დაეხმარე რეალპოლიტიკას

გრძლად საკითხავი

18:02 | 11 ოქტომბერი, 2026 — გერმანია

აუგუსტ ჰანინგის საოცარი ისტორია - ჯაშუშური სკანდალი რომელმაც გერმანია შეარყია

სამშაბათი დილა იყო, როდესაც ნიღბიანმა პოლიციელებმა აგურის სახლიდან ხანდაზმული მამაკაცი გამოიყვანეს. მას შავი პიჯაკის ქვეშ თეთრი პერანგი ეცვა, ჭაღარა თმა კი გვერდზე ჰქონდა გადავარცხნილი. წელში გამართული, ხელბორკილების გარეშე, გარეგნულად მშვიდი, ჰანინგი შავი მიკროავტობუსისკენ გაემართა, რომელიც პოლიციას მისი სახლის წინ ჰყავდა გაჩერებული. ასე დააპატიმრეს გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის, BND-ის ყოფილი უფროსი აუგუსტ ჰანინგი კარლსრუეში, საგამოძიებო მოსამართლესთან წაიყვანეს. 

მიუნსტერთან ახლოს, ნორდვალდეს მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა რეიდმა მძლავრი რეზონანსი გამოიწვია. წლების განმავლობაში 80 წლის ჰანინგი გერმანიის უსაფრთხოების აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო და თანამდებობებს იკავებდა ფედერალურ კანცელარიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და BND-ში.

საიდუმლო სამსახურების სამყარო მდიდარია სკანდალებითა თუ მცირე ინტრიგებით, თუმცა ბრალდებები, რომლებიც გამომძიებლებმა ჰანინგს წაუყენეს, სრულიად სხვა მასშტაბისაა. ამ საქმეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სკანდალის ყველა ნიშანი აქვს.

ჰანინგისა და მისი სავარაუდო თანამზრახველის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ისედაც საეჭვო რეპუტაციასა და სანდოობას კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. ამასთან, ეს საქმე ამხელს იმ ყოფილ მაღალჩინოსანთა ქცევას, რომლებმაც, უზრუნველყოფილი პენსიონერობის მიუხედავად, საკუთარი კავშირები და ე.წ. ინსაიდერული ცოდნა დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციეს; ან, როგორც ამას ჰანინგს ედავებიან, შესაძლოა "სახელმწიფო საიდუმლოებები მოგების მიზნითაც კი გამოიყენეს", რასაც თავად უარყოფს.

გერმანიის ფედერალური პროკურატურა 5 თვის განმავლობაში იძიებდა ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოებების ერთ-ერთი ყოფილი მთავარი მცველის საქმეს და საბოლოოდ მისი დაკავების ორდერიც მოიპოვა. უწყება გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ყოფილ დირექტორს სამშობლოს ღალატის შემცველ ჯაშუშობასა და სახელმწიფო საიდუმლოების მოპოვების მცდელობაში სდებს ბრალს. მას ასევე ედავებიან ღალატის მცდელობასა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის სასარგებლოდ აგენტურულ საქმიანობას. DER SPIEGEL-ის ცნობით, გამომძიებლები ასევე ამოწმებენ ეჭვს, რომ ის ინფორმაციას აწვდიდა აზერბაიჯანის სპეცსამსახურს. 

გამომძიებელთა ვარაუდით, ჰანინგი საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ წლების განმავლობაში იღებდა საიდუმლო ინფორმაციას BND-სგან და მას თავის კომერციულ საკონსულტაციო საქმიანობაში იყენებდა.

გამოძიების თანახმად, ჰანინგის ინფორმატორი მისი ყოფილი კოლეგა იყო: ამჟამად 64 წლის კაცი, რომელიც პროკურატურის მიერ იდენტიფიცირებულია როგორც მანფრედ დ. - მისი აპარატის ყოფილი უფროსი. მანფრედ დ. ბად-ტიოლც-ვოლფრატსჰაუზენის რაიონში საკუთარ სახლში იმავე დღეს დააკავეს. ამჟამად ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 

ჰანინგმა BND 2005 წელს დატოვა და 4 წლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე საჯარო კარიერაც დაასრულა, მანფრედ დ. კი BND-ში მაღალ თანამდებობაზე 2012 წლიდან 2026 წლის მარტში პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა და უწყების შემდგომი ხელმძღვანელების აპარატის უფროსის პოსტს იკავებდა.

კანცელარიის გასაიდუმლოებული ბრიფინგები

პროკურატურის განცხადების მიხედვით, 2022 წლის ივნისამდე მანფრედ დ.-მ, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, თავის ყოფილ უფროსს BND-ს დაახლოებით 2000 დოკუმენტი გადასცა, მათ შორის არაერთი მკაცრად დაცული სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველი მასალებიც. 

მიჩნეულია, რომ სხვა დოკუმენტებს შორის საუბარია სამსახურის ხელმძღვანელობისთვის მომზადებულ მასალებზეც, რომლებსაც კანცელარიაში ყოველკვირეული სადაზვერვო ბრიფინგებზე განიხილავენ - ჯგუფი ყოველთვის დახურულ შეხვედრაზე იკრიბება და მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს კრიზისებს განიხილავს - უკრაინის ომიდან დაწყებული, ირანის ბირთვული პროგრამით დამთავრებული.

მსგავსი ჩანაწერები როგორც წესი შეიცავს უამრავ განსაკუთრებით სენსიტიურ ინფორმაციას, რომელთა ნაწილიც უცხოელი პარტნიორების სპეცსამსახურებისგან მომდინარეობს, შესაბამისად საქმეს შესაძლოა სერიოზული საერთაშორისო გამოძახილი მოჰყვეს.

ჰანინგის იურისტები ადასტურებენ, რომ მის სახლში ინახებოდა საიდუმლო დოკუმენტები, თუმცა უარყოფენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ინფორმაციით ვაჭრობდა ან გადასცემდა რომელიმე მხარეს, რაც დამაზიანებელი იქნებოდა გერმანიის ინტერესებისთვის. 

ვესტფალიელი აგურის ქარხნის მფლობელის შვილმა, აუგუსტ ჰანინგმა საჯარო სამსახურში კარიერა ბერლინის კედლის დაცემამდე დაიწყო. სამართლის დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ, იგი, როგორც ახალგაზრდა იურისტი, პირველ თანამდებობებზე შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ჰელმუტ შმიდტის კანცელარიაში მსახურობდა. როგორც მოგვიანებით თავად ამბობდა აღმოსავლეთ ბერლინში დასავლეთ გერმანიის მუდმივ წარმომადგენლობაში გატარებულმა პერიოდმა -1986 წლიდან ბერლინის კედლის დაცემამდე - მის პროფესიულ ჩამოყალიბებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. ჰანინგი წარმომადგენლობის იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობდა, მათ შორის "საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ოფიცრის" თანამდებობაზეც.

კანცელარიაში დაბრუნების შემდეგ ჰანინგი ბერნდ შმიდბაუერის თანაშემწე გახდა, რომელიც იმ დროს სადაზვერვო სამსახურების კოორდინატორი იყო. კანცლერ, ჰელმუტ კოლის დაზვერვის კოორდინატორი, შმიდბაუერი ცნობილი იყო, კულუარული დიპლომატიით და თანამდებობაზე ყოფნისას არაერთ სკანდალშიც გაეხვა - მას ზედმეტსახელად "აგენტ 008"-ს ეძახდნენ.

სწორედ შმიდბაუერმა დააწინაურა ჰანინგი, რომელმაც მალევე დელიკატური მისიებიც იტვირთა, მაგალითად, ჰეზბოლასა და ისრაელს შორის გამართულ მოლაპარაკებებში, რომელში მონაწილეობასაც წლების შემდეგ სიამოვნებით იხსენებდა. ჰანინგი სიამაყით ჰყვებოდა ჰეზბოლას ყოფილ ლიდერ ჰასან ნასრალასთან, "მოსადის" რამდენიმე ყოფილ შეფთან და გავლენიან რუსებთან თავის მჭიდრო ურთიერთობებზე.

გაფლანგული რეპუტაცია 

1990-იანი წლების მიწურულს ჰანინგი BND-ს დირექტორად დაინიშნა - უწყების ხელმძღვანელის რანგში შეხვდა ჰანინგი 11 სექტემბრის თავდასხმებს შეესწრო. ტერაქტის შემსრულებლებს შორის იყვნენ ტერორისტები, რომლებიც ჰამბურგში სწავლობდნენ. ამ ფონზე ჰანინგმა სამსახურის მასშტაბური რეფორმა წამოიწყო და იგი პოლიტიკას დაუახლოვა, მათ შორის ფიზიკურადაც: მისი ინიციატივით სააგენტოს შტაბ-ბინა მიუნხენის შემოგარენიდან ბერლინში გადაიტანეს, რამაც კოლეგების წრეში მას დიდი პატივისცემა მოუტანა. 

საიდუმლო სამსახურის დატოვების შემდეგ, ჰანინგი 2005 წელს კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა და, სახელმწიფო მდივნის რანგში, მაშინდელი მინისტრის, ვოლფგანგ შოიბლეს, ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. როგორც იურისტი და ყოფილი მზვერავი, ჰანინგი არაერთხელ გამოსულა მწვავედ ინფორმაციის გაჟონვის წინააღმდეგ. ედვარდ სნოუდენი მისთვის NSA-ის ღირსეული მამხილებელი კი არა, "შიდა საფრთხე" იყო. როდესაც საიდუმლო დოკუმენტებმა ინტერნეტპლატფორმა netzpolitik.org-მდე მიაღწია, ჰანინგმა "ინფორმაციის გაჟონვის კულტურა' გააკრიტიკა.

საჯარო სამსახურში კარიერის დასრულების შემდეგ ჰანინგი ჩრდილში მყოფ გავლენიან ფიგურად რჩებოდა, რომელსაც ბოლო დრომდე მჭიდრო კავშირები ჰქონდა ჟურნალისტებთან და სადაზვერვო წრეებთან. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თუ ამ სფეროს სხვა ღონისძიებებზე სადა სათვალიანი, თავშეკავებული ჯენტლმენი მუდამ სასურველი და ხშირი სტუმარი იყო.

ჰანინგი ხშირად ერთვებოდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიტიკის დებატებშიც და  BND-სთვის მეტ უფლებამოსილებას ითხოვდა, რომელსაც, საერთაშორისო მასშტაბით შედარებისას, "დაზვერვის სამსახურებს შორის ვეგეტარიანელად" მიიჩნევდა. სხვა დროს ლტოლვილთა პოლიტიკაზე აკეთებდა კომენტარს და 2015 წლის შემოდგომაზე კანცლერ ანგელა მერკელისგან კურსის შეცვლა მოითხოვა.

ამავდროულად, ყოფილი მენტორის, შმიდბაუერის მსგავსად, საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ მან საკონსულტაციო საქმიანობის ახალი მიმართულება წამოიწყო - და საკუთარი გავლენიანი საერთაშორისო კავშირებით სარგებელიც ნახა. მეუღლესთან, კულინარიული წიგნის, "Top(f) Secret"-ის თანაავტორთან ერთად, მან "Hanning Consult" დააფუძნა. მოგვიანებით ის მუშაობდა უსაფრთხოების კომპანია "System 360"-სა და მის მშობელ კომპანია "Pluteos"-ში, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლუცერნშია დაფუძნებული. საკუთარ ვებგვერდზე კომპანია ბოლომდე წარმოაჩენს "ცნობილ საჯარო მოხელეს, დოქტორ აუგუსტ ჰანინგს", როგორც დირექტორთა საბჭოს წევრს.

თუმცა, თუ ჰანინგი, როგორც მაღალი რანგის საჯარო მოხელე, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ახალმა კარიერამ მას მალევე შეულახა რეპუტაცია. ჰანინგის სახელი იყიდებოდა - ის "სწორი ანაზღაურების" სანაცვლოდ საეჭვო რეპუტაციის კლიენტებთან მუშაობასაც არ თაკილობდა. ერთ-ერთი ასეთი საეჭვო კლიენტი რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა იყო. 

2012 წელს დერიპასკა ლონდონის სასამართლოში კიდევ ერთ ოლიგარქს, მიხაილ ჩორნის, იმ დროისთვის რუსეთის უმსხვილესი ალუმინის კონგლომერატის აქციების ფულის გამო ედავებოდა. ეს 1990-იანი წლების ცნობილი "ალუმინის ომების" გამოძახილი იყო - პერიოდისა, როდესაც რუსული მრეწველობის პრივატიზაციისას ათობით მენეჯერი და განგსტერი დახოცეს, გამარჯვებული კი დერიპასკა გამოვიდა. ჩორნიმ ყოფილ ბიზნესპარტნიორს მილიარდების გამო უჩივლა, დერიპასკას მხარეს კი წერილობითი ჩვენებით მოწმედ მოწვეულ ხალხს შორის აუგუსტ ჰანინგიც იყო.

ბიზნესი წესების გარეშე

როცა საქმე ბიზნესს ეხებოდა, როგორც ჩანს, ჰანინგს ყოველგვარი სინდისის ქენჯნა მალევე გაუქრა. როდესაც "მოტოროლა" ფედერალური პოლიციისთვის სამხრე კამერების მიწოდების კონტრაქტის მოპოვებას ცდილობდა, ჰანინგი კომპანიის ინტერესებს შინაგან საქმეთა სამინისტროში - საკუთარ ყოფილ სამუშაო ადგილზე - ლობირებდა. 

ჰანინგი არც ავტორიტარულ სახელმწიფოებთან ურთიერთობას ერიდებოდა, ჯერ კიდევ 2011 წელს გადამდგარი მაღალჩინოსანი ბაქოში გამართული ადამიანის უფლებათა ფორუმის მონაწილეთა სიაში ფიგურირებდა. მოგვიანებით ჰანინგი 'გერმანულ-აზერბაიჯანული ფორუმის" გამგეობის წევრიც გახდა. 

BND ყოფილი ხელმძღვანელი პერიოდულად ჩინეთშიც მოგზაურობდა. ცნობილია, რომ ვან ძიენჭენგთან მეგობრობს - თადარიგის გენერალ-მაიორი ვანი წლების განმავლობაში ბერლინში სამხედრო ატაშეს თანამდებობას იკავებდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ ჩინელმა გენერალმა აღმოსავლეთ გერმანიის ბოლოსწინა მთავრობის მეთაურის, ჰანს მოდროუს მემუარები თარგმნა. ვანმა ჩინურად გამოსცა ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრედერთან საუბრების შესახებ დაწერილი წიგნი. 2017 წლის ივლისის წინასიტყვაობაში ვანმა ჰანინგს მადლობა გადაუხადა "მინიშნებებისა და განმარტებებისთვის." ჰანინგსა და გადამდგარ გენერალ-მაიორს საქმიანი ურთიერთობაც აკავშირებდათ: ორივე ცინგდაოში მდებარე გერმანულ-ჩინური ეკოპარკის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.

ის, რომ ჰანინგის საქმიანი გარიგებები საეჭვოდ გამოიყურებოდა, ფედერალურ მთავრობაშიც იცოდნენ. მით უფრო, რომ მისი მეორე კარიერა გამონაკლისი არ ყოფილა. გერჰარდ შინდლერმა, ჰანინგის ერთ-ერთმა მემკვიდრემ, სადაზვერვო სამსახურის დატოვების შემდეგ სააგენტო "Friedrich30"-ში დაიწყო მუშაობა. იქ დასაქმდა გიუნტერ ჰაისიც, კანცელარიის დაზვერვის ყოფილი კოორდინატორი. ისევე როგორც ბუნდესვერის ყოფილი გენერალი ჰანს-ლოთარ დომროზე, მას შემდეგ, რაც მან ნატოში წამყვანი თანამდებობა დატოვა.

ბუნდესტაგის საპარლამენტო კონტროლის კომიტეტში, რომელსაც სადაზვერვო სამსახურებზე ზედამხედველობა ევალება, კანონმდებლებმა მსგავსი საკონსულტაციო საქმიანობის საკითხი არაერთხელ წამოჭრეს. 2023 წელს მათ საჯარო გაფრთხილებაც კი გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ არსებობს საფრთხე, "სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული" ინფორმაცია "ავტორიტარული რეჟიმებისთვის" გახდეს ხელმისაწვდომი. გაფრთხილებაში აღნიშნული იყო, რომ გადამდგარი თანამშრომლების ეს დამატებითი საქმიანობა შესაძლოა უსაფრთხოების რისკად იქცეს. თუმცა ამ პრაქტიკისთვის წერტილის დასმა ვერცერთმა ფედერალურმა მთავრობამ ვერ გაბედა.

თუმცა არცერთ ყოფილ მაღალჩინოსანს არ გამოუცდია წითელი ხაზები იმ ზღვრამდე როგორც ჰანინგმა, რომელიც 10 წლის წინ ისეთ ავანტიურაში გადაეშვა, რაც ძვირად დაუჯდა. 2010-იანი წლების დასაწყისში ჰანინგი ლატვიური ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. DER SPIEGEL-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად ჰანინგის ანაზღაურება ყოველთვიურად 12 ათასს ევროს შეადგენდა. 

ინვესტორთან ჩაშლილი გარიგების შემდეგ ბანკი გადახდისუუნარო გახდა, ბანკის აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი კი გაქრა, რის გამოც საქმეში ლატვიის დეპოზიტების საგარანტიო ფონდის ჩართვა გახდა საჭირო. შედეგად, ჰანინგისა და სხვა ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მრავალმილიონიანი სარჩელი აღიძრა. ჰანინგი უარყოფდა დანაშაულებრივი ქმედებას, თუმცა, ლატვიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დაგროვილი საპენსიო ფონდის 2/3 დაუყადაღეს.

ჰანინგი წლების განმავლობაში ახერხებდა საეჭვო გარიგებებში მონაწილეობას მაშინ როცა მას, როგორც ყოფილ მაღალჩინოსანს, BND-ის მიღებებზე კვლავაც სიხარულით ხვდებოდნენ. ჰანინგი იმ ცერემონიასაც ესწრებოდა, რომელზეც უფლებამოსილება BND-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს, მარტინ იეგერს გადაეცა. ეს გასული წლის სექტემბერში მოხდა.

აქედან რამდენიმე კვირაში ჰანინგს ნორდვალდეს მიწაზე მდებარე მამულში გამომძიებლები პირველად პირადად ესტუმრნენ: 2025 წლის 16 სექტემბერს ისინი მისი სახლისა და საოფისე ფართის გასაჩხრეკად მივიდნენ. დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი ეჭვმიტანილი გახდა იმავე სახელწოდების სტეიკჰაუსების დინასტიის წარმომადგენლის, კრისტინა ბლოკის ორი უმცროსი შვილის შესაძლო გატაცების მცდელობაში. სხვა ბრალდებების მსგავსად ჰანინგი ბრალეულობას აქაც უარყოფს. 

"ეს ძარცვას ჰგავდა"- დაიჩივლა მოგვიანებით BND-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ტელეკომპანია TV Berlin-თან ინტერვიუში. მისი თქმით, 23 პოლიციელმა მისი სახლი თავდაყირა დააყენა. გამომძიებლებმა წაიღეს 15 კომპიუტერი, 100-ზე მეტი მეხსიერების ელექტრონული ბარათი, პლანშეტი და მისი ჭკვიანი საათიც. გარდა ამისა, წაიღეს 60 საქაღალდეც. "არცერთ ნივთს, რაც მათ წაიღეს, ბლოკის საქმესთან საერთო არაფერი აქვს – და სწორედ ამან შემაშფოთა ყველაზე მეტად" - ამბობდა იმხანად ჰანინგი.

უკვე ცნობილია, რომ ჩხრეკისას ამოღებულ ნივთმტკიცებებს შორის იყო სადაზვერვო სამსახურის მიერ მომზადებული საიდუმლო დოკუმენტებიც; მათ შორის იყო რუსული არმიის შენაერთების პირადი შემადგენლობის რაოდენობრივი ანალიზი და სადაზვერვო მონაცემები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ.

მძიმე დარტყმა BND-სთვის

ჰანინგის დაკავება BND-ისთვის ცუდ დროს დაემთხვა. უწყებას ჯერ კიდევ არ მოუშუშებია განყოფილების ხელმძღვანელის საქმით მიყენებული დარტყმა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. სასამართლო პროცესი ბერლინის სასამართლოში 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული მიმდინარეობს.

ახლა კი გასაიდუმლოებული მასალების მორიგი შეუმჩნეველი გაჟონვა - თანაც უმაღლეს დონეზე და რამდენიმე წლის განმავლობაში - გერმანული სპეცსამსახურების მიმართ ნდობას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეარყევს. ჯაშუშთა სამყაროში კონფიდენციალურობაზე უფრო დიდი კაპიტალი არ არსებობს.

BND წარმომადგენლებმა ამ კვირაში უცხოელ პარტნიორ სამსახურებთან დაკავშირება დაიწყეს, რათა მომხდარის გამო წუხილი გამოეთქვათ; კოლეგებს განუცხადეს, რომ ზიანის სრული მასშტაბი ჯერ კიდევ არ იცოდნენ. მათი თქმით, როგორც კი დამატებითი დეტალები გახდებოდა ცნობილი, ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიაწვდიდნენ. სამსახურის  ხელმძღვანელმა იეგერმა რამდენიმე კოლეგას პირადადაც დაურეკა.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე