნოდათ.

რაც ბოლო სამი თვე მიმდინარეობს, ძირითადად სანაპირო, საზღვაო ომია. თუმცა, ისევ და ისევ, ფრანგი საზღვაო ოფიცერი ამბობს, რომ „რუსების ჩავარდნები, რასაც ხმელეთზე ვუყურებდით, ზღვაშიც მეორდებოდა, განსაკუთრებით კი “წვრთნის ნაკლებობა“.

იგივე წყარო ამატებს, რომ „კრუიზერ „მოსკვას“ (ცნობილ საბრძოლო ხომალდს, რომელიც უკრაინელებმა ჩაძირეს) არ გააჩნდა რეფლექსები, რომლებსაც ამ დონის ხომალდისგან ელი მისი წყალგამძლეობისთვის. ეს მოიცავს ელექტრონული აღჭურვილობის გამოყენებას, თავდაცვას, რადარებით დაზვერვას, ისევე როგორც სტიქიებთან, ხანძართან ან ფარვატერებთან გამკლავებას“.

მაისის დასაწყისში უკრაინელებმა ასევე მიწიდან გაანადგურეს ორი სწრაფი, ამფიბიური საპატრულო ნავი, სამხედრო სატრანსპორტო გემი და ზოგიერთი წყაროს ცნობით, ელბრუზის ტიპის დამხმარე ხომალდი.

ყველაფრისდა მიუხედავად, ამ ეტაპისთვის რუსები საზღვაო ომში აშკარა უპირატესობას ინარჩუნებენ. ელოდა რა დიდხანს ამ მასშტაბის კონფლიქტს და 24 თებერვლის შეტევამდე კვირების განმავლობაში ნელ-ნელა ზრდიდა შემადგენლობას  ყირიმის გარშემო, დღეს მოსკოვი ფაქტობრივად მთლიანად აკონტროლებს აზოვისა და შავ ზღვას. ეს „ბლოკადა“ ოცზე მეტი გემით განხორციელდა. რუსებს ნაწილობრივ დაეხმარა თურქეთის მიერ მონტროს საერთაშორისო კონვენციის თანახმად დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების ყველა სამხედრო გემისთვის ჩაკეტვა.

მიზანი, მოხდეს უკრაინის ეკონომიკური ასფიქსია ზღვაზე მისი წვდომისა და შედეგად, პირველ რიგში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვით, ამ ეტაპისთვის მუშაობს. მართალია, სრუტეები ღიაა, თუმცა ნაღმების შიშით კომერციული გემები ამ ზონაში ცურვისგან მაინც თავს იკავებენ. გარდა ამისა, უკრაინელებს არ შეუძლიათ რუსულ ბლოკადას რკინიგზით შემოუარონ: იმასთან ერთად, რომ უკრაინისა და მისი მეზობლების რკინიგზა შეუთავსებელია, ერთი
გემის ოდენობის მარცვლეულის გატანას 15 მატარებელი სჭირდება. თანაც კონფლიქტის გამო ყველა რუმინული და ბულგარული პორტი ბლოკირებულია.

საზღვაო ომის გასაღები სერპენტის კუნძულის გარშემო ტრიალებს, რომელიც უკრაინული სანაპიროდან 35 კმ-ში მდებარეობს. თავდაპირველად რუსებმა ამ სტრატეგიული ჩამკეტის ნეიტრალიზება მოახერხეს, რომელიც ძალიან ახლოსაა დუნაის შესართავთან. უკრაინელების არაერთი თავდასხმის და დაბომბვის შემდეგ მათ ცოტა ხნის წინ შეძლეს, რომ იქ კონტინგენტი და მოკლე, საშუალო და საჰაერო რაკეტების “ბატარეები” დაეყენებინათ, ამ დროს კი ტერიტორიას გარშემო გემების ჯაჭვი აკრავს და საზღვაო მიმოსვლას ბლოკავს.

თუმცა მოსკოვის გამოწვევა ისაა, რომ კუნძული ფლოტის დიდი ზარალის გარეშე შეენარჩუნებინათ, რადგან ბლოკადა შევსებას შეუძლებელს ხდის. ამასთან, შესაძლოა, სერპენტის კუნძული შორი მანძილის საარტილერიო ცეცხლის რადიუსში იყოს, როგორიც საფრანგეთის გადაცემული Caesar-ია. კიდევ ერთი რისკი, რომლის მართვაც მოსკოვს უწევს.

მსგავსი სიახლეები