გრძლად საკითხავი

13:06 | 21 აგვისტო, 2026 — საბჭოთა კავშირი

გადატრიალება აკანკალებული ხელებით - აგვისტოს (ГКЧП) პუტჩი 35 წლის შემდეგ

აგვისტოს პუტჩის დროს დაღუპულთა დაკრძალვა.

ზუსტად 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1991 წლის აგვისტოში საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის (ГКЧП) წევრებმა ძალაუფლების მიტაცება სცადეს. მოსკოვში შეიყვანეს ტანკები, ქუჩებში ააგეს ბარიკადები, ხოლო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, გენადი იანაევი აკანკალებული ხელებით ცდილობდა ჟურნალისტების დარწმუნებას, რომ ეს არ იყო სახელმწიფო გადატრიალება.

რა არის ГКЧП?

საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი წარმოადგენდა საბჭოთა მთავრობისა და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაღალჩინოსნების ჯგუფს, რომელმაც 1991 წლის 19-21 აგვისტოს სცადა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება და თავის თავზე აიღო ქვეყნის მართვა, როგორც აღმოჩნდა, სულ რამდენიმე დღით.

თვითგამოცხადებული უწყება ცდილობდა, ხელისუფლებას ჩამოეშორებინა მიხაილ გორბაჩოვი, შეეწყვიტა გარდაქმნის [რედ. Перестройка] პოლიტიკა და არ დაეშვა ახალი სამოკავშირეო შეთანხმების [რედ. სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი] ხელმოწერა, რომელიც, კომიტეტის წევრთა აზრით, პრაქტიკულად ანგრევდა საბჭოთა კავშირს.

შეთქმულებმა თითქმის ყველა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მათი დავალებით სამხედრო ნაწილები შევიდნენ მოსკოვსა და საბჭოთა კავშირის სხვა უმსხვილეს ქალაქებში, დროებით შეჩერდა გაზეთების გამოცემა. კომიტეტს მხარი არ დაუჭირა მოკავშირე რესპუბლიკების ხელმძღვანელობამ, ხოლო მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (РСФСР) პრეზიდენტი, ბორის ელცინი იყო.

შეთქმულება მოსკოვში გამართული მასობრივი მიტინგების ფონზე კრახით, კომიტეტის გაუქმებითა და მისი წევრების დაპატიმრებით დასრულდა; მოვლენა ცნობილი გახდა „აგვისტოს პუტჩის“ სახელით.

არაერთი ისტორიკოსის აზრით, პუტჩმა კიდევ უფრო დააჩქარა კომუნისტური ბლოკისა და საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი, რომელმაც არსებობა ოფიციალურად იმავე წლის 26 დეკემბერს შეწყვიტა.

ყვავილები ტანკის ლულაში.

რატომ გაჩნდა ГКЧП?

კომიტეტის შექმნა დაკავშირებული იყო ქრონიკულ პოლიტიკურ კრიზისთან, რომელშიც საბჭოთა სისტემა 1980-იანი წლების მიწურულს შევიდა. კონსერვატიულად განწყობილი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მაღალჩინოსნები უკმაყოფილოები იყვნენ გარდაქმნის პოლიტიკის რეფორმებით, რაც პარტიის როლის დასუსტებასა და ახალი საკავშირო შეთანხმების პროცესში გადაიზარდა.

ახალი საკავშირო შეთანხმების - სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირის ხელმოწერის ცერემონია 1991 წლის 20 აგვისტოს უნდა გამართულიყო. კომპარტიის მაღალჩინოსნებს მიაჩნდათ, რომ ახალი შეთანხმება პრაქტიკულად აუქმებდა საბჭოთა კავშირს. ახალი შეთანხმების ტექსტი პირველად 14 აგვისტოს რეფორმისტულმა გაზეთმა „მოსკოვსკიე ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, იქმნებოდა 11 რესპუბლიკისგან შემდგარი ფედერაცია, ახალი დროშით, ნამგალისა და უროს გარეშე - შეთანხმების ხელმოწერაზე უარს ამბობდნენ საქართველო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.

საგანგებო მდგომარეობის შემოღების იდეა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაში 1991 წლის გაზაფხულიდან განიხილებოდა და ამ დისკუსიების შესახებ ცნობილი იყო გორბაჩოვისთვისაც, თუმცა მისი პოზიცია წინააღმდეგობრივი იყო. საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ განხილვები 1991 წლის ზაფხულში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) ხელმძღვანელმა თავის უწყებას შესაბამისი გეგმის შემუშავება დაავალა და, პარალელურად, მოქმედებების გეგმა შეათანხმა არმიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.

17 აგვისტოს КГБ-ს საიდუმლო რეზიდენციაში შეკრებილი შეთქმულები თავდაპირველად გეგმავდნენ, რომ პროცესი გორბაჩოვის თანხმობით წარემართათ, რომელიც იმ დროს ყირიმში შვებულებაში იმყოფებოდა.

უკვე 18 აგვისტოს ჯგუფის წარმომადგენლები კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის, ოლეგ შენინის ხელმძღვანელობით ყირიმში გორბაჩოვთან შესახვედრად გაემართნენ. საბჭოთა ლიდერმა უარი თქვა კომიტეტის წინადადებაზე და სახალხო დეპუტატების ან უზენაესი საბჭოს მოწვევა მოითხოვა. უარის შემდეგ შეთქმულებმა გორბაჩოვი ფოროსის რეზიდენციაში სრულ იზოლაციაში მოაქციეს და გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად ემოქმედათ.

იმავე საღამოს გამოქვეყნებულ მიმართვაში კომიტეტის წევრები საუბრობდნენ ქვეყნის უმართაობაზე, ჩიხში შესულ რეფორმებსა და მოსახლეობის ნდობის დაკარგვაზე. ცოტა ხანში ГКЧП-ს მიმართვას არაკონსტიტუციური და დანაშაულებრივი უწოდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის (РСФСР) პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა.

20 აგვისტოს ღამე - პუტჩის ყველაზე დაძაბული მომენტი.

ვინ შედიოდა ГКЧП-ს შემადგენლობაში?

  • გენადი იანაევი (1937 - 2010) - საბჭოთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი; ფორმალურად ხელმძღვანელობდა კომიტეტს და ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობებს;

  • ვალენტინ პავლოვი (1937 - 2003) - საბჭოთა კავშირის ნომინალური პრემიერ-მინისტრი;

  • ვლადიმირ კრიუჩკოვი (1924 - 2007) - სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) თავმჯდომარე;

  • დმიტრი იაზოვი (1924 - 2020) - თავდაცვის მინისტრი;

  • ბორის პუგო (1937 - 1991) - შინაგან საქმეთა მინისტრი;

  • ოლეგ ბაკლანოვი (1932 - 2021) - თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

  • ვასილი სტაროდუბცევი (1931 - 2011) - გლეხთა კავშირის თავმჯდომარე;

  • ალექსანდრ ტიზიაკოვი (1926 - 2019) - სახელმწიფო საწარმოების ასოციაციის პრეზიდენტი.

შეთქმულებს მხარი დაუჭირეს:

  • თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სახმელეთო ჯარების მთავარსარდალმა - ვალენტინ ვარენნიკოვმა;

  • პრეზიდენტის აპარატის უფროსმა - ვალერი ბოლდინმა;

  • კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრმა - ოლეგ შენინმა;

  • პრეზიდენტის პირადი დაცვის სამსახურის უფროსმა - ვლადიმირ მედვედევმა;

  • ყირიმში, ფოროსის რეზიდენციის დაცვის სამსახურის უფროსმა - ვიაჩესლავ გენერალოვმა;

  • სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ - გენიი აგეევმა;

  • უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ - ანატოლი ლუკიანოვმა.

რა იყო ГКЧП-ს მიზნები?

19 აგვისტოს დილით, რადიო და სატელევიზიო მიმართვაში კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხაილ გორბაჩოვი ვეღარ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტ იანაევს გადაეცემოდა.

საგანგებო პრესკონფერენციაზე შეთქმულები განმარტავდნენ, რომ კომიტეტის მიზანი იყო „ღრმა და ყოველმხრივი, პოლიტიკური, ეროვნული და სამოქალაქო კონფრონტაციის, ქაოსისა და ანარქიის კრიზისის დაძლევა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და უსაფრთხოებას, საბჭოთა კავშირის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

კომიტეტის წევრები მოსახლეობას ჰპირდებოდნენ, რომ უახლოეს მომავალში გამართავდნენ ახალი საკავშირო შეთანხმების საყოველთაო განხილვებს და უმოკლეს დროში დაამყარებდნენ კანონიერებასა და მართლწესრიგს.

გაეროსადმი გავრცელებულ მიმართვაში შეთქმულთა ფორმალური ლიდერი იანაევი ირწმუნებოდა, რომ საგანგებო მდგომარეობა საჭირო იყო ეკონომიკური კოლაფსისა და მასშტაბური სამოქალაქო კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად.

დასახული მიზნების მისაღწევად გამოცხადდა შემდეგი ზომები:

  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული ზომების აღსრულების უზრუნველყოფა;

  • იმ სახელმწიფო უწყებებისა და შეიარაღებული/გასამხედროებული ფორმირებების გაუქმება, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიოდნენ საბჭოთა კონსტიტუციასთან - ეს ზომები ეხებოდა ყველა საბჭოთა რესპუბლიკას, მათ შორის მათაც, რომლებმაც უარი თქვეს ახალი საკავშირო შეთანხმების ხელმოწერაზე;

  • იმ პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების დროებით აკრძალვა, რომლებიც ხელს უშლიდნენ ვითარების ნორმალიზაციას;

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე პირდაპირი სახელმწიფო კონტროლის დაწესება;

  • მიტინგების, გაფიცვებისა და დემონსტრაციების აკრძალვა;

  • კომენდანტის საათისა და სხვა საჭირო შეზღუდვების შემოღება;

  • უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო და სამეურნეო ობიექტების კონტროლი;

  • სასურსათო და სამრეწველო საწყობების ინვენტარიზაცია.

შეთქმულთა დაპატიმრებული ლიდერები „მატროსკაია ტიშინას“ ციხეში, 1991 წელი.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები - მოკლე ქრონოლოგია

17 აგვისტო - მოსკოვში, КГБ-ს დახურულ რეზიდენციაში იმართება შეთქმულთა პირველი შეხვედრა. გორბაჩოვისა და ლუკიანოვის გამოკლებით, საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა სხვა ლიდერი კომიტეტის წევრი ხდება;

18 აგვისტო - ფოროსის რეზიდენციაში მყოფი გორბაჩოვი უარს ეუბნება მასთან ჩასულ შეთქმულებს;

19 აგვისტო - ფოროსის რეზიდენცია გაძლიერებულ დაცვაზე აჰყავს КГБ-ს სევასტოპოლის პოლკს; რეზიდენციის მისასვლელი გზები გადაკეტილია, ზღვის მხრიდან აკვატორიას КГБ-ს მეხუთე ცალკეული ბრიგადის გემები აკონტროლებენ; რეზიდენციაში თიშავენ სამთავრობო კავშირგაბმულობას - გორბაჩოვი სრულ იზოლაციაშია.

იმავე დილით იანაევი, კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის შენობაში მართავს თავის პირველ და უკანასკნელ პრესკონფერენციას. ოპერატორების ყურადღებას იპყრობს იანაევის აკანკალებული ხელები წინასწარ დაწერილი განცხადების წაკითხვის დროს. ისტორიას რჩება ჟურნალისტ ტატიანა მალკინას კითხვა: „ბატონო იანაევ, იაზრებთ, რომ დღეს ღამით თქვენ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეთ?“

ვიცე-პრეზიდენტ იანაევისა და ГКЧП-ს განკარგულების შესაბამისად, მოსკოვში შეჰყავთ სამხედრო დანაყოფები: 362 ტანკი, 400-მდე ჯავშანტრანსპორტიორი, ჯამში დაახლოებით 4 ათასამდე ჯარისკაცი. სწორედ ამ მომენტში საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზია უჩვენებს ბალეტ „გედების ტბას“.

ГКЧП-ის საგანგებო პრესკონფერენციის შემდეგ ცენტრალური ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყდა და ეთერში ბალეტი „გედების ტბა“ გადიოდა.

იმავე საღამოს უზენაეს საბჭოსთან მობილიზებულ ჯავშანტრანსპორტიორზე ასული ელცინი კითხულობს განცხადებას და მოქალაქეებს წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს;

20 აგვისტო - ელცინის მოწოდების შემდეგ მოსკოვში, საბჭოების სახლთან (რომელიც ხალხში ცნობილია, როგორც „თეთრი სახლი“), იწყება მასობრივი შეკრება; მომიტინგეები აგებენ ბარიკადებს. პარალელურად, ГКЧП განიხილავს შტურმის ვარიანტს, თუმცა საბოლოო ბრძანებას მაინც არ გასცემს. საღამოს ელცინის მხარეს გადადის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური, პაველ გრაჩოვი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე შტურმის შესაძლებლობას თავად განიხილავდა;

19 აგვისტო: ჯავშანტრანსპორტიორზე ასული ბორის ელცინი პუტჩის საწინააღმდეგო მიმართვას კითხულობს.

21 აგვისტო - ახალი არბატის მახლობლად კლავენ 3 დემონსტრანტს, რომლებიც წინ აღუდგნენ თეთრი სახლისკენ მიმავალ სამხედრო კოლონას. აღნიშნულ კოლონას მეთაურობდა იმ დროს კაპიტანი სერგეი სუროვიკინი, რომელიც მოგვიანებით უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო არმიის მთავარსარდლის პოსტზე გახდება ცნობილი. დემონსტრანტების დაღუპვის შემდეგ დედაქალაქიდან ჯარების გაყვანას ითხოვენ შეთქმულებაში მონაწილე გენერლებიც.

ყირიმში მყოფი გორბაჩოვი უარს ამბობს მასთან საკონსულტაციოდ ჩასულ კომიტეტის წევრებთან მოლაპარაკებებზე.

აქედან რამდენიმე საათში იანაევი ხელს აწერს კომიტეტის გაუქმებისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე უარის თქმის განკარგულებას;

22 აგვისტო - თეთრი სახლის თავზე საბჭოთა დროშის ნაცვლად რუსული ტრიკოლორი აღმართეს. იმავე ღამით მომიტინგეები ჩამოაგდებენ ფელიქს ძერჟინსკის ძეგლს ლუბიანკის მოედანზე, КГБ-ს შტაბ-ბინის პირდაპირ.

მოსკოველი პანკები ჯავშანტრანსპორტიორზე, 20 აგვისტო.

რა ბედი ეწია ГКЧП-ს?

მიხაილ გორბაჩოვი პუტჩის ჩავარდნის დღესვე დაბრუნდა მოსკოვში, გააუქმა კომიტეტის გადაწყვეტილებები და გააგრძელა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სულ რამდენიმე თვით.

დააპატიმრეს კომიტეტის ყველა წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრ პუგოს გარდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შეთქმულების წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა 1994 წელს სახელმწიფო დუმის გადაწყვეტილებით მათ ამნისტია შეეხოთ.

ფოროსის რეზიდენციიდან მოსკოვში დაბრუნებული მიხაილ გორბაჩოვი, 22 აგვისტო.

რა გავლენა ჰქონდა ГКЧП-ს პოლიტიკურ პროცესებზე?

აგვისტოს პუტჩმა კიდევ უფრო დაასუსტა კომპარტია, რომელიც მანამდეც არ იმყოფებოდა სახარბიელო მდგომარეობაში. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გორბაჩოვმა უარი თქვა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, ხოლო უშუალოდ ცენტრალურ კომიტეტს თვითდაშლა შესთავაზა.

მოკავშირე რესპუბლიკებში კიდევ უფრო გააქტიურდა დამოუკიდებლობის მოთხოვნები და 1991 წლის აგვისტო-ნოემბერში უმეტესობამ გამოაცხადა კიდეც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ჩანიშნა.

ახალი საკავშირო შეთანხმების შესახებ მუშაობა საბჭოთა კავშირის ფორმატში აღარ გაგრძელებულა - სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირის ნაცვლად გაჩნდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ). 1991 წლის 8 დეკემბერს, ბელოვეჟის ტევრში რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე „საბჭოთა კავშირმა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა, შეწყვიტა არსებობა“.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე