დაეხმარე რეალპოლიტიკას

გრძლად საკითხავი

14:16 | 22 სექტემბერი, 2026 — ახლო აღმოსავლეთი

აბდულ-მალიქ ალ-ჰუთი - იმენელ ამბოხებულთა ლიდერი, რომელიც ნავთობის ბაზრებს აფრთხობს

აბდულ-მალიქ ალ-ჰუთი - იმენელ ამბოხებულთა ლიდერი

აბდულ-მალიქ ალ-ჰუთი წლებია საჯაროდ არ გამოჩენილა. მისი ადგილმდებარეობა უცნობია ყველასთვის, ყველაზე სანდო თანაშემწეების გარდა. იემენში ამბობენ, რომ ის თავს ქვეყნის ჩრდილოეთში, საადის მშობლიურ მთებში მოწყობილი გვირაბებისა და გამოქვებულების გაშლილ ქსელს აფარებს. მიუხედავად ამისა, საკუთარი თავშესაფრიდან მან მტკივნეული დარტყმები მიაყენა არამხოლოდ საუდის არაბეთს, არამედ ფაქტობრივად გახსნა ახალი ფრონტი ახლო აღმოსავლეთში, დააფრთხო გლობალური ბაზრები და ხელი შეუწყო ირანის მცდელობას გაზარდოს წნეხი ნავთობის ფასებზე. 

თვეების განმავლობაში ალ-ჰუთის მიერ მართული ჰუსიტების მოძრაობა პასიური იყო ამერიკისა და მათი მთავარი მხარდამჭერის, ირანის სამხედრო დაპირისპირებაში. თუმცა გასულ ივლისში ალ-ჰუთიმ კამათელი გააგორა, როდესაც მისი ძალები შეტევაზე გადავიდნენ, რითიც ფაქტობრივად განაახლეს სამოქალაქო ომი, გამოაცხადეს საუდის არაბეთის პორტების ბლოკადა და მიზანში ამოიღეს მათი ტანკერები. 

მომდევნო კვირებში ჰუსიტების შეტევები უფრო ინტენსიური გახდა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ყოველდღიურ დარტყმებში გადაიზარდა. პარალელურად ალ-ჰუთის სახმელეთო დანაყოფებმა წამოიწყეს მასშტაბური სახმელეთო იერიში იემენის სამხრეთში, წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ და კიდევ უფრო განამტკიცეს მათი კონტროლი ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე - საკვანძო საზღვაო არტერიაზე. 

ჰუსიტების იერიშის ფონზე მკვეთრად გაიზარდა ნავთობის საერთაშორისო ფასი და გააძლიერა ალ-ჰუთის პოზიცია როგორც ირანის მიერ ორგანიზებული წინააღმდეგობის რკალის ერთ-ერთი ყველაზე უნარიანი ლიდერისა. 

ჰუსიტების მოძრაობა შიიტური ისლამის ზაიდიტური მიმდინარეობის რადიკალურ ინტერპრეტაციას ეფუძნება - მათი დოქტრინა მკაცრად ანტი-ისრაელური და ანტი-ამერიკულ ხასიათისაა მოძრაობის გამოჩენის მომენტიდან. დაჯგუფება 1990-იან წლებში გამოჩნდა და მისი ლიდერი, აბდულ-მალიქის უფროსი ძმა,ჰუსეინი იყო. 

წლების განმავლობაში კრიტიკოსები ჰუსიტებს გაუნათლებელ მთის მეომრებს უწოდებდნენ, რომლებიც სამხედრო ბათინკების ნაცვლად, ღია სანდლებით ომობდნენ. თუმცა 2004 წელს, მორიგ სამხედრო შეტაკებაში უფროსი ძმის სიკვდილის შემდეგ, აბდულ-მალიქის მეთაურობით ჰუსიტები რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან, გამოცდილ და იდეოლოგიზებულ არასახელმწიფო აქტორებად ჩამოყალიბდნენ.

აბდულ-მალიქის მეთაურობით ჰუსიტებმა რამდენიმეჯერ იომეს იემენის ყოფილი დიქტატორის ალი აბდულა სალეჰის ძალებთან, ხშირი იყო სასაზღვრო შეტაკებები საუდის არაბეთთანაც. პარალელურად ჰუსიტები მათ მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთში ახორციელებდნენ სოციალურ პროექტებს და ახალ წევრთა რეკრუტირების მასშტაბურ კამპანიას. 

პროვინციიდან ეროვნულ ასპარეზზე გასვლის შანსი ჰუსიტებს 2011 წელს მიმდინარე არაბული გაზაფხულის დროს მიეცათ, როდესაც სალეჰის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ჰუსიტებმა, რომლებიც მანამდე  ათწლეულების განმავლობაში ადანაშაულებდნენ სალეჰს კორუფციაში მხარი დაუჭირეს საპროტესტო აქციებს, სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს და ვეტერანებს, რომლებმაც საბოლოოდ აიძულეს სალეჰი გადამდგარიყო თანამდებობიდან. 

თავდაპირველად ჰუსიტებს მხარს უჭერდნენ სხვა ჯგუფებიც, თუმცა დროთა განმავლობაში სუსტი გარდამავალი მთავრობის ფონზე მათ შორის დაძაბულობამ იმატა, რაც ჰუსიტების მიერ დედაქალაქის დაკავებით, დროებითი მთავრობის გაძევებით და სამხრეთით, ადენის მიმართულებით იერიშით დასრულდა. 

მათ მიერ მხარდაჭერილი რეჟიმის მოულოდნელი კოლაფსით დამფრთხალმა და ჰუსიტების ირანთან ახლო კავშირებით შეშინებულმა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახმა კონფლიქტში პირდაპირ სამხედრო ჩარევა გადაწყვიტა. ერ-რიადი სათავეში ჩაუდგა სპარსეთის ყურის მონარქიებისგან დაკომპლექტებულ კოალიციას და ამ დროიდან მოყოლებული გაჭედილია ჰუსიტებთან ძვირადღირებულ ომში, რომლის განმავლობაში ალ-ჰუთის მოძრაობამ გაუძლო არამხოლოდ არაბული კოალიციის ინტენსიურ საჰაერო კამპანიას, არამედ ისრაელისა და ამერიკის საავიაციო დარტყმებსაც. 

ჰუსიტები კიდევ უფრო რადიკალურები გახდნენ 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, მათი რიტორიკა ისრაელისა და ამერიკის მიმართ კიდევ უფრო მტრული გახდა. ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე, პალესტინელებთან სოლიდარობის მიზნით ჰუსიტებმა დაიწყეს შეტევები ბაბ-ელ-მანდების სრუტეში სავაჭრო გემების წინააღმდეგ და პერიოდულად ცდილობდნენ სარაკეტო დარტყმების ორგანიზებას ისრაელის წინააღმდეგ - პარალელურად საგრნძობლად გამკაცრდა მათი მმართველობის სტილი იემენში. 

თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადა ჰუსიტების წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო კამპანიით დაიწყო დონალდ ტრამპმა, თუმცა ამას მოძრაობის მხრიდან მნიშვნელოვანი დათმობები არ მოჰყოლია. ტრამპმა რამდენიმეჯერ საჯაროდაც შეაქო დაჯგუფების "სიმამაცე" და "დარტყმების მონელების უნარი." 

კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა დაჯგუფება წავიდეს დათმობებზე ბოლო კვირებში მიღწეული წარმატებების ფონზე. რეგიონის მკვლევრები ამბობენ, რომ ალ-ჰუთი კარგად იაზრებს მის უპირატესობებს როგორც წმინდა სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. 

ამერიკაში მოქმედი საკონსულტაციო ცენტრ Basha Raport-ის დამფუძნებლის, მოჰამად ალ-ბაშას შეფასებით, ალ-ჰუთის იზოლაცია გარე სამყაროსგან ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა და ის "მეგალომანიაკად" ყალიბდება, რომელსაც მართლაც სჯერა, რომ სჯერა, რომ "გაათავისუფლებს პალესტინას." თავად ჰუსიტების იდეოლოგიას ბაშა აღწერს როგორც ზაიდიზმისა და ჯიჰადიზმის ნაზავს, "მუსლიმური საძმოსთვის დამახასიათებელი მისტიციზმით." 

სუფთა იდეოლოგიური თვალსაზრისით ჰუსიტებს უფრო ნაკლები აქვთ საერთო ირანთან, ვიდრე თეირანის მიერ მხარდაჭერილ სხვა პროქსი დაჯგუფებებს, თუმცა მათი ურთიერთობები უკვე ათწლეულებს ითვლის და განსაკუთრებით განმტკიცდა 2011 წელს იემენში დაწყებული პოლიტიკური მღელვარების ფონზე, რომლის ფარგლებში ისლამურმა რესპუბლიკამ ფსონი სწორედ მათზე დადო. 

კავშირები კიდევ გაიზარდა სამოქალაქო ომში საუდის არაბეთის ჩარევის ფონზე, რა დროსაც ირანმა ჰუსიტი მებრძოლების წვრთნების გარდა, მათთვის ახალი შეიარაღების გადაცემის პროცესი დაიწყო. მკვლევრები მიუთითებენ - მიუხედავად იმისა, რომ ალ-ჰუთის ქმედებები ირანის ინტერესებსაც ემსახურება ის არ იღებს ბრძანებებს თეირანიდან. ჰუსიტებს შორის არიან ისეთებიც, ვინც ირანთან კავშირების გაღრმავებას ემხრობიან და სხვებიც, რომლებიც უფრო ნაციონალისტურ მიდგომას ინარჩუნებენ. 

სავარაუდოა, რომ ჰუსიტების მიერ წამოწყებული იერიშების ძირითადი მიზანია აიძულონ საუდის არაბეთი მათთვის სასურველ დათმობებზე წავიდეს. მართალია ჰუსიტების და ირანის მიზნები თანხვედრაშია და ორივე მათგანს წითელი ზღვის აუზში ამერიკის სამხედრო გავლენის განეიტრალება სურს, თუმცა ექსპერტების შეფასებით ალ-ჰუთი უმთავრესად და უპირველესად შიდა დღის წესრიგის კარნახით მოქმედებს და მისი მიზანია სამოქალაქო ომი მისთვის მისაღებ პირობებზე დაასრულოს. 

ჰუსიტების მოულოდნელმა წარმატებამ პირველ რიგში საუდის არაბეთის მდგომარეობა გაართულა, რომლის მმართველი პრინცი, მოჰამად ბინ-სალმანი უკვე წლებია ცდილობს იემენის სამოქალაქო ომიდან გასვლას. მოულოდნელი და კოორდინირებული სახმელეთო იერიშის ფარგლებში ჰუსიტებმა დაიკავეს წითელ ზღვაზე მდებარე მოხის პორტი და ბაბ-ელ-მანდების სრუტის მახლობლად მდებარე კუნძული პერიმი. 

ჰუსიტების იერიშის ფარგლებში ჩამოიშალა ანტი-ჰუსიტური ფრონტის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ვრცელდებოდა ცნობები სამთავრობო ძალების ჯარისკაცების დეზერტირობის, იარაღის გაყიდვისა და ჰუსიტების მხარეს გადასვლის შესახებ. ჰუსიტებს, რომლებიც ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონებს აკონტროლებენ უპირისპირდებიან სამთავრობო ძალები - ნაკლებად შეკავშირებული და ერთმანეთისგან განსხვავებული შეიარაღებული ფრაქციების გაერთიანება. 

რეგიონის ექსპერტების შეფასებით საუდის არაბეთი ხელფასს უხდის იემენის სამთავრობო არმიის 400 ათასამდე მებრძოლს - ამ ფონზე კიდევ უფრო ხმამაღალა ისმის კითხვები, თუ როგორ იხარჯებოდა აღნიშნული თანხები და ზოგადად, რამდენად ეფექტურია სამეფოს სტრატეგია იემენში. 

ანტი-ჰუსიტურ ალიანსს დიდი დარტყმა მიადგა გასული წლის მიწურულს, როდესაც მოჰამად ბინ სალმანთან უთანხმოების ფონზე იემენიდან თავისი სამხედრო კონტინგენტი გაიყვანა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა - კოალიციის საკვანძო წევრმა. აბუ-დაბისა და ერ-რიადის უთანხმოების ფონზე დაიშალა სამხრეთის გარდამავალი საბჭოც, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სამხედრო ძალას წარმოადგენდა. მოხის პორტს გასულ წლებში სწორედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარდაჭერილი NRF-ის ძალები აკონტროლებდნენ. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ადენში მოქმედმა სამხრეთის მთავრობამ მოახერხა ძალების გაჯაგუფება და სამხრეთის ფრონტი ჯერჯერობით არ ჩამოშლილა. კვლავ გააქტიურდა საუდის არაბეთის საჰაერო კამპანია - გასული კვირების განმავლობაში სამეფომ იემენის ტერიტორიაზე 300-ზე მეტი საავიაციო დარტყმა მიიტანა. 

ბოლოს როდესაც ჰუსიტები ასეთ მანძილზე მიუახლოვდნენ ბაბ-ელ-მანდების სრუტეს, 2015 წელს მათ განსადევნად საუდის არაბეთის მხარდაჭერილი საბრძოლო ალიანსს 18 თვე დაჭირდა. იემენის სამოქალაქო ომი თავის ყველაზე ინტენსიურ ფაზაში გაეროს მიერ დასახელებული იყო როგორც "მსოფლიოს უმხვილესი ჰუმანიტარული კატასტროფა." ომს 300 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 5 მილიონი დევნილი გახდა. გაეროს შეფასებით ომის მიმდინარეობისას ყველა მონაწილემ ჩაიდინა ომის დანაშაულები და ისეთი ქმედებები, რომელიც შესაძლოა შეფასდეს დანაშაულად კაცობრიობის წინაშე. 

2022 წელს მეომარმა მხარეებმა ზავს მიაღწიეს, სწორედ ეს ზავი დაარღვია ალ-ჰუთიმ ივლისში დაწყებული იერიშით. ექსპერტების შეფასებით, სამოქალაქო ომის განახლება აბდულ-მალიქ ალ-ჰუთიმ მის კონტროლირებად ტერიტორიაზე შექმნილი მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე გადაწყვიტა. ჰუსიტების მთავარი მიზანია აიძულონ საუდის არაბეთი უარი თქვას მათი პორტებისა და აეროპორტების ბლოკირებაზე, ასევე ერ-რიადმა დაიწყოს ხელფასების გადახდა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და გაანაწილოს იემენური ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი. 

იემენში შიშობენ, რომ სამოქალაქო ომის ყველაზე ცხელ ფაზაში დაბრუნდნენ. ჰუსიტების ბოლო იერიშის შემდეგ, თავისი სახლის დატოვება მოუწია 125 ათასს ადამიანს. გაეროს მონაცემებით იემენის 42 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარი მუდმივი შიმშილის ზღვარზეა. 

გასულ დღეებში მასშტაბური ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ ტაიზის მიდამოებში, სადაც ჰუსიტებს სამთავრობო ალიანსში შემავალი, ისლამისტური მოძრაობა "ისლას" ძალები უპირისპირდებიან. საერთაშორისო კრიზის ჯგუფის (ICG) იემენის პროგრამის ხელმძღვანელის, აჰმედ ნაგის თქმით, სამთავრობო ძალებს შესწევთ უნარი დაიბრუნონ კონტროლი დაკარგულ ტერიტორიებზე, თუმცა ამას საუდის არაბეთის მასშტაბური ძალისხმევა დაჭირდება და ჰუსიტების ტექნოლოგიური უპირატესობის გათვალისწინებით არც ამ შემთხვევაში იქნება მარტივი. 

"არსებულ ვითარებაში საუდის არაბეთს არ აქვს კარგი არჩევანი. მათ შეუძლიათ პოლიტიკური პროცესის წამოწყება, მაგრამ ესეც ძალიან ძვირად დაუჯდებათ რადგან მოლაპარააკებების პროცესში სუსტი პოზიციით შედიან. ჰუსიტებმა გაზარდეს მოთხოვნები, რადგანაც მეტ ტერიტორიას აკონტროლებენ. მათთვის ეს დიდი გამარჯვებაა, რომელიც უნდა აისახოს ნებისმიერ პოლიტიკურ შეთანხმებაში საუდის არაბეთთან"- ამბობს ნაგი. 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე