-

2014 წლის 17 ივლისს უკრაინის აღმოსავლეთით, კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ჰოლანდიური ავიახაზების თვითმფრინავში, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიფრინავდა, იმ დროს 298 ადამიანი იყო. კატასტროფის შედეგად ყველა მათგანი დაიღუპა, მათ შორის 80 ბავშვი და ეკიპაჟის 15 წევრი.

ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “თავდაცვის მინისტრმა”, იგორ გირკინმა, გამოაცხადა: “გაფრთხილებდით - ნუ დაფრინავთ ჩვენს ცაზე”.

საზარელი შემთხვევის ფაქტების გამოსარკვევად, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი ადამიანების გამოსავლენად და სისხლის სამართლის საქმისთვის მტკიცებულებების აღმოსაჩენად მალევე ჩამოყალიბდა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი. რამდენადაც თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპული 283 მგზავრიდან 193 ნიდერლანდების მოქალაქე იყო, ერთიან საგამოძიებო გუნდს ჰოლანდიური პროკურატურისა და სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები ჩაუდგნენ სათავეში, რომლებსაც ავსტრალიელი, ბელგიელი, მალაიზიელი და უკრაინელი კოლეგებიც შეუერთდნენ.

შემთხვევის გამოძიებას შეუდგა ორგანიზაცია ნიდერლანდური უსაფრთხოების საბჭოც, რომელმაც 2015 წლის ოქტომბრისთვის დაადგინა, რომ თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც რუსეთში დამზადებული ბუკის ტიპის რაკეტა მოხვდა.

2016 წლის სექტემბერში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის პირველადი დასკვნაც გამოვიდა, რომლის მიხედვითაც ბუკის რაკეტა, რომლითაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რუსეთიდან იყო შემოტანილი და კრემლის მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაისროლეს.

2018 წლის მაისში საგამოძიებო ჯგუფმა დაასკვნა, რომ ბუკის რაკეტა რუსულ ბრიგადას ეკუთვნოდა, რის საფუძველზეც ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა გამოაცხადეს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებდნენ.

2019 წლის ივნისში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაასახელა იმ ოთხი ადამიანის ვინაობა, ვინც თვითმფრინავის ჩამოგდებაში ჩართული იყო და 298 ადამიანის სიკვდილში ბრალი დასდო, გაიცა დაკავების საერთაშორისო ორდერიც. ამათგან პირველი იყო იგორ გირკინი, იგივე სტრელკოვი, ФСБ-ს ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკში თავდაცვის მინისტრის წოდება ჰქონდა. მეორე დამნაშავე, სერგეი დუბინსკი, იგივე ხმური, წარსულში ГРУ-ს თანამშრომელი, შემდგომში კი გირკინის მოადგილე იყო. გამოძიების თანახმად, დუბინსკის პირდაპირი კავშირი ჰქონდა რუსეთთან. მესამე მხილებული, ოლეგ პულატოვი, იგივე გიურზა, ГРУ-ს სპეცრაზმის ყოფილი ჯარისკაცი და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. გამოძიების მიერ გამოვლენილი მეოთხე პირი კი უკრაინელი ლეონიდ ხაჩენკო იყო, რომელსაც წარსულში სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო დანაყოფს მეთაურობდა.

ბუნებრივია, სასამართლო პროცესს, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდა, არცერთი მათგანი დასწრებია.

გარდამტეხი წერტილი ევროკავშირისთვის

გარდა საზარელი ადამიანური დანაკარგისა, უკრაინის აღმოსავლეთით სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა.

2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმი დაიკავა და დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში არეულობასა და სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სამეტაპიანი სანქციების რეჟიმი შეიმუშავა.

პირველი და მეორე ეტაპი მალევე ამოქმედდა, თუმცა ორივე იმდენად მსუბუქ ზომებს შეიცავდა, რომ არც მათ მიღებას მოჰყოლია დიდი წინააღმდეგობა ევროკავშირის შიგნით და რუსეთზეც მიზერული იყო მათი გავლენა.

რამდენადაც სანქციების მესამე ეტაპზე გათვალისწინებული ზომები ეკონომიკურად გაცილებით მაღალი ზიანის მომტანი იქნებოდა, ევროკავშირის ქვეყნები მწვანე შუქის ანთებას არ ჩქარობდნენ. სანქციების მიღებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდებოდა, თუმცა ივლისამდე ზოგიერთი ევროპული მთავრობა ზომების გამკაცრებისგან თავს იკავებდა.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი გერმანია იყო. ევროპული საგარეო პოლიტიკის კვლევებში არსებობს “დიდი სამეულის” თეორია, რომლის თანახმადაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამდე, ევროკავშირის გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანწილად სამი ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის პოზიცია განაპირობებდა.

2014 წელს ბრიტანეთი რუსეთისთვის მესამე დონის სანქციების დაწესებას გაზაფხულზევე უჭერდა მხარს, თუმცა გერმანია ჯერ კიდევ წინააღმდეგი იყო. საფრანგეთი უკანა პლანზე იყო გადასული და სტატუს-ქვოს მიჰყვებოდა.

გერმანიისთვის გარდამტეხი მომენტი სწორედ მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდება და 298 სამოქალაქო პირის დაღუპვა იყო. როგორც ანგელა მერკელის სპიკერმა თქვა, გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის მიერ სათანადო გამოძიებაზე უარის თქმის შედეგად ევროკავშირს ისღა დარჩენოდა, რომ სანქციები ჩქარა მიღებულიყო.

გერმანიის პოზიციის ცვლილებამ ბალანსი გადახარა როგორც “დიდ სამეულში”, ისევე მთლიანად ევროკავშირში. ამ დროისთვის კონკრეტული ზომების ჩამონათვალი უკვე გამზადებული იყო და მათ მიღებას წევრი სახელმწიფოების თანხმობა აკლდა. სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება ესკალაციის ისეთი პუნქტი აღმოჩნდა, როცა სანქციების წინააღმდეგ ვერცერთმა ევროპულმა ქვეყანამ ვერ შეძლო წასვლა.

სანქციების რეჟიმის შემოღება ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებში სტრატეგიული გარდატეხის წერტილი იყო. თუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროკავშირი რუსეთთან დაახლოებასა და პარტნიორობას ესწრაფოდა, სანქციების შემოღებით გაფორმდა, რომ რუსეთი ევროკავშირისთვის არა მოკავშირე, არამედ მოწინააღმდეგე იყო.

ამდენად, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენას, სხვა ყველაფერთან ერთად, გეოპოლიტიკურ ჭრილშიც ბევრი უნდა გადაეწყვიტა.

სიცრუე, სიყალბე და შეთქმულებები

რუსული დეზინფორმაციის მანქანა თვითმფრინავის ჩამოგდებიდან მალევე ამოქმედდა. ხელისუფლება, სამთავრობო მედია, ინტერნეტ-ტროლები და ბლოგერები კატასტროფასთან და შემდგომ გამოძიებასთან დაკავშირებით უამრავ ცრუ ინფორმაციასა და შეთქმულების თეორიას ავრცელებდნენ, რომლებიც ხშირად ერთმანეთსაც ეწინააღმდეგებოდა. ყველა მათგანის ანალიზი ამ სტატიაში გაგვიჭირდება - 2015 წლის ნოემბრიდან ამოქმედებული დეზინფორმაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით, მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით სხვადასხვა რუსულმა წყარომ 326 ცრუ ამბავი ან შეთქმულება გაავრცელა. ამათგან (ჯერჯერობით) ბოლო 2022 წლის 31 იანვრით თარიღდება. ამგვარად, ამ სტატიაში მოგვიწევს რამდენიმე ძირითადი ცრუ გზავნილი განვიხილოთ, რომლებსაც რუსული პროპაგანდა ავრცელებდა.

“ესპანელი ავიადისპეტჩერი”

ერთ-ერთი პირველი შეთქმულების თეორია, რომლის გაშუქება რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა კატასტროფის დღიდანვე დაიწყეს, “ესპანელ ავიადისპეტჩერ კარლოსს”  ეხება.

2014 წლის 17 ივლისს, როცა თვითმფრინავი ჩამოაგდეს, Russia Today-მ გაავრცელა ინფორმაცია, თუ როგორ წერდა “ესპანელი ავიადისპეტჩერი” ტვიტერზე, რომ აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის სიახლოვეს ორი უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი შენიშნა. ეს ამბავი მალევე აიტაცეს რუსულმა და პრო-რუსულმა უკრაინულმა ტელეარხებმა. ასეთი პიროვნება რომ უკრაინის ავია-სადისპეტჩეროში არ მუშაობდა, მალევე გაირკვა და ტვიტერის ანგარიშიც წაშალეს. თუმცა ეს ამბავი აქ არ დასრულებულა. 2018 წელს რადიო თავისუფლების და RISE-ს გამოძიებით დადგინდა, რომ “უკრაინელი ავიადისპეტჩერის” ნამდვილი სახელი ხოსე კარლოს ბარიოს სანჩესი იყო, რომელიც ესპანეთში ნასამართლევი იყო და რუმინეთში თაღლითობისთვის იხდიდა სასჯელს. სანჩესმა აღიარა, რომ უკრაინულ აეროპორტში არასდროს უმუშავია და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის და უკრაინაში მომუშავე ავიადისპეტჩერად გადაქცევისთვის რუსებისგან 48 ათასი აშშ დოლარი აიღო.

თანაც, მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფა სულაც არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა რუსულმა პროპაგანდამ “ავიადისპეტჩერი კარლოსი” სარწმუნო წყაროდ მოიხმო. ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში კარლოსი ესპანურენოვან Russia Today-ზე სტუმრად იყო მიწვეული. ის წარადგინეს როგორც “ესპანელი, რომელიც უკრაინაში ხუთი წელი მუშაობდა”.

პუტინის თვითმფრინავი

ერთ-ერთი ცრუ ვერსია, რასაც რუსი პროპაგანდისტები კატასტროფის შესახებ ავრცელებდნენ ის იყო, რომ თვითმფრინავი სინამდვილეში უკრაინელებმა ჩამოაგდეს, რადგან პუტინის საპრეზიდენტო ლაინერი ეგონათ. ამ ვერსიის თანახმად, პუტინის თვითმფრინავი დაახლოებით იგივე მიმართულებით მიფრინავდა ბრაზილიიდან მოსკოვისკენ, დამნაშავეებს კი რუსეთის დროშის მსგავსი ზოლების გამო მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი რუსული ეგონათ.

იმაზე, რომ რაკეტა უკრაინელებმა ისროლეს, თავიდან რუსული ტელეარხი LifeNews ალაპარაკდა, რაც შემდგომ ინტერფაქსმა აიტაცა და გასროლის სავარაუდო მიზეზად პუტინის თვითმფრინავზე განზრახული თავდასხმა დაასახელა.

თუმცა პუტინის თვითმფრინავის შეთქმულების თეორიის ყველაზე ცნობილი გამავრცელებელი რუსი ჟურნალისტი, რუსეთის პირველი არხის წამყვანი ეკატერინა ანდრეევა იყო, რომელმაც თვითმფრინავის ჩამოგდებიდან რამდენიმე საათში დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ თავდასხმა პუტინის მკვლელობის მცდელობა შეიძლება ყოფილიყო. “თვითმფრინავის ფორმა და სიგრძე ზუსტად იგივე იყო და იმ მანძილიდან შეფერილობაც თითქმის მსგავსი უნდა გამოჩენილიყო” - ამბობდა ანდრეევა.

სინამდვილეში ჩამოგდებული თვითმფრინავი პუტინის თვითმფრინავისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მათ შორის ერთადერთი მსგავსება სამფეროვანი კანტია, რომელიც ფორმით განსხვავდება.

თანაც, პუტინის თვითმფრინავს სულ სხვა მიმართულებით უნდა ეფრინა.

პროპაგანდისტული საფანტი: თავდაცვის სამინისტროს 21 ივლისის ბრიფინგი

თვითმფრინავის ჩამოგდების შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში, კატასტროფასთან დაკავშირებით კრემლის მედია და ინტერნეტ-ტროლები ავრცელებდნენ შეთქმულების თეორიებს, ხოლო ოფიციალური სახელმწიფო უწყებები კომენტარისგან თავს იკავებდნენ.

დუმილი 2014 წლის 21 იანვარს დაირღვა, როცა ერთსაათიან პრესკონფერენციაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ერთბაშად რამდენიმე ტყუილი გაავრცელა.

უკრაინული თვითმფრინავი

პირველი, რაზეც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საუბრობდა, “ავიადისპეტჩერი კარლოსის” ამბის გაგრძელება იყო - ამტკიცებდნენ, რომ რუსულმა რადარმა მალაიზიური ავიახაზების ჩამოგდებული თვითმფრინავის ახლოს უკრაინული SU 25-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი შენიშნა.

რუსები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინული სამხედრო თვითმფრინავის შემჩნევა როსტოვის მონიტორინგის ცენტრის გადაღებულ ვიდეო კადრებში იყო შესაძლებელი. მოგვიანებით საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინა, რომ კატასტროფამდე მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის სიახლოვეს არაფერს ჩაუფრენია.

რაც ყველაზე საინტერესოა, 2016 წელს იგივე რუსებმაც დაადასტურეს, როცა “რადარების ახალი მონაცემები” გამოაქვეყნეს, სადაც მტკიცდებოდა, რომ სამგზავრო თვითმფრინავს არც ერთი სხვა თვითმფრინავი მიახლოებია.

უკრაინული რაკეტა

იგივე ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ თვითმფრინავი არა რუსულმა, არამედ უკრაინულმა რაკეტამ ჩამოაგდო. ამისთვის ისინი “სატელიტით გადაღებულ ფოტოებს” იშველიებდნენ, რომლებიც თითქოს ადასტურებდა, რომ კატასტროფის არეალში უკრაინული ბუკის რაკეტები იყო განთავსებული.

2015 წლის მაისში Bellingcat-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს სურათები სინამდვილეში ციფრული საშუალებებით იყო დამუშავებული.

გაყალბებული ვიდეო კადრები

ტრაგედიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გარდა, 21 ივლისის ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოზეც გააკეთა კომენტარი. უკრაინელების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ ბუკის რაკეტის სატყორცნს სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადააადგილებდნენ. 

ამის საპასუხოდ რუსული მხარე ირწმუნებოდა, რომ ვიდეო სინამდვილეში უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო გადაღებული. ამის დასამტკიცებლად მათ მოიშველიეს ვიდეოდან ამოღებული კადრი, სადაც, რუსების თანახმად, იკითხებოდა უკრაინის მთავრობის კონტროლირებადი ქალაქის, კრანსოარმეისკის მისამართი. Bellingcat-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსებმა ეს “მტკიცებულებაც” გააყალბეს.

შეამჩნევდით, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ერთსა და იგივე ბრიფინგზე გავრცელებული ცნობები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა - ერთი მხრივ, რუსები იმას ამტკიცებდნენ, რომ უკრაინელებმა ბუკის რაკეტა ისროლეს, რომლის უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილების კადრებიც ჰქონდათ, მეორე მხრივ კი იმ თეორიას ავითარებდნენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინულმა სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო.

რუსული პროპაგანდისთვის ორი ურთიერთგამომრიცხავი ამბის ერთდროულად მოყოლა უცხო სულაც არაა. რაც მთავარია, თითქმის ერთი წელი დასჭირდა იმის გამოაშკარავებას, რომ რუსები ტყუოდნენ და მათ მიერ წარმოდგენილი “მტკიცებულებები” ყალბი იყო. იქამდე კი პროპაგანდისტულმა მანქანამ იმაზე იზრუნა, რომ 21 ივლისის ბრიფინგზე გაჟღერებული თეორიები კარგად გავრცელებულიყო.

Russia Today-ს დოკუმენტური ფილმი

უკრაინული თვითმფრინავის შეთქმულების თეორიის გავრცელება საკუთარ თავზე კრემლის ინგლისურენოვანმა სახელმწიფო ტელეარხმა, Russia Today-მ (RT) აიღო.

23 წუთიან დოკუმენტურ ფილმში, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში გავიდა, აჩვენეს უკრაინული საავიაციო თვითმფრინავების შეიარაღება, ჩაატარეს ტესტი, რომელშიც SU 25-ით ორი თვითმფრინავი დაცხრილეს და შემდეგ ნატყვიარები მალაიზიური ავიახაზების ჩამოგდებული თვითმფრინავისას შეადარეს.

გარდა ამისა, დოკუმენტურ ფილმში აჩვენეს “უკრაინის საჰაერო ბაზის მექანიკოსი”, რომლის სახე და სახელი არ გამჟღავნებულა. სამაგიეროდ, RT ირწმუნებოდა, რომ “მოწმის” მონაყოლის ნამდვილობა სიცრუის დეტექტორმა დაადასტურა.

უსახელო და უსახო მექანიკოსი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც RT-ს დოკუმენტურ ფილმში უკრაინული თვითმფრინავის თეორიის გასამყარებლად მოიშველიეს. რუსული პროპაგანდისტული არხის მიერ გამოკითხულებს შორის იყვნენ რუსეთის საჰაერო და სახმელეთო ძალების უფროსის ყოფილი მოადგილე, ლეიტენანტ-გენერალი ალექსანდრ მასლოვი, საავიაციო დივიზიის ყოფილი მეთაური, მაიორ-გენერალი სერგეი ბორისიუკი და რუსეთის საჰაერო ძალების ყოფილი უფროსი მეთაური, ვლადიმირ მიხაილოვი.

ჩაუბარებელი გამოცდა

რუსეთის საჰაერო ძალების მიერ ჩატარებული ტესტი, რომელიც Russia Today-ს დოკუმენტურ ფილმში იყო ნაჩვენები, პირველად ამ ფილმის გამოსვლამდე დაახლოებით რამდენიმე კვირით ადრე გავიდა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ტელეარხ Россия1-ზე, ცნობილი რუსი ჟურნალისტის და პროპაგანდისტის, დიმიტრი კისელიოვის გადაცემა Вести недели-ში.

სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, Bellingcat-ს რუსული პროპაგანდის ტყუილის გამოსააშკარავებლად ძალიან ცოტა დრო დასჭირდა.

რუსული ტელევიზიის ტესტში ნაჩვენებია, როგორია SU 25-ს ქვემეხიდან ნასროლის ნატყვიარი.

ამ კადრებში ჩანს, რომ ქვემეხიდან სროლის შედეგად ჩნდება სქელი ნატყვიარი, რომელიც ბევრი წვრილი ნატყვიარითაა გარშემორტყმული. ამის შემდეგ ნაჩვენებია მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ნაწილი, რომელიც ტესტის შედეგად დაცხრილულ თვითმფრინავსაა შედარებული.


თუმცა თუ იმ ფოტოებს დავაკვირდებით, რომლებიც ინტერნეტში რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ტესტამდე გავრცელდა, ვნახავთ, რომ ნატყვიარები სულ სხვანაირია. ეს ფოტოები ცხადჰყოფს, რომ მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავს, რუსული ტესტისგან განსხვავებით, წვრილი ნატყვიარები არ ჰქონია.


აღსანიშნავია ისიც, რომ რუსი პროპაგანდისტების მიერ შეთხზული თეორიის თანახმად, სამგზავრო თვითმფრინავი 30 მილიმეტრიანი კალიბრის ქვემეხით ქვემოდან დაცხრილეს, მაშინ, როცა თვითმფრინავის ფოტოებს ეტყობა, რომ მას დაზიანება ზემოდან აქვს მიყენებული.

ამგვარად, რუსულმა პროპაგანდამ, ნაცვლად იმისა, რომ მაყურებელი დაერწმუნებინა, როგორ დახვრიტა სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინულმა ავიაგამანადგურებელმა, უნებლიედ სრულიად საპირისპირო დაამტკიცა.

ამ ყველაფრის მერე გასაკვირი არაა, რომ რუსულ მხარეს საგამოძიებო პორტალ Bellingcat-ის საქმიანობა უყურადღებოდ არ დაუტოვებია. Bellingcat-ს 2015 წელს ჩრდილოვანი ჰაკერები დაესხნენ თავს, რომლებმაც საგამოძიებო ვებგვერდის იმეილების გატეხვა სცადეს. მოგვიანებით ჰაკერები თავს დაესხნენ Bellingcat-ის რუს ავტორ რუსლან ლევიევსაც. თავდასხმა ჰაკერების ჯგუფმა CyberBerkut-მა განახორციელა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ პრო-რუსი უკრაინელები იყვნენ. მათ Bellingcat-ის ვებ-გვერდი დაამახინჯეს და ლევიევის პირადი ინფორმაცია გაამჟღავნეს.

პარალელური ხაზი: უკრაინული ბუკი

ჯერ კიდევ მაშინ, როცა კრემლის ადგილობრივი და საერთაშორისო ტელეარხები უკრაინული თვითმფრინავის კონსპირაციით იყვნენ დაკავებულნი, პროპაგანდისტული მანქანა 2014 წლის 21 ივლისის ბრიფინგზე გაჟღერებული მეორე თეორიის გავრცელებაზე გადაერთო. თანაც ბუნებრივია, არავინ იმჩნევდა, რომ კრემლის ერთი სიცრუე მეორეს პირდაპირ გამორიცხავდა.

ამ შემთხვევაში საუბარია იმ თეორიაზე, რომლის თანახმადაც მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი არა SU 25-ის ქვემეხმა, არამედ სწორედაც რომ ბუკის რაკეტამ ჩამოაგდო, ოღონდ ის კრემლის მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა კი არა, უკრაინელებმა ისროლეს.

რამდენიმე დღეში რუსულ ტელეარხ НТВ-ზე გავიდა სიუჟეტი, სადაც უსახელო “ექსპერტი” ამბობდა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინული საჰაერო ძალების წვრთნებისას ჩამოაგდეს.

2015 წლის ივნისში სპეციალური ბრიფინგი გამართა სახელმწიფო კომპანია ალმაზ-ანტეიმ, რომელიც ბუკის სისტემის რაკეტებს ამზადებდა. პრესკონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ბუკის რაკეტა უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ისროლეს და იმ ტიპის იარაღს, რაც კატასტროფისას ისროლეს, რუსეთი იმ დროისთვის აღარ იყენებდა.

ამ ამბის საინტერესო დეტალი ისაა, რომ რუსული პროპაგანდა თავის იმჟამინდელ ძირითად გზავნილს იმ დროს დაუპირისპირდა და საწინააღმდეგო თეორიაზე გადაერთო, როცა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის პირველადი დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო, სადაც საუბარი სწორედ იმაზე იქნებოდა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება ბუკის რაკეტამ გამოიწვია. რუსულმა პროპაგანდამ გადაწყვიტა, საგამოძიებო ჯგუფისთვის დაესწრო და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ დასკვნას უპასუხა.

ალმაზ-ანტეის ხაზი მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა. 2015 წლის ოქტომბერში რუსული სახელმწიფო კომპანია ამტკიცებდა, რომ ჩაატარეს სიმულაცია, რაც მათი ვერსიის სისწორეს ამტკიცებდა.

ტროლები და CIA

პრესკონფერენციებისა და სატელევიზიო გადაცემების კვალდაკვალ, რუსულ შეთქმულების თეორიებს აქტიურად ავრცელებდნენ ინტერნეტ-ტროლები. მათი ნაწილი სხვა ინტერნეტ-მომხმარებლებს აქტიურად ლანძღავდა, ნაწილი ინოვაციურ ტყუილებს ავრცელებდა, რისი მაგალითიც იყო თეორია, რომ თვითმფრინავი CIA-ს შეთქმულების შედეგად ჩამოვარდა, რადგან ამერიკელებს პუტინის მოკვლა სურდათ.

CIA-ს შეთქმულების გამოსააშკარავებლად 2015 წლის აგვისტოში რუსულმა გაზეთმა Комсомольская Правда-მ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც, რუსული გაზეთის მტკიცებით, CIA-ს ორი აგენტი საუბრობს. ჩანაწერში საკმარისზე მეტი უცნაურობა ხდება, რომ მისი სიყალბე ეჭვქვეშ არ დადგეს: დიალოგის ერთ-ერთი თანამონაწილე ჩანაწერის პირველ ნაწილში ბრიტანული აქცენტით ლაპარაკობს, მეორე ნაწილში კი ამერიკულით. მეორე მონაწილე, რომელიც მთელი ჩანაწერის განმავლობაში ამერიკული აქცენტის იმიტაციას ცდილობს, ძნელად თუ ახერხებს საკუთარი რუსული წარმომავლობის შენიღბვას. ტექსტი კი იმდენად არაბუნებრივია, ძნელი დასაჯერებელია, წინასწარ დაწერილი არ იყოს.

Bonanza: ГРУ-ს სახელდახელო მედია პროექტი

2020 წლის იანვარში ნიდერლანდებში დაარსებულმა “საგამოძიებო პორტალმა” Bonanza Media-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია მოიპოვა. იმ ფონზე, როცა საერთაშირისო საგამოძიებო კომისიამ ერთმნიშვნელოვნად დაასკვნა, რომ თვითმფრინავი რუსეთიდან შეტანილი ბუკის რაკეტით ჩამოაგდეს, Bonanza ამტკიცებდა, რომ ავიაკატასტროფის არეალში ბუკის სატყორცნი საერთოდ არ იყო.

როგორც Bellingcat-ის გამოძიებამ გაარკვია, Bonanza-ს, რომელიც 2019 წელს Russia Today-ს ყოფილმა ჟურნალისტმა იანა იერლაშოვამ შექმნა, დოკუმენტებს ГРУ აწვდიდა და თავად კარნახობდა, რა უნდა გამოექვეყნებინა. ეს ამბავი დამატებით მნიშვნელობას იმითაც იძენდა, რომ საერთაშორისო გამოძიების მიერ ეჭვმიტანილი ოლეგ პულატოვის ადვოკატებმა სასამართლოში მტკიცებულებად სწორედ Bonanza-ს გამოქვეყნებული ინფორმაცია წარადგინეს.

წინააღმდეგობა საკუთარ თავთან: თანამედროვე რუსული პროპაგანდა

რუსული პროპაგანდის იმ მეთოდებზე დაკვირვებისას, რაც მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის შემთხვევაში იკვეთება, ბუნებრივი კითხვები ჩნდება - განა, თავად რუსული პროპაგანდა არ ზიანდება იმით, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებს? მისთვისვე არ იქნებოდა უკეთესი, რომ მრავალი, ურთიერთგამომრიცხავი თეორიის ნაცვლად, ერთზე ჩამოყალიბებულიყო და იმის გამოყენება ეცადა? წესით, ასეთ შემთხვევაში ხომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, ახლა კი უფრო ადვილი მისახვედრია, რომ ტყუილების კორიანტელთან გვაქვს საქმე?

სინამდვილეში, საბჭოთა პროპაგანდისგან განსხვავებით, რომელიც ერთ ვერსიას თხზავდა და ცდილობდა, დანარჩენები მის სისწორეში დაერწმუნებინა, თანამედროვე რუსული პროპაგანდა სხვა ხაზს მიჰყვება. ნაცვლად ალტერნატიული ვერსიის შექმნისა, დღევანდელი რუსული პროპაგანდა ცდილობს, რომ ადამიანები იმაში არწმუნოს, რომ არაფერია მართალი და არავის ნდობა შეიძლება.

ამისათვის პროპაგანდისტული მანქანა არ ერიდება, რომ სხვადასხვა საშუალებებს სხვადასხვა გზავნილები გააჟღერებინოს ანდა მოვლენების თავდაპირველი ვერსიები 180 გრადუსით შეცვალოს.

“რუსეთის მიზანი მალაიზიური თვითმფრინავის ამბის შესახებ რაც შეიძლება მეტი ნაამბობის გაჟღერებისას ისაა, რომ ჩვეულებრივი ადამიანები დაიბნენ”, - ამბობს უილსონის ცენტრის მკვლევარი ნინა იანკოვიჩი, - “რათა მათ იფიქრონ, რომ ამა თუ იმ ამბავზე სიმართლეს კაცი ვერ გაიგებს”.

რუსული პროპაგანდის ძირითადი ამოცანაა, რომ სხვას დაასწროს -  რუსული მხარე ცდილობს, რომ პირველი შთაბეჭდილება შექმნას. სწორედ ასე ხდებოდა ჩვენს მიერ განხილულ შემთხვევაში - მაშინ, როცა სარწმუნო გამოძიებას დრო სჭირდებოდა, რუსები შეთქმულების თეორიებს ჩქარ-ჩქარა ავრცელებდნენ და ინფორმაციულ ქაოსს ქმნიდნენ, სადაც ტყუილისა და სიმართლის გარჩევა რთულდებოდა.

მუშაობს თუ არა ასეთი მიდგომა? რთული სათქმელია, რამდენად ახდენს რუსული მედიის პროპაგანდა გავლენას დასავლეთში, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო პროპაგანდა შიდა აუდიტორიაზე წარმატებით ზემოქმედებს - როგორც ლევადა ცენტრის 2020 წლის კვლევამ აჩვენა, რუსების 60%-ს ფიქრობდა, რომ თვითმფრინავი უკრაინელებმა ჩამოაგდეს, 26% დარწმუნებით ვერაფერს ამბობდა, ხოლო რუსეთის დანაშაულის 10%-ს სჯეროდა.

 

მსგავსი სიახლეები