"რუსების ცნობიერება არ არის მიჯაჭვული ფაქტებს, მათ უფრო მეტად უყვართ სიტყვები და სიტყვებით ოპერირება", - ივან პავლოვი, რუსი ფიზიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
მსოფლიოში ცოტაა ქვეყანა, სადაც მედიას ისეთი კრიტიკული როლი ჰქონდეს სახელმწიფოს ისტორიისთვის, როგორც ეს რუსეთშია. რთული საპოვნელია ისეთი ქვეყანა, სადაც სხვადასხვა თაობები ცდილობდნენ რეალობისა და მთელი ქვეყნის კონსტრუირებას ისე, როგორც რუსეთში.
დღევანდელ რუსულ მედიაზე, უფრო სწორად კი კრემლის საინფორმაციო სამსახურის ისტორიაზე საუბარი რთულია საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა გამოცდილების გარეშე.
როგორ მოხდა, რომ მედია, რომელიც 1990-იან წლების რუსეთში თავისუფლების გამტარი მთავარი ინსტიტუტი იყო, დღეს კრემლის საინფორმაციო სამმართველოა?
საბჭოთა სისტემა ორ საყრდენ ბოძზე იდგა: რეპრესიების შიშსა და პროპაგანდაზე - სტალინის სიკვდილის შემდეგ რეპრესიების მასშტაბი მკვეთრად შემცირდა და წერტილოვანი ხასიათი მიიღო. 1980-იანი წლების დასაწყისისთვის საბჭოთა კავშირი ღრმად მოხუცებული და რეალობისგან მოწყვეტილი პარტოკრატების ასპარეზად გადაიქცა.
იმ დროისთვის რეპრესიები ძირითადად დისიდენტებისკენ მიემართებოდა, ხოლო მოსახლეობასთან საბჭოთა ხელმძღვანელობა სხვა მეთოდებით მუშაობდა.
კომუნისტური სისტემის მეორე საყრდენ ბოძს პროპაგანდა, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი ტყუილები წარმოადგენდა. ცხადია, 1980-იანი წლების დასაწყისში უკვე ბევრს აღარ სჯეროდა პროპაგანდის, მაგრამ პროპაგანდა საბჭოთა წყობის უძლეველობის მითს ქმნიდა. როდესაც 1985 წელს მიხაილ გორბაჩოვმა გარდაქმნისა [Перестроика] და ღიაობის [Гласность] პოლიტიკა გამოაცხადა, საბჭოთა სისტემის მეორე საყრდენმა ბოძმა რყევა დაიწყო.
ისეთმა გაზეთებმა როგორიც იყო Московские новости და Огонёк დაიწყეს ღიად საუბარი სტალინურ რეპრესიებზე, პრობლემებზე საბჭოთა ეკონომიკაში. მთავარ სიახლეს არა მომზადებული მასალის შინაარსი, არამედ მანამდე ტაბუდადებულ თემებზე პუბლიკაციის მომზადება წარმოადგენდა, შინაარსი მეორეხარისხოვანი გახდა.
როდესაც პროპაგანდა დასუსტდა საბჭოთა სისტემას უკანასკნელი ბოძი გამოეცალა: ქვეყანაში არ არსებობდა ნორმალური ეკონომიკა, საბჭოთა კავშირი ვერ უზრუნველყოფდა მოქალაქეების საბაზო საჭიროებებს. საზოგადოებრივი უკმაყოფილება ზედაპირზე ამოვიდა.
მაშინ რუსეთში არსებობდა წარმოდგენა, რომ კომუნისტების მოშორება და რეჟიმის ჩანაცვლება საკმარისი იქნებოდა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოდ გარდაქმნისთვის.
ბოლო წლებში რუსეთის განვითარების ტრაექტორიამ აჩვენა, რომ ეს მიდგომა ძალიან მცდარი იყო.
ამ ვითარებაში განსაკუთრებული როლი შეიძინა ახალმა, ცენზურისგან თავისუფალმა მედიამ. თუ 1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გაზეთი ПРАВДА საბჭოთა მოქალაქის შექმნას ცდილობდა, მსგავსი მიზანი ჰქონდა ახალ რუსული მედიას სსრკ-ს დაშლის შემდეგაც. მედიის მთავარი ამოცანა არა რეალობის აღწერა, არამედ ამ რეალობის კონსტრუირება გახდა.
ამ დროის რუსულ მედიაში ბევრი ნიჭიერი და კონფორმისტი ადამიანი აღმოჩნდა. 1960-იანი წლების საბჭოთა დისიდენტებისა და უფლებადამცველების თაობას სტალინიზმი სოციალისტური სისტემის მახინჯ გადახრად მიაჩნდათ, მათ სურდათ ამ ნაკლის აღმოფხვრა და ადამიანური სახის მქონე სოციალიზმის აშენება.
ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ რუსი სამოციანელების ბევრი წარმომადგენელი სტალინის მიერ რეპრესირებული ბოლშევიკების შთამომავლები იყვნენ. მათი ანტი-სისტემური ბრძოლა ამ სენტიმენტსაც ატარებდა.
განსხვავებული ვითარება იყო პოსტ-საბჭოთა რუსეთში - ხალი რუსული მედიის სათავეებთან საბჭოთა დისიდენტების შვილები აღმოჩნდნენ, თუმცა მშობლებისგან განსხვავებით არ ჰქონიათ ასეთი ხედვები. ცინიკური იყო მათი დამოკიდებულება წინა თაობების მიმართაც, მათთვის წინა თაობა მორალურად და ეკონომიკურად გაკოტრებული ხალხი იყო.
მათ სურდათ დასავლური ტიპის, ცივილიზებულ ქვეყანაში ცხოვრება. ამ გზაზე მათ უარი თქვეს საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრებასა და მის შეფასებაზე - თითქოს საბჭოთა 70-წლიან წყობას არც უარსებია. სინამდვილეში საბჭოთა ისტორიის გააზრებაზე უარის თქმით, მათ უარი თქვეს იმ ანტი-სტალინურ იმუნიტეტზე, რომელსაც 1960-იან წლებში მათი მშობლების თაობა ქმნიდა.
მომდევნო წლებში ანტი-სტალინური იმუნიტეტის არარსებობამ ხელი გაუხსნა ვლადიმირ პუტინს ქვეყანა წარსულში დაებრუნებინა.
თუ გამოვყოფთ ადამიანებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ვლადიმირ პუტინის აღმასვლასა და საზოგადოების დაკვეთას მსგავს ფიგურაზე, რუსეთის იმდროინდელი მედია მენეჯერები ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურები იყვნენ.
ჟურნალ The Economist-ის აღმოსავლეთ რუსეთის სექციის რედაქტორის, არკადი ოსტროვსკის აზრით, ქვეყნისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 1996-1997 წლები.
"ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდნენ მთავარ მედია საშუალებებს - ტელევიზიებს, საერთოდ ვერ გრძნობდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას და არ შეესაბამებოდნენ იმ ისტორიული ამოცანის მასშტაბს, რაც მათ წინაშე იდგა", - წერს ოსტროვსკში თავის წიგნში ლაპარაკობს და უჩვენებს რუსეთი.
საუბარია ბორის ბერეზოვსკის მიერ კონტროლირებად ОРТ-სა და ვლადიმირ გუსინსკის НТВ-ზე, რომელთა შორისაც 1990-იანების მეორე ნახევარში ნამდვილი მედია ომი მიმდინარეობდა. ოლიგარქებს ძალაუფლებისა და გამდიდრების სურვილი ამოძრავებდათ, თუმცა მათი მთავარი რესურსი და მათი ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი მედია გახდა.
ამ მოცემულობაში "თავისუფალი მედია" ლიბერალების მთავარ მტრად გადაიქცა - სწორედ ე.წ. თავისუფალი მედიის განუწყვეტელი საინფორმაციო შეტევების შედეგად ჩამოიშალა "ახალგაზრდა რეფორმატორების" მეორე მთავრობა. რუსეთის ისტორიაში ყველაზე ლიბერალური და მოდერნიზაციაზე ორიენტირებული მთავრობა არა КГБ-მ ან ГРУ-მ, არამედ თავისუფალმა მედიამ დაამხო.
НТВ-მ და ОРТ-მ დაასუსტეს ლიბერალების პოზიციები, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათი ყველაზე დიდი მეგობრები იყვნენ. ასეთმა გარემომ შექმნა ვითარება, როდესაც შეუძლებელი იყო ბორის ნემცოვის მსგავსი ლიბერალების დაწინაურება.
1990-იანი წლების მიწურულს რუსეთში ლიბერალური და დემოკრატიული იდეები სრულად დისკრედიტირებული აღმოჩნდა, ვითარება ქვეყანაში კარდინალურად შეიცვალა - ოლიგარქებისა და საყოველთაო უკანონობის ფონზე მოსახლეობა სახელმწიფოსა და წესრიგის აღდგენას მოითხოვდა. ასეთი ფიგურა მალე გამოჩნდა...
იმ რუსი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, რომლებიც დღეს პუტინის ოპოზიციაში არიან, 1990-იანი წლების მიწურულს ღიად და მხურვალედ უჭერდნენ მას მხარს.
ფართო პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის მომენტში ვლადიმირ პუტინის საზოგადოებრივი ცნობადობა 3-5%-ის ფარგლებში იყო, მისი რეიტინგი სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში მერყეობდა - მას არ არავინ იცნობდა. სწორედ ამ მომენტში, ОРТ-ს მფლობელი ბორის ბერეზოვსკი იწყებს თავისი ტელევიზიის რესურსის სრულ მობილიზაციას პუტინის კანდიდატურის დასაწინაურებლად.
ბერეზოვსკი მიიჩნევს, რომ პუტინი სინამდვილეში არაფერს წარმოადგენს და ის მართვადი ფიგურა იქნება, საჭიროა მხოლოდ სწორი სატელევიზიო იმიჯის შექმნა. ბერეზოვსკი დარწმუნებულია, რომ პუტინი თვინიერი "სილოვიკი" იქნება, რომელსაც მარტივად გააკონტროლებს.
ბერეზოვსკი დარწმუნებულია პუტინის გამარჯვებაშიც, ამის საფუძველს მას 1996 საპრეზიდენტო არჩევნების გამოცდილება აძლევს - მაშინ უკვე მძიმედ დაავადებულმა ელცინმა ყველასთვის მოულოდნელად დაამარცხა კომუნისტი გენადი ზიუგანოვი.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ელცინის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მაჩვენებელი 2%-ს არ აღემატებოდა. ელცინის გამარჯვებისთვის საჭირო გახდა ე.წ. თავისუფალი მედიისა და ოლიგარქების რესურსის სრული მობილიზაცია. მიუხედავად ამისა ელცინის გუნდს მაინც დასჭირდა მასობრივი ფალსიფიკაციები.
ბერეზოვსკისა და მედია ოლიგარქებს მიაჩნდათ, რომ ტელევიზია ჯადოსნური ჯოხია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია ხალხი მოატყუო, პუტინის სახით მათ ფიტული შეასაღო და ამ განწყობით ისინი იწყებენ პუტინიზმის შენებას, რომელმაც მოგვიანებით თავისი მშობელი ოლიგარქებიც იმსხვერპლა.
შემქმნელი - ოლეგ დაბროდეევი
ოლეგ დაბროდეევის კარიერა 80-იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო. გასული 40 წლის განმავლობაში დაბროდეევმა სრულად გაიარა გზა რიგითი გადაცემის რედაქტორობიდან უმსხვილეს სახელმწიფო მედია კონგლომერატის ხელმძღვანელამდე. 90-იან წლებში დაბროდეევი ლიბერალებთან ერთად ქმნიდა კრიტიკულ НТВ-ს, სადაც საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა.
2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ვლადიმირ პუტინის გამარჯვება უკვე ეჭვგარეშე იყო, დაბროდეევი НТВ-დან რუსეთის სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის სახელმწიფო კომპანიაში [ВГТРК] გადაბარგდა. პუტინის გამარჯვებას მალე მოჰყვა НТВ-ს მიტაცებაც.
ტელევიზიაში გაზპრომის შესვლის შემდეგ НТВ-დან წასულ ჟურნალისტებს დაბროდეევმა ერთ-ერთ ინტერვიუში "პატრონებისგან და ჰონორარებისგან გათამამებული ადამიანები უწოდა". წლების შემდეგ ხელისუფლებისა და ჰონორარებისგან გათამამებული თავად დაბროდეევი აღმოჩნდა - სწორედ მან გამოზარდა ყველაზე აგრესიული პროპაგანდისტების ახალი თაობა ვლადიმირ სოლოვიოვიდან ოლგა სკაბეევამდე.
დაბროოდევის მიერ გათამამებულ ჟურნალისტებად მოხსენიებულთა შორის იყო მისი თანაკურსელი და დიდი ხნის მეგობარი ვლადიმირ კარა-მურზა უფროსიც. კარა-მურზა და დაბროდეევი სტუდენტობიდან მეგობრობდნენ. რუსეთის სატელევიზიო არქივში შემონახულია კადრები, რომელშიც კარა-მურზა უკვე სახელმწიფო ჩინოვნიკის რანგში მყოფ დაბროდეევს მიტაცებული НТВ-ს შენობაში ხვდება.
კარა-მურზა ცდილობს თავის მეგობარს ჰკითხოს, რას აკეთებს დილის 6 საათზე სახელმწიფო ჩინოვნიკი [დაბროდეევი] დამოუკიდებელი ტელევიზიის ოფისში. დაბროდეევის ამგვარი ქცევა გასაკვირი არ ყოფილა მისი კიდევ ერთი მეგობრისა და НТВ-ს გენერალური დირექტორისთვის.
"1990-იანი წლების დასაწყისში პარტიის და მთავრობის ხაზი დემოკრატიისა და დამოუკიდებელი მედიების განვითარებას ითვალისწინებდა. ეპოქის ლიბერალური წესები თითოეული ჩვენგანის და ოლეგისთვისაც კარგ კარიერულ პერსპექტივებს ხსნიდა - დაბროოდევი ამ წესებს ემორჩილობდა. ამავდროულად, რამდენადაც ვხვდები, გულის სიღრმეში დაბროდეევი ყოველთვის კონსერვატორი და სახელმწიფოს მსახური [государственник] იყო", - ამბობს კისილოვი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ოლეგ დაბროდეევი საბჭოთა ნომენკლატურის შთამომავალი და გავლენიანი ოჯახის შვილი იყო. მისი ოჯახურ გარემოცვა ისეთი ადამიანებისგან შედგებოდა როგორებიც იყვნენ ევგენი პრიმაკოვი და ალექსანდრ ბოვინი [ლეონიდ ბრეჟნევის მრჩეველი].
დაბროდეევის ტელევიზიაში მისვლა ე.წ. უძრაობის [Застои] პიკს დაემთხვა. კისილიოვის თქმით, უკვე პერესტროიკის წლებში, როდესაც ის ტელევიზიაში მივიდა, ოლეგი აშკარად ჩამორჩებოდა ენთუზიაზმით თავის კოლეგებს.
"ჩვენ ყველა ახალ პუბლიკაციაზე და მანამდე აკრძალულ წიგნებზე ვსაუბრობდით, ოლეგი ამ საუბრებში არასდროს მონაწილეობდა. ის გრძნობდა, რომ იმ სოციალური წრის წარმომადგენელი იყო, რომელიც პერესტროიკის გამარჯვებით წაგებული დარჩებოდა", - ამბობს კისილიოვი.
1990 წელს მთავარი საინფორმაციო გამოშვება ВРЕМЯ-ს მთავარ რედაქტორად დანიშნულმა ლიბერალმა, ედუარდ საგალაევმა დაბროდეევს მოადგილეობა შესთავაზა. ეს დაბროდეევისთვის კარიერული გარღვევა იყო. მალევე საგალაევი სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს, ხოლო დაბროდეევს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა ურჩიეს. დაბროდეევმა ტელევიზია დატოვა. ფრანგულის კარგად ცოდნის გამო ის რომელიმე ფრანგული არხის კორესპონდენტობაზეც ფიქრობდა.
1991 წელს რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო სტუდიის ხელმძღვანელად Московские новости-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი იგორ იაკოვლევი დაინიშნა. იაკოვლევმა დაბროდეევს ტელევიზიაში დაბრუნება და მთავარი საინფორმაციო გამოშვების, ВРЕМЯ-ს მთავარი რედაქტორობა შესთავაზა.
უკვე 1992 წლის იანვარში დაბროდეევი ძველმა მეგობარმა ევგენი კისილოვმა ახლად დაარსებულ ტელევიზიაზე მიიწვია, რომელიც მომდევნო წლებში НТВ-ს სახელით გახდა ცნობილი. აქ დაბროდეევი არხის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ტელევიზიის მფლობელები და მესვეურები კმაყოფილები იყვნენ დაბროდეევის მუშაობით - მას შეეძლო ახალი სახეების პოვნა, მათი აღზრდა და საინფორმაციო სამსახურის ორგანიზაციული გამართვა.
მიუხედავად ამისა კისილიოვი რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, რომელიც გასაგებს ხდის დაბროდეევის პროფესიულ ეთიკას და მის დამოკიდებულებას საქმის მიმართ: კისილიოვი 1999 წელს კოსოვოში მიმდინარე გენოციდის გამო სერბეთის ტერიტორიის დაბომბვების პერიოდს იხსენებს.
იმ დროს ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე სისხლიანი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, სერბი ნაციონალისტები რადოვან კარაჯიჩისა და გენერალ რადკო მლადიჩის მეთაურობით ბოსნიელ მუსლიმებს ხოცავდნენ. სერბების მხრიდან შევიწროებისა და გენოციდის მსხვერპლი გახდნენ კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური ალბანელებიც. დასავლეთმა სერბეთის იმდროინდელ პრეზიდენტს სლობოდან მილოშევიჩს ალბანელების შევიწროების აღკვეთა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალის გამოყენებით დაემუქრა.
მილოშევიჩმა უარი თქვა ნატოს მოთხოვნების შესრულებაზე, რასაც ნატოს კოალიციური ჯარების მხრიდან ბელგრადის სამხედრო ობიექტების დაბომბვა მოჰყვა.
"მახსოვს, ჩავრთე ჩვენი ახალი ამბების გამოშვება და წამყვანი გადაცემას ხსნის ფრაზით - პირველად, 1941 წლის შემდეგ, ბელგრადის ცაზე გამოჩნდნენ თვითმფრინავები, შავი ჯვრებით და ასე შემდეგ... ეს შიშველი ანტი-დასავლური პროპაგანდა იყო", - იხსენებს კისილიოვი.
კისილოვი ჰყვება, რომ მისი არყოფნის პერიოდში დაბროდეევმა საინფორმაციო ჯგუფს დირექტივები მისცა, რომ კოსოვოს მოვლენები სწორედ ამ კუთხიდან გაეშუქებინათ. НТВ-ს გამოშვებებში არაფერი იყო ნათქვამი ალბანელების გენოციდზე, კონფლიქტის მიზეზებზე, რეპორტაჟები სავსე იყო მილოშევიჩის განცხადებებითა და დაბომბვების კადრებით - ისინი სპეციალურად არ აჩვენებდნენ ალბანელი ლტოლვილების კოლონას, რაც დასავლური მედიის ფოკუსში იყო.
კისილიოვის თქმით, ამ დღიდან მოყოლებული თითქმის ერთი წლის განმავლობაში დაბროდეევთან ურიერთობები მკვეთრად ფუჭდებოდა. კამათის საკითხი ძირითადად ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა იყო. 2000 წლის დასაწყისში დაბროდეევი სახელმწიფო კორპორაციაში გადაბარგდა და ახალ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას ჩაუდგა სათავეში.
"ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს ამშვენებს რუსულ ტელევიზიას: სოლოვიოვი, კისილიოვი, სკაბეევა, პოპოვი, სიმონიანი - დაბროდეევის ბუდეში არიან აღზრდილი", - ამბობს კისილიოვი.
ცხადია, დეზინფორმაციის ახალი მანქანა და მისი სახეები კრემლის ადმინისტრატორების მკაცრი მეთვალყურეობისა ქვეშ იქმნებოდნენ. ამ მანქანის ერთ-ერთი მთავარი კრეატორი კრემლის შიდა პოლიტიკური ბლოკის ყოფილი კურატორი ვლადისლავ სურკოვია.
დაბროდეევმა შეგნებულად გაცვალა თავისი მედია ავტორიტეტი პროფესიულ სივრცეში მმართველ რეჟიმის აბსოლუტურ ლოიალობაში, რითაც რეჟიმის თანამზრახველი და მისი ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარიც გახდა.
სწორედ დაბროდეევი იყო სახელმწიფო ტელეკომპანია Россия-24-ის სულისჩამდგმელი - ტელევიზიის მთავარი მიზანი საპარლამენტო არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიის გამარჯვება იყო. ტელეარხი მალევე გახდა სახელმწიფო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი რუპორი. დაბროდეევი ეფექტურად ასრულებდა და ასრულებს პუტინის რეჟიმის გაძლიერებისა და მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკის საინფორმაციო უზრუნველყოფას.
ტელეარხი Россия-24 პუტინის მიერ საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის წინააღმდეგ დაწყებული ჰიბრიდული ომის ეფექტურ ინსტრუმენტად გადაიქცა. ტელეარხი გამოიყენება პუტინის პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად. დაბროდეევის ტელეარხი პროპაგანდის, ტყუილისა და ცილისწამების ნაზავით ჟურნალისტიკის ჩანაცვლების სიმბოლო გახდა.
უკვე 22 წელია დაბროდეევი რუსეთის სახელმწიფო მედია კორპორაციას ხელმძღვანელობს. ამ პოსტზე, მან საბჭოთა დროს ცენტრალური ტელევიზიის ხელმძღვანელის, სერგეი ლაპინის რეკორდიც მოხსნა. ლაპინმა ამ პოსტზე სულ 15 წელი იმუშავა.
2011 წელს Россия-24-ის საინფორმაციო გამოშვებაში როსტოვში საპარლამენტო არჩევნების შედეგების ტაბლო აჩვენეს, რომელზეც პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული პროცენტები ჯამურად 146 პროცენტს შეადგენდა.
ამ ტელევიზიიდან "გეების განადგურებითა" და "აშშ-ს რადიოაქტიურ ფერფლად გადაქცევით" იმუქრება დმიტრი კისილიოვი. სწორედ ამ ტელევიზიაში პერიოდულად ფიზიკურად უსწორდება სტუმრებს ვლადიმირ სოლოვიოვი. არხის გამოშვებები გაჟღენთილია ქსენოფობიითა და ზიზღით. ეთნიკური შუღლის გაღვივებისა და საბჭოთა კავშირის აღდგენის მოწოდებების გამო არხი 2014 წელს დაბლოკეს ბალტიისპირა სახელმწიფოებმა.
2014 წლის პირველ მარტს Россия-24-მა ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში მაუწყებლობის სიხშირეები მიიღო. 2018 წლის 23 ივლისს ყირიმში ВГТРК-ს ფილიალის გახსნაზე დაბროდეევმა ვრცელი სიტყვა წარმოთქვა.
"თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ВГТРК აერთიანებს რუსეთს, მართლაც დღეს ჩვენ ვხსნით ფილიალს ყირიმში, ეს ჩვენი ქვეყნის ბოლო რეგიონია, სადაც მაუწყებლობა დავიწყეთ. უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ყირიმი საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში, მათ შორის სამშობლოს ინფორმაციულ ველში", - განაცხადა დაბროდეევმა.
დაბროდეევის გავლენებზე ნათლად მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 2016 წელს ის კრემლის შიდა პოლიტიკური ბლოკის კურატორის პოსტზე განიხილებოდა. მანამდე ამ თანამდებობას დუმის მოქმედი სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი იკავებდა, საბოლოოდ პოსტი სერგეი კირიენკოს ერგო.
ჟურნალ Forbes-ის მიერ შედგენილ რუსეთის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში დაბროდეევი 71 პოზიციას იკავებს, ამასთანავე მითითებულია, რომ ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი მედია პერსონაა.
კრემლის მიერ მართულ სტრუქტურებში ინტეგრირებულები არიან დაბროდეევის ოჯახის წევრებიც, ასე მაგალითად, მისი შვილი ბორისი, კრემლთან დაახლოებული ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის კუთვნილ ჰოლდინგს, Mail.ru-ს ხელმძღვანელობდა.
ПРОЕКТ-ის საგამოძიებო ჯგუფმა დაბროდეევის ოჯახის საკუთრებაში არსებული 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების კერძო ქონებას მიაკვლია.
გარდასხვა N1 - დმიტრი კისილიოვი
ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სკანდინავიური ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული დმიტრი კისილიოვი ჭაბუკობიდანვე შეყვარებული იყო ევროპულ კულტურაზე. ჟურნალისტური კარიერა საბჭოთა ტელე-რადიო სამმართველოს ნორვეგიულ და პოლონურ რედაქციაში დაიწყო.
1990-1991 წლებში კისილიოვს საბჭოთა ტელევიზიაზე მიჰყავდა საინფორმაციო გამოშვება. ვილნიუსის მოვლენების გაშუქებისას კისილიოვმა უარი თქვა არხის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ შედგენილი ოფიციალური ვერსიის წაკითხვაზე, რის გამოც ეთერს ჩამოაშორეს. მოგვიანებით დაჯილდოებულია ლიეტუვის ეროვნული მედლით "ლიეტუვის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის."
20 წლის შემდეგ თავისუფლებისა და დემოკრატიის ფუნდამენტური ფასეულობების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ კისილიოვს ჯილდო ჩამოართვა.
თუმცა მანამდე, 1991 წელს ეთერიდან გაგდების შემდეგ, კისილიოვი თანამშრომლობდა იაპონურ და გერმანულ ტელევიზიებთან. უკვე აგვისტოს პუტჩის [ГКЧП] შემდეგ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე მიჰყავდა გადაცემა სახელწოდებით "ფანჯარა ევროპაში". თავის სიუჟეტებში კისილიოვი სიამოვნებით ჰყვებოდა ევროპული ქალაქების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
მეტიც, ამ პროექტის ფარგლებში კისილიოვმა 1994 წელს ევროკომისიის ფინანსური გრანტიც მიიღო, რომელიც რუსეთში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის იყო მიმართული. დღევანდელი კისილიოვი ევროპულ გრანტებს არავის პატიობს და სახელმწიფოს ღალატად მიიჩნევს.
"ჟურნალისტის ეთიკისგან განცალკევება დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, ხალხს, რომელსაც ხშირად ვხედავთ ეკრანებზე ჟურნალისტებს ვერ ვუწოდებთ. ხშირად ისინი ჩვეულებრივი აგიტატორები არიან. პამფლეტის ავტორს ან მხატვარს ამის უფლება აქვს, მაგრამ ჟურნალისტს ამის უფლება არ აქვს. იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ჟურნალისტის ამოცანაა აჩვენოს სწორი პროპორციები, აჩვენოს მთელი სურათი", - ამბობდა კისილიოვი 1999 წელს.
ანტი-უკრაინული ისტერიის და უამრავი კონსპირაციული თეორიის ავტორი კისილიოვი 2000-2004 წლებში კიევში მუშაობდა. კისილიოვის უკრაინული გამოცდილება წარმატებული არ აღმოჩნდა - შესაძლოა იმიტომ, რომ 2004 წლის არჩევნებში კისილიოვი კრემლის მსგავსად ჩაერთო ვიქტორ იანუკოვიჩის საარჩევნო კამპანიაში.
2006 კისილიოვი მოსკოვში ბრუნდება სადაც დაბროოდევისგან კარგ შემოთავაზებას იღებს - თავიდან კისილიოვს ახლად შექმნილ Россия-24-ზე ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება მიჰყავს. მოგვიანებით ის კვირის მთავარი შემაჯამებელი გადაცემის, ВЕСТИ-ს წამყვანად ინიშნება.
უკვე 2013 წელს კისილიოვი ახალ სიმაღლეებს იპყრობს - დაბროდეევი მას საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს, Россия сегодня-ს ხელმძღვანელად ნიშნავს.
სააგენტოს თანამშრომლებთან წარდგენისას მის შეცვლილ პოზიციებზე კისილიოვი თანამშრომლებს ასე პასუხობდა: "ხშირად ობიექტურობით შეპყრობილები ჩვენ ვამახინჯებთ სინამდვილეს და ჩვენს სამშობლოს ისე ვუყურებთ როგორც უცხოს. ამგვარი დისტილირებული, განყენებული ჟურნალისტიკა წარსულს ჩაჰბარდა. მე თვითონ ამ პრინციპების ერთგული ვიყავი, თუმცა გასულ წლებში გარკვეული ევოლუცია გავიარე."
კისილიოვის დაწინაურება 2014 წლის უკრაინის მოვლენებს დაემთხვა, რაც რუსეთის პროპაგანდისტული მანქანისთვის გარდამტეხ მომენტად იქცა.
დმიტრი კისილიოვი გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული პროპაგანდისტი, მან ჩამოაყალიბა პროპაგანდის ახალი მეთოდები, რომელიც ეთნიკური შუღლის, სიძულვილის, ქსენოფობიისა და ჰომოფობიის გაღვივებისკენ იყო მიმართული.
თავის ყოველკვირეულ გადაცემებში კისილიოვი ღიად ეწევა ომისა და გენოციდის პროპაგანდას, ის რადიოაქტიულ ფერფლად გადაქცევით ემუქრება აშშ-ს და ნატოს. თავის მონოლოგებში კისილიოვი პრეზერვატივს ადარებს და რეზინის ნაკეთობას უწოდებს ალექსეი ნავალნის, ხოლო მოსახლეობას მოუწოდებს "გეების გულები მიწაში ჩამარხონ როგორც სიცოცხლის გაგრძელებისთვის გამოუსადეგარი ადამიანების ნარჩენი."
დღეს კისილიოვისთვის დაკეტილია ევროკავშირის სახელმწიფოები და ამერიკა, უკრაინაში მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მოლდოვაში ის პერსონა ნონ-გრატაა. პროპაგანდისტმა არაერთხელ სცადა მისთვის დაწესებული სანქციების გასაჩივრება ევროპულ სასამართლოებში, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
კისილიოვი საჯაროდ დაიცვა მისმა უფროსმა ოლეგ დაბროდეევმა, თუმცა პრობლემები ვერც დირექტორის მხარდაჭერამ გადაჭრა. ნორვეგიაში, სადაც კისილიოვს ვილა აქვს, მას ჩასვლა კვლავ არ შეუძლია.
კისილიოვი იძულებულია დატკბეს თავისი სახლით ანექსირებულ ყირიმში - აქ პროპაგანდისტს მდიდრული ვილა აქვს, რომლის ხედიც გადის კონცხზე, ირონიული სახელწოდებით - ქამელეონი.
გარდასახვა N2 - ვლადიმირ სოლოვიოვი
ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში სოლოვიოვი ცნობილი უფლებადამცველთან, იური შეკოჩიხინთან მეგობრობდა, ამავე პერიოდში ის ღიად საუბრობდა და აკრიტიკებდა "ჩეკისტების რევანშს", პერიოდულად ასრულებდა სატირულ სიმღერას ვიქტორ შენდეროვიჩის აკომპანემენტით. დღეს სოლოვიოვის ყოფილ კოლეგებს, მისი ეთერების ყურება გულისრევის შეგრძნების გარეშე უჭირთ.
ვლადიმირ სოლოვიოვი ცალსახად "ნიჭიერი" ადამიანია, რომელმაც ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსიდან მის მანიაკალურ თაყვანისმცემლამდე გზა სულ რამდენიმე წელში გაიარა.
დაბროდეევისა და კისილიოვისგან განსხვავებით, სოლოვიოვი განათლებით ჟურნალისტი არ არის - 1986 წელს მომავალმა პროპაგანდისტმა მოსკოვის ფოლადისა და შენადნობების ინსტიტუტი დაამთავრა. ამავე უნივერსიტეტში ქვედა კურსზე სწავლობდნენ ვლადისლავ სურკოვი და ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი. ისინი სოლოვიოვს 1981 წლიდან იცნობენ.
უკვე 1990 წელს სოლოვიოვმა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი დაიცვა, რასაც სკოლაში მცირე ხნით მასწავლებლობა, ხოლო მოგვიანებით აშშ-ში ემიგრაცია მოჰყვა. სალავიოვის თქმით, ის აშშ-ში ალაბამის უნივერსიტეტში ეკონომიკას ასწავლიდა, თუმცა მისი ეკონომიკური კარიერა მალევე, გაუგებარი მიზეზებით შეწყდა.
სოლოვიოვი მალევე დაბრუნდა რუსეთში. პროპაგანდისტის თქმით, ის ჟურნალისტიკაში მოსვლის მომენტში უკვე ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანი იყო. სოლოვიოვი ამბობს, რომ ფულს დისკოთეკებისთვის საჭირო დანადგარების წარმოებით შოულობდა.
ჟურნალისტიკაში სოლოვიოვი შემთხვევით, 1997 წელს მაშინ მოხვდა, როდესაც მეგობარმა რადიო სადგურ Серебряный дождь შეუძლოდ გამხდარი წამყვანის ჩანაცვლება სთხოვა. სოლოვიოვმა მალევე მიიქცია ყურადღება და რამდენიმე თვეში მას უკვე საავტორო გადაცემაც მისცეს.
მას სხვა წამყვანებისგან გამოარჩევდა თავისუფალი და არასტანდარტული სტილი, ექსპერიმენტები და სითამამე. მალევე მისი ნიჭი ბერეზოვსკის კონტროლირებად ОРТ-ზეც შეამჩნიეს, სადაც ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანად დანიშნეს.
პარალელურად სოლოვიოვს ინტერვიუების ციკლი მიჰყავდა სხვა ტელევიზიაშიც, სადაც მისი ეპიზოდის ერთ-ერთი სტუმარი ანა პოლიტკოვსკაიაც კი იყო. 2001 წელს НТВ-ს მიტაცებისას სოლოვიოვმა ღიად დაუჭირა მხარი არხის კოლექტივს და პირდაპირ ეთერში განაცხადა: "ჩვენი მოვალეობაა, რომ გავაკეთოთ ყველაფერი და მაყურებლებს ჰქონდეთ არჩევანის უფლება. ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის. ჟურნალისტი ყოველთვის თავისუფალი ადამიანია."
მისი მხარდაჭერა უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სიტყვები და НТВ-დან წასულ ჟურნალისტებს მათ მიერ დაარსებულ ახალ ტელევიზიაზე, ТВ6-ზეც გადაჰყვა, სადაც დილის და ღამის გადაცემები ჩაიბარა. სოლოვიოვის გადაცემები სახელმწიფოს მიერ არხის მიტაცების შემდეგ დაიხურა.
როგორც ჩანს, არასტაბილურობით დაღლილი სოლოვიოვი ამ მომენტშიც დაიღალა და გადაწყვიტა უკვე დამორჩილებულ НТВ-ზე გადასულიყო. სოლოვიოვის ახალი კარიერა დებატების ფორმატის გადაცემით დაიწყო, რომელიც არხზე მალევე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემად გადაიქცა.
დროთა განმავლობაში სოლოვიოვი უფრო მეტად პოზიციონირებს საზოგადოებრივი-პოლიტიკური ფიგურის ამპლუაში - 2004 წელს, ბესლანის ტერაქტის შემდეგ, იგი მოსკოვში გამართული სახელმწიფოს მხარდამჭერი მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორია. აქციის ლოზუნგია - "პრეზიდენტო, ჩვენ შენთან ვართ!"
უკვე 2005 წელს სოლოვიოვი კრემლის ახალგაზრდული პროექტის, მოძრაობა НАШИ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ხდება. 2010-იანი წლების დასაწყისში სოლოვიოვი იმავე ოლეგ დაბროდეევის წყალობით НТВ-დან სახელმწიფოს კუთვნილ ВГТРК-ზე გადავიდა. უკვე 12 წელია ვლადიმირ სოლოვიოვი კრემლის სამსახურშია. ამ დროის განმავლობაში იგი გამოვიდა ლიბერალი ჟურნალისტის ამპლუიდან და მედიაქილერად გადაიქცა, რომლის ეთერებიც ხასიათდება ყვირილით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფებით, ყველაფრის ზიზღით კრემლის და ვლადიმირ პუტინის გარდა.
ამავე პერიოდში რადიკალურად შეიცვალა სოლოვიოვის აზრები ბევრ გეოპოლიტიკურ საკითხზე - მაგალითად 2013 წელს ერთ-ერთ გამოსვლაში მსმენელის მიერ ყირიმის შემოერთების საკითხზე დასმულ კითხვაზე ის პასუხობს: "და რად გინდათ ყირიმი? ის ხომ ხრუშჩოვმა უკრაინას ლეგალურად გადასცა, მან ეს გარკვეულ საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით გააკეთა. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ყირიმის დაბრუნებაზე ეს ნიშნავს ომს - თქვენ რა, უკრაინასთან ომი გინდათ? რამდენი უკრაინელის და რუსის სიცოცხლის გაწირვისთვის ხართ მზად ყირიმის გამო?"
ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იგივე სოლოვიოვი თავის ეთერს ასე ხსნის: "ჩვენ ამ დღეს ვაახლოებდით როგორც შეგვეძლო - ყირიმი და სევასტოპოლი კვლავ რუსეთის შემადგენლობაშია. ისტორიულმა სამართლიანობამ იზეიმა."
სოლოვიოვის პროფესიული მეთოდებიდან თვალშისაცემია თვისება, დაუსვას კითხვა ოპონენტს ისე, რომ არ მისცეს პასუხის გაცემის საშუალება და ფსიქოლოგიურად დაამციროს ოპონენტი. სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობის წლებში სოლოვიოვის დაუსჯელობის და თავგასულობის სინდრომი განუვითარდა - ის შეურაცხყოფას აყენებს და ამცირებს არამხოლოდ ცალკეულ პოლიტიკოსებს, არამედ ერებს.
რთულია ისეთი პროფესიული, ეთიკური და საზოგადოებრივი ნორმის მოძებნა, რომელსაც სოლოვიოვი თავის ეთერებში ყოველდღიურად არ არღვევს, მათ შორის სტანდარტული ამბავია უცენზურო ლექსიკა და ღია მუქარები.
ნაციზმის გამართლებისთვის სოლოვიოვს 2014 წელს შესვლა აუკრძალეს ლატვიაში. როგორც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობად სახეს სოლოვიოვს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაუწესდა დასავლური ფინანსური და სავიზო სანქციები.
დასავლური მთავრობებისგან განსხვავებულად აფასებს სოლოვიოვს რუსეთის ხელისუფლება, ბოლო წლებში პროპაგანდისტმა კრემლისგან არაერთი სახელმწიფო ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ყირიმის დაბრუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვისაც.
ის მართლაც ძალიან "შრომისმოყვარე ჟურნალისტია" - ყოველდღიური სატელევიზიო ეთერების გარდა, მას კვირაში ხუთჯერ მიჰყავს რადიოგადაცემები დილის 7 საათიდან 11 საათამდე. ამ 4 საათის განმავლობაში სოლოვიოვი სრულიად მარტოა სტუდიაში და უხილავ სტუმრებს ესაუბრება. გარდა ამისა, სოლოვიოვს მიჰყავს სპეციალურად პუტინისთვის მიძღვნილი საკვირაო გადაცემა სახელწოდებით "მოსკოვი, კრემლი, პუტინი."
დროგამოშვებით სოლოვიოვი იძლევა მონოსპექტაკლებს რუსეთის პროვინციულ ქალაქებში, ასევე ატარებს მასტერკლასებს ბელარუსში სახელწოდებით "უხეში მოლაპარაკებები - ლიდერად ყოფნის გაკვეთილები".
ხანდახან სოლოვიოვს ხასიათს უფუჭებენ ოპოზიციონერი აქტივისტები, რომლებმაც მის ერთ-ერთ სპექტაკლზე პიკეტი მოაწყვეს და სოლოვიოვისა და ცნობილი ნაცისტი პროპაგანდისტის, იულიუს შტრეიხერის ფოტოები გაავრცელეს.
როგორც ჩანს პროპაგანდისტობა ცუდად მოქმედების იუმორის გრძნობაზე და თვითირონიაზე, რომელიც სოლოვიოვის შემთხვევაში სრულად ატროფირებულია. ნებისმიერი უწყინარი ხუმრობაც კი სოლოვიოვის უხეში და უტაქტო რეაქციის საფუძველი ხდება - თავის სათქმელს პროპაგანდისტი ხშირად პირდაპირი გინებითაც გამოხატავს.
ალექსეი ნავალნის საგამოძიებო გუნდმა ვლადიმირ სოლოვიოვს 1 მილიარდი რუბლის ღირებულების კერძო საკუთრება აღმოუჩინა, მათ შორის 2 ვილა იტალიაშიც, რომელსაც სოლოვიოვი მისთვის დაწესებული სანქციების გამო ვერ სტუმრობს.
თავად ვლადიმირ რუდოლფოვიჩი მის საქმიანობას განსხვავებულად აფასებს: "ჩემი საქმე, ჩემი მისიაა. მე ყოველთვის ძალიან მკაფიოდ მესმის რას ვაკეთებ. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ გენიოსი ვარ."
გარდასახვა N3 - მარგარიტა სიმონიანი
დღეს მთავარი რუსი პროპაგანდისტი ქალი ოდესღაც ინტერნიუსის მიერ ორგანიზებულ მედია სემინარებს ესწრებოდა, სადაც ჟურნალისტის მიერ მოვლენების ობიექტური გაშუქების კრიტიკულ მნიშვნელობას ასწავლიდნენ.
თუმცა, ინტერნიუსის სემინარების გარდა, სიმონიანმა ადრეულ ასაკშივე გაიარა პროპაგანდისტული მომზადება - სიმონიანი ვლადიმირ პოზნერის მიერ ორგანიზებული სატელევიზიო სკოლის კურსდამთავრებულია.
ჯერ კიდევ სკოლის დამამთავრებელ კლასებში ყირიმიდან საბჭოთა ხელისუფლების მიერ გადასახლებულთა ოჯახში დაბადებულმა სიმონიანმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამაში გაიმარჯვა. სიმონიანი 1 წლით აშშ-ში სასწავლებლად გაემგზავრა, თუმცა შტაბებიდან მალევე იმედგაცრუებული და დაბოღმილი დაბრუნდა.
სიმონიანის ჟურნალისტური კარიერის საწყისი ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი ბესლანის ტერაქტს უკავშირდება. რუსეთის მეორე არხის კორესპონდენტის ამპლუაში სიმონიანი პირველივე დღიდან აშუქებდა მოვლენებს. თავის პირველ ჩართვაში სიმონიანმა მაყურებლებს ოფიციალური უწყებების მიერ გაჟღერებული რიცხვი მიაწოდა - რუსეთის ხელისუფლება დაძაბულობის განსამუხტად არ ასახელებდა მძევლების ნამდვილ რიცხვს.
კრემლი იტყუებოდა, რომ ბესლანის პირველ სკოლაში ტერორისტებს სულ 354 მოქალაქე ჰყავდათ მძევლად, მაშინ როდესაც სინამდვილეში მძევლების რიცხვი ათასს აღემატებოდა. მალევე სკოლაში დატყვევებული ადამიანების ნათესავებმა ტყვეთა სიების შედგენა დაიწყეს. ისინი ცდილობდნენ, ჟურნალისტებისთვის მძევალთა ნამდვილი რიცხვი მიეწოდებინათ და საზოგადოებას ბესლანში შექმნილ ვითარებაზე სიმართლე სცოდნოდა.
ადგილზე მყოფმა უკლებლივ ყველა ჟურნალისტმა იცოდა, რომ სინამდვილეში მძევალთა რიცხვი 1 000-ს აღემატებოდა, მათ შორის მარგარიტა სიმონიანმაც და მიუხედავად ამისა, ის ყოველ ჩართვაში იტყუებოდა - სიმონიანი არხის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვეთას ასრულებდა. პროპაგანდისტი იტყუებოდა იმასაც, რომ ტერორისტებს არავითარი მოთხოვნები არ წამოუყენებიათ, მაშინ როცა ტერორისტებმა მთავარ მოთხოვნად, ჩეჩნეთიდან რუსული ჯარების გაყვანა პირველივე კომუნიკაციისას წამოაყენეს.
ამ ეპიზოდს ერთ-ერთი ინტერვიუში Новая Газета-ს ჟურნალისტი, ელენა მილოშინა ასე იხსენებს: "მახსოვს როგორ სთხოვდა სიმონიანს მძევლად აყვანილი ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, რომ მისი ტრანსპარანტი კადრში მოეხვედრებინა. ტრანსპარანტზე ეწერა, რომ სინამდვილეში სკოლაში ათასზე მეტი მძევალი იყო და არა 354. მარგარიტა სიმონიანი გამიზნულად მალავდა მძევლების რაოდენობას, მან ამისთვის სახელმწიფოსგან ორდენიც მიიღო. სიმონიანი მძევალთა მკვლელობის თანამონაწილეა."
ბესლანის სკოლაში 333 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ჩანს სწორედ ბესლანის ტერაქტის "სწორმა და სახელმწიფოებრივმა" გაშუქებამ მიიქცია კრემლის მაღალჩინოსნების ყურადღება და მალევე სიმონიანი ქვეყნის ყველაზე გავლენიან ჩინოვნიკებს დაუახლოვდა. კრემლის კორიდორებში სიმონიანის მენტორი იმ დროს ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი და დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ალექსეი გრომოვი იყო.
გრომოვი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია, ის ვლადიმირ პუტინის ძველი ნაცნობი და გამოცდილი კადრია, რომლის მთავარი პასუხისმგებლობის ზონა რეჟიმის საინფორმაციო უზრუნველყოფაა. სინამდვილეში გრომოვი კრემლის პროპაგანდისტული მანქანის საკვანძო ფიგურა და შეიძლება ითქვას, მისი ერთ-ერთი არქიტექტორიცაა.
რეჟიმის კონსოლიდაციის პარალელურად კრემლში გაჩნდა იდეა გაკეთებულიყო საერთაშორისო ტელევიზია, რომელიც მსოფლიოს მთავარ ენებზე იმაუწყებლებდა. ახალი სადეზინფორმაციო გიგანტის ხელმძღვანელად მაშინ ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობი, თუმცა კრემლისთვის ძალიან სანდო მარგარიტა სიმონიანი დაინიშნა. 25 წლის უცნობი და გამოუცდელი ჟურნალისტის ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა ბევრისთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყო რუსეთის პროპაგანდისტულ წრეებშიც კი.
ახალი საერთაშორისო საინფორმაციო სამსახურის გამართვაზე კრემლი ფინანსებს არ ზოგავდა, ტელევიზიის წლიური ბიუჯეტი ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენდა. მალევე გაიხსნა Russia Today-ს ინგლისური, არაბული და ესპანურენოვანი მაუწყებლობაც. არხთან დასაწყისში გულუხვი ჰონორარების სანაცვლოდ თანამშრომლობდნენ რესპექტაბელური დასავლელი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები, ცნობილი ჟურნალისტები და აკადემიურ სფეროს წარმომადგენლები.
ფინანსური უზრუნველყოფის მიუხედავად წმინდა რეიტინგის თვალსაზრისით არხს ბევრი მაყურებელი არასდროს ჰყოლია და ვერასდროს მიაღწია სამიზნე აუდიტორიისა და მოცვის იმ მასშტაბს, რა გათვლაც კრემლში ჰქონდათ.
პროპაგანდისტული არხის ხელმძღვანელობის გარდა, სიმონიანი რუსეთის აგრესიული პოლიტიკას აქტიური და გამოკვეთილი მხარდამჭერი იყო. არის შემთხვევები, როდესაც სიმონიანი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც აკრიტიკებს, თუმცა ეს როგორც წესი ჩინოვნიკების პოზიციის "სიმსუბუქის" გამო ხდება - სიმონიანი ხელისუფლების გადამწყვეტი, მტკიცე ნაბიჯების მომხრეა.
სიმონიანის პროპაგანდისტულ საქმიანობას ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ნაწილს ვლადიმირ პუტინის მიმართ მისი დამოკიდებულება, უფრო ზუსტად კი მანიაკალური თაყვანისცემა წარმოადგენს. სიმონიანი პუტინს თავის უშუალო ხელმძღვანელად მიიჩნევს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სიმონიანი ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირად დარეგისტრიდა.
პუტინის გამარჯვების შემდეგ სიმონიანმა თავის ერთ-ერთ მედია რესურსზე "კოლექტიური დასავლეთისთვის" განკუთვნილი წერილი გამოაქვეყნა.
"თქვენ გაგვაერთიანეთ ჩვენი საერთო და ყველაზე დიდი მტრის, ლიბერალიზმის წინაშე. აქამდე ვლადიმირ პუტინი ჩვენი პრეზიდენტი იყო და მისი წასვლაც წარმოსადგენი იყო. ამიერიდან პუტინი ჩვენი ბელადია და მისი შეცვლის უფლებას არავის მივცემთ", - წერს სიმონიანი.
ბოლო წლებში სიმონიანი ტელევიზიის გარდა მნიშვნელოვანი ინტერნეტ რესურსების მფლობელიც გახდა. პროპაგანდისტის განკარგულებაშია ტროლებისა და ბოტების მოცულობითი არმია, კონსპირაციული თეორიებისა და ტყუილების გამავრცელებელი ათასობით ვებ-გვერდი და სხვადასხვა მედია რესურსი.
საინტერესოა, რომ პროპაგანდაში აქტიურად არის ჩართული სიმონიანის მეუღლე, ტიგრან კეოსაიანიც, რომელსაც НТВ-ზე მდარე ხარისხის იუმორისტული შოუ, საერთაშორისო პილარამა მიჰყავს. ამ საეჭვო რეპუტაციის შოუს პროდიუსერი თავად სიმონიანია. გადაცემა გაჟღენთილია რასიზმით, ქსენოფობიით, ზიზღითა და მდარე ხარისხის იუმორით.
ცოტა ხნის წინ კეოსაიანმა თავისი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გამოსვლით ყაზახების უკმაყოფილება დაიმსახურა. მალევე ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კეოსაიანი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.
სიმონიანის ზიზღის მთავარი ობიექტი დემოკრატიული ქვეყნებია, თუმცა არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც შესაძლოა სიმონიანში არანაკლებ ზიზღს იწვევდეს - ეს არის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში სიმონიანი ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ ობიექტური ჟურნალისტიკა არ არსებობს და რომ ყველა სინამდვილეში ვიღაცის მსახურებაშია.
"ამასწინათ ვესაუბრე ერთ-ერთი ვითომ თავისუფალი დასავლური მედიის ჟურნალისტს რუსეთში, მე მას ვუთხარი: თქვენ ჯაშუშები ხართ, თქვენ სახელმწიფოს ღალატისთვის გაგასამართლებენ."