-

რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი მესამე კვირაში გადავიდა. ამ დრომდე ოკუპანტებმა ვერ მოახერხეს ვერცერთი მნიშვნელოვანი ქალაქის დაკავება. უკვე ცხადია, რომ კრემლის თავდაპირველი გეგმა, სწრაფ გამარჯვებასთან დაკავშირებით ჩავარდნილია. 

რუსეთის მარცხი კიდევ უფრო თვალსაჩინოა საინფორმაციო ფრონტზე, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის მოუმზადებლობის ფონზე, უკრაინულმა მხარემ სრულად აიღო ინიციატივა და არ დატოვა ადგილი რუსული პროპაგანდისთვის. 

ეს მოუმზადებლობა განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ომის პირველ დღეებში. რუსულ სახელმწიფო ტელევიზიებისგან ვერ მოისმენდით მწყობრ, ერთიან ნარატივს და კარგად გათვლილ გზავნილებს ომთან დაკავშირებით, ერთის გამოკლებით. პირველი ორი დღის განმავლობაში პრაქტიკულად განუწყვეტლად აჩვენებდნენ ოლივერ სტოუნის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმებს ვლადიმირ პუტინისა და უკრაინის შესახებ.

ჩეჩნეთის მეორე და აგვისტოს ომის მსგავსად, კრემლმა ამჯერადაც აკრძალა სიტყვა ომის გამოყენება უკრაინაში მიმდინარე ომის აღსაწერად. თუ კი ჩეჩნეთის მეორე ომის ოფიციალური სახელწოდებას კონტრ-ტერორისტულ ოპერაციას ატარებდა, ხოლო აგვისტოს ომს საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაციას უწოდებდა, უკრაინაზე თავდასხმას კრემლმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა.

ამჯერად სიტყვა ომის შიში რუსეთის ხელისუფლებაში უფრო მეტად გავრცელდა - ამ კანონის დამრღვევებს ახალი კანონმდებლობით 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

რუსულ პროპაგანდას გამოცოცხლების ნიშნები ომის მეორე კვირის დასაწყისში შეეტყო - სწორედ ამ დროს რუსმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა აქტიურად დაიწყეს ლათინური ანბანის ბოლო ასოს, Z-ის გამოყენება, უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდასაჭერად. 

პირველად ამ სიმბოლოს გამოყენებით ფლეშმობის ჩაშვების იდეა პროპაგანდისტული RT-ის მთავარი რედაქტორისგან, აწ უკვე დასავლური სანქციების ქვეშ მყოფი მარგარიტა სიმონიანისგან წამოვიდა. მალევე მარგარიტა სიმონიანმა საკუთარი ტელევიზიის ბრენდირებულ ონლაინ მაღაზიებში ამ სიმბოლოს გამოსახულებიანი ტანსაცმელიც განათავსა.

აღნიშნული სიმბოლოს ნახვა შესაძლებელია არამხოლოდ სოციალურ ქსელებში, არამედ რუსეთის სხვადასხვა ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე, ადმინისტრაციული შენობების ფასადებზე, მუზეუმებზე, თვითონ რუსებზე, ტანსაცმელზე, ავტომობილებზე და ა.შ.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მცირე გამონაკლისის გარდა რუსული პროპანდის მიერ მოფიქრებული სიმბოლო მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის სვასტიკასთან ასოცირდება. 

თავად ამ სიმბოლოს პოპულიზატორების თქმით, Z რუსული არმიის მხარდაჭერის სიმბოლოა, რომელიც ოფიციალური ვერსიით "უკრაინაში დაბუდებულ ნეონაცისტებს" ებრძვის. 

Z-პანდემია 

აღნიშნული სიმბოლო რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებამდე თებერვლის შუა რიცხვებში გამოჩნდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანდა უკრაინის საზღვართან მობილიზებული რუსული სამხედრო ტექნიკა, რომელსაც Z  და V ასოები "ამშვენებდა". 

განსაკუთრებით ხშირი იყო სიმბოლო Z და სწორედ ამიტომაც ეს ასო რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერის მარკერად გადაიქცა. 

მალევე რუსეთში პეტებურგიდან სურგუტამდე გაიმართა ფლეშმობები, რომლის ფარგლებშიც ავტომობილები, ანთებული ფარებით სწორედ ამ ფორმით დამწკრივდნენ. კუზბასში ამ ფლეშმობს სატვირთო კამაზებიც შეურთდნენ. 

ამ პროპაგანდისტული აგონიის განსაკუთრებით შემზარავ ეტაპს წარმოადგენდა ყაზანში მომხდარი ინციდენტი, როდესაც სიმსივინით დაავადებული ბავშვთა ჰოსპისის ბენეფიციარები დაწესებულების ხელმძღვანელებმა ასო Z-ის ფორმით დაამწკრივეს და ამ ფლეშმობის ფოტოები სოციალურ ქსელში ატვირთეს. 

მალევე ამ სიმბოლოს გამოსახულებიანი ტანსაცმელით დაიტვირთა რუსეთის უმსხვილესი ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიები. ამ სიმბოლოს გამოსახულებიანი ტექნიკით გამოჩდნენ წამყვანი რუსი პროპაგანდისტები. 

პროპაგანდისტული აგონიის გაღვივების გარდა ეს სიმბოლო ომის მოწინააღმდეგეების შესაშინებლადაც გამოიყენება. მაგალითად უფლედამცველი ორგანიზაციის მემორიალის ოფისში მისული პოლიციელების მიერ დატოვებულ უწყებაზე სწორედ ეს სიმბოლო იყო გამოსახული, რასაც მუქარის შემცველი ტექსტი მოსდევდა. 

სწორედ ეს სიმბოლო მიახატეს ომის მოწინააღმდეგე ორი საჯარო პირის, კინოკრიტიკოსს, ანტონ დოლინის და Pussy Riot-ის ერთ-ერთი წევრის რიტა ფლორესის სახლის კარზეც. 

"გრაფიკული თვალსაზრისით Z უფრო მეტად ჰგავს ნაცისტურ სვასტიკას, ვიდრე ნებისმიერ ცნობილ საბჭოთა სიმბოლოს, მათ შორის ხუთქიმიან ვარსკვლავს, ან ნამგალს და უროს. სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში Z ახალი რუსული ტოტალიტარიზმის სიმბოლო გახდა",- წერს New Yorker-ის ჟურნალისტი და მწერალი მაშა გესენი. 

მალევე ეს სიმბოლო სოციალურ ქსელებში რუსეთის სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ ანგარიშების, პროსახელისუფლებო ცნობადი სახეების და ჩინოვნიკების ავატარებზეც გამოჩნდა. 

რუსულ სოციალურ ქსელებში პოპულარულია გარჩევები ამ სიმბოლოს მნიშვნელობასა და წარმომავლობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვერსიით აღნიშნული სიმბოლო ძალიან ჰგავს რუნების ვოლფსანგელს, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთის რამდენიმე ოლქში მებრძოლი ნაცისტური სს-ის [შუცშტაფელის] სიმბოლოს წარმოადგენდა. 

ამის მიუხედავად რუსეთის სამხედრო პროპაგანდის ექსპერტის, იენ გარნერის თქმით, ეს სიმბოლო კრემლის პოლიტ-ტექნოლოგების კრეატივის შედეგია და მათი სურვილია ეს იდეა ქვევიდან, "უბრალო ხალხისგან" წამოსულ სენტიმენტად შეფუთონ. 

გარნერის ცნობით, ჯერჯერობით ამ სიმბოლოს უმეტესად ისედაც პროსახელისუფლებო ან სხვა სახით ანგაჟირებული ორგანიზაციები თუ ფიზიკური პირები იყენებენ. ექსპერტის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ამ სიმბოლო მართლაც შეაღწიეს კოლექტიურ ცნობიერებაში. 

"კრემლს ამ ველზე წარმატების მისაღწევად წამებულთა ისტორიები დაჭირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ ომს ომი დაუძახონ, ამის გაკეთება კი არ შეუძლიათ",- ამბობს გარნერი. 

რას ნიშნავს ეს ასოები? 

საქმე ის არის, რომ ამ სიმბოლოს და ომის მომხრეებმაც ჯერჯერობით ვერ ახსნეს და თავადაც არ იციან რას ნიშნავს ეს ასოები. ამ სიმბოლოების ერთადერთი ოფიციალური განმარტება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის ინსტაგრამ გვერდზე შემოგვთავაზა.

უწყების ინტერპრეტაციით Z უნდა გაგვეგო როგორც Zа победу [გამარჯვებისთვის], ხოლო V კი როგორც Сила в праVде [ძალა სიმართლეშია]. 

მოგვიანებით ამ ვერსიებს დაემატა სხვებიც - Za мир [მშვიდობისთვის],  Zа пацаноV [ბიჭებისთვის], Когда Россия поZвала [როცა რუსეთმა დაგვიძახა] და სხვ. 

სამხედრო-ანალიტიკური ორგანიზაცია Conflict Intelligence Team-ის ვერსიით Z და V შესაბამისი სამხედრო ოლქებს [Запад и Восток] აღნიშნავს. 

განსხვავებული ახსნა აქვს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბს, რომელთა მიხედვითაც ასოები რუსულ სამხედრო ტექნიკის მუდმივი დისლოცირების წერტილების აღმნიშვნელია. ასე მაგალითად Z სიმბოლო აღმოსავლეთ სამხედრო ნაწილების, O- ბელარუსში განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილების, ხოლო V რუსეთის საზღვაო ქვეითების დანაყოფებს აღნიშნავს. 

რუსულ პროპანდისტულ არხებზე გავრცელდა ვერსიაც, რომლის თანახმადაც ეს ასოები ვოლოდიმირ ოლექსანდრეს ძე ზელენსკის ინიციალებს წარმოადგენს - V.Z.O. 

"ეს სიმბოლოები ოპერატიული დაჯგუფებების აღმნიშვნელია და ეს ასოები ყოველგვარი დამატებითი დატვირთვის გარეშე უბრალოდ აირჩიეს",- ამბობს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრში, რუსეთის პროგრამის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო ექსპერტი, მაიკლ კოფმანი. 

მსგავსი სიახლეები