16:14 | 24 ივლისი, 2026 — უკრაინა
გენერალი დრაპატი - ვინ არის და რას უნდა ველოდოთ ЗСУ-ს ახალი მთავარსარდლისგან
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე უმსხვილესი საპროტესტო აქციების მთავარი შედეგი ჯერჯერობით შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ცვლილებაა.
გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 ივლისს, საპროტესტო აქციების მესამე დღეს გამოაცხადა. გამოსვლები თავდაპირველად მოულოდნელად გადაყენებული თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მალევე დემონსტრანტებმა ოლექსანდრ სირსკის გადაყენება მოითხოვეს. ამავე აქციებზე გაისმა მოთხოვნები ახალ მთავარსარდლად გენერალ მიხაილო დრაპატის დანიშვნის შესახებ.
საპროტესტო აქციები უკრაინის უმსხვილეს ქალაქებში ამ დრომდე გრძელდება - დემონსტრანტები მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ. მოთხოვნა კიდევ უფრო ლოგიკურად გამოიყურება იმის გათვალისწინებით, რომ ფედოროვის გადაყენების მთავარ მიზეზად სირსკისთან მწვავე კონფლიქტი სახელდებოდა. ფედოროვმა უარი თქვა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ სხვა თანამდებობებზე.
იმისგან დამოუკიდებლად, დააბრუნებენ თუ არა ფედოროვს თანამდებობაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში მასშტაბური ცვლილებები მიმდინარეობს, რომელსაც არაერთი უკრაინელი ოფიცერი სიხარულით შეხვდა.
ვინ არის მიხაილო დრაპატი
დასავლეთ უკრაინაში, ხმელნიცკის ოლქში დაბადებული 43 წლის მიხაილო დრაპატი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და უნარიან სამხედრო მეთაურად მიიჩნევა. დრაპატი უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მთავარსარდალია.
სამხედრო განათლება დრაპატიმ ხარკივის უმაღლეს სატანკო სასწავლებელში მიიღო, რომელიც 2004 წელს წარჩინებით დაასრულა. სასწავლებლის შემდეგ დრაპატი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, 72-ე მექანიზებულ ბრიგადაში მოხვდა. სწორედ ეს ბრიგადა მონაწილეობდა კიევის დაცვის ოპერაციაში 2022 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში.
არაერთი კოლეგის მსგავსად, მიხაილო დრაპატისთვის მიმდინარე ომი არა 2022 წლის 24 თებერვალს, არამედ 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების შეჭრით დაიწყო.
დრაპატიმ პოპულარობა მალევე მოიპოვა. მისი ბატალიონი ქალაქ მარიუპოლში რუსი ბოევიკების მიერ პოლიციის განყოფილების შენობაში დატყვევებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად გაგზავნეს. პირადად დრაპატი იჯდა იმ საბრძოლო მანქანის საჭესთან, რომელმაც სწრაფად გაარღვია ბოევიკების მიერ აგებული ბარიკადები. იმ დროისთვის ოკუპირებულ ქალაქში ბარიკადის
მალევე დრაპატიმ,
რუსეთის ტერიტორიიდან მუდმივი საარტილერიო დაბომბვებისა და სეპარატისტების დანაყოფების შეტევების ფონზე, უკრაინული დანაყოფების მომარაგება შეუძლებელი გახდა და ისინი პრაქტიკულად იზოლაციაში აღმოჩნდნენ.
სოფელ იზვარინოსთან განვითარებული მოვლენები უკრაინული არმიისთვის პირველი მსხვილი ოპერაციული კრიზისი იყო.
დანაღმული ველების გადაკვეთისა და მუდმივი საარტილერიო დაბომბვების მიუხედავად, დრაპატის დანაყოფმა 3-დღიანი ბრძოლების შემდეგ შეძლო ალყის გარღვევა და სხვა დანაყოფებთან დაკავშირება.
გარღვევამ ალყიდან გასვლის საშუალება მისცა არა მხოლოდ დრაპატის ბრიგადის ნაწილებს, არამედ ამ რაიონში მოქცეულ სხვა უკრაინულ დანაყოფებსაც. კარგად დაგეგმილი ოპერაციის შედეგად ალყიდან გავიდა 260 მებრძოლი და 60 ერთეული ჯავშანტექნიკა.
2016 წლის აგვისტოში დრაპატი 58-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურად დანიშნეს, რომელიც იმ დროს ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ავდიივკის მიმართულებით მოქმედებდა. პარალელურად დრაპატი აგრძელებდა სწავლას თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში.
2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების დროს დრაპატი თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის სტრატეგიული მომზადების კურსზე ასრულებდა სწავლას. 2021 წლის ივნისში დრაპატი კურსის საუკეთესო სტუდენტად დასახელდა და დიდი ბრიტანეთის ელჩისგან სიმბოლური ჯილდოც მიიღო.
ამავე პერიოდში უკრაინულ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ განიხილებოდა დრაპატის დანიშვნა სახმელეთო ჯარების მეთაურად, თუმცა საბოლოოდ პოსტი ოლექსანდრ სირსკიმ შეინარჩუნა. დრაპატი ჩრდილოეთის სარდლობის ოპერატიული მომზადების მეთაურად დაინიშნა და 2021 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრიგადის გენერლის წოდებაც მიანიჭა.
ფრონტის მთავარი კრიზის-მენეჯერი
სწორედ ამ თანამდებობაზე შეხვდა დრაპატი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებას 2022 წლის 24 თებერვალს: „იმთავითვე გასაგები იყო, რომ საქმე გვქონდა სრულმასშტაბიან ომთან. მე ამისთვის მზად ვიყავი, რადგანაც ომი უკვე 8 წელი მიმდინარეობდა“ - იხსენებდა დრაპატი.
შეჭრის მომენტში დრაპატი აღმოსავლეთ ფრონტზე იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის არმიის სწრაფი წინსვლის ფონზე, ის სამხრეთ სარდლობის მეთაურის მოადგილედ დანიშნეს. დრაპატის მეთაურობით უკრაინულმა ძალებმა ჯერ შეაჩერეს საოკუპაციო არმიის წინსვლა კრივოი-როგის მიმართულებით, ხოლო მომდევნო კვირებში კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში რამდენიმე დასახლებული პუნქტიც გაათავისუფლეს.
ამავე როლში დრაპატი აქტიურად მონაწილეობდა ქალაქ ხერსონის გათავისუფლების ოპერაციაში 2022 წლის შემოდგომაზე. დრაპატის დაჯგუფება ხერსონის დასავლეთით მოქმედებდა და კონტრიერიშის ფარგლებში 30-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, მათ შორის ქალაქი ბერისლავი, რომელიც უკრაინელების საწყისი პოზიციიდან 30 კილომეტრით იყო დაშორებული.
უკრაინული მედიის ცნობით, დრაპატის როლი შეზღუდული იყო 2023 წლის კონტრიერიშის დაგეგმვის პროცესში - მისი დანაყოფები ძირითადად ხერსონში, ანტონოვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქმედებდნენ. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, დრაპატიმ ხელმძღვანელობას სწრაფი იერიშისთვის დამატებით 1 ბრიგადის გამოყოფა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
დრაპატის პასუხისმგებლობის ზონაში შედიოდა კრინკის ოპერაციაც, რომლის ფარგლებშიც უკრაინული დესანტი მდინარე დნიპროს მარცხენა ნაპირზე გადასხეს, თუმცა ოპერაციას გენერალი იური სოდოლი ხელმძღვანელობდა. უკრაინული მედიის ცნობით, დრაპატი არ იღებდა გადაწყვეტილებებს და ძირითადად დამხმარე ფუნქციას ასრულებდა. საბოლოოდ კრინკის ოპერაცია დიდი მსხვერპლის თანხლებით წარუმატებლად დასრულდა.
მომდევნო მნიშვნელოვანი გამოწვევა მიხაილო დრაპატიმ 2024 წლის მაისში მიიღო. ამ დროს საოკუპაციო არმიამ მოულოდნელი იერიში წამოიწყო ქალაქ ხარკივის მიმართულებით. ფრონტის ამ მონაკვეთზე მომზადებული თავდაცვითი ზღუდეები არაეფექტური აღმოჩნდა, დანაყოფებს შორის კავშირი და კოორდინაცია გაწყდა, რუსეთის არმია სწრაფად უახლოვდებოდა საკვანძო დასახლებულ პუნქტებს. შექმნილი კრიზისის ფონზე, თანამდებობიდან გადააყენეს ჯარების ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება „ხარკივის“ მეთაური და მის ადგილას მიხაილო დრაპატი დანიშნეს.
„დრაპატის პრაქტიკულად კატასტროფული ვითარება დახვდა: ცუდად ორგანიზებული თავდაცვა, ქაოტურად და კოორდინაციის გარეშე მოქმედი დანაყოფები, რომლებიც უკან იხევდნენ“ - ნათქვამია უკრაინული OSINT ანალიტიკური ცენტრის, Frontelligence Insight-ის მიერ მომზადებულ მასალაში.
მიუხედავად ამისა, დრაპატის დანიშვნიდან მალევე უკრაინულმა არმიამ შეძლო რუსეთის იერიშის შეკავება, რომელიც ძირითადად ლიპცისა და ვოვჩანსკის მიმართულებით გაგრძელდა. აქტიურად მიმდინარე საომარი მოქმედებების მიუხედავად, საოკუპაციო არმია 2 წლის შემდეგაც დაახლოებით იმავე პოზიციებზე რჩება, რაც 2024 წლის მაისში, იერიშის პირველ დღეებში დაიკავეს.
მალევე დრაპატი ფრონტის კიდევ ერთ კრიტიკულ მონაკვეთზე გადაიყვანეს და ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება „ლუჰანსკი“ ჩააბარეს. ფრონტზე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, 2024 წლის ნოემბერში მიხაილო დრაპატი სახმელეთო ჯარების და, პარალელურად, უკრაინული ჯარების უმსხვილესი დაჯგუფება „ხორტიცას“ მეთაურად დაინიშნა.
დრაპატის დანიშვნის მომენტში „ხორტიცას“ დაჯგუფება, რომელიც ფრონტის ყველაზე აქტიურ მიმართულებებზე მოქმედებდა, პრაქტიკულად კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უკრაინული მედია წერდა, რომ დრაპატის დანიშვნას ოფიცრები და ჯარისკაცები შვებითა და იმედით შეხვდნენ.
დრაპატის მეთაურობის პირობებში ვითარება შესამჩნევად გაუმჯობესდა. მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო არმია კვლავ ახერხებდა წინსვლას ცალკეულ მიმართულებებზე, ფრონტი ეტაპობრივად დასტაბილურდა, მტრის წინსვლის ტემპი შემცირდა, ხოლო დანაკარგები გაიზარდა.
ცხადია, ვითარების გაუმჯობესება მხოლოდ დრაპატის ფაქტორით ვერ აიხსნება, თუმცა შეუძლებელია იმ კორელაციის უარყოფა, რომ დრაპატის პასუხისმგებლობის ზონაში ვითარება შესამჩნევად უმჯობესდებოდა.
გენერალი, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო
გასული წლის 2 ივნისს, საწვრთნელ ბაზებზე რუსეთის განმეორებითი სარაკეტო დარტყმის შემდეგ, რომელსაც 12 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, მიხაილო დრაპატი სახმელეთო ძალების მეთაურის თანამდებობიდან თავისი ნებით გადადგა.
დრაპატის თქმით, თანამდებობიდან გადადგომას პირადი პასუხისმგებლობა ავალდებულებდა; ის ამბობდა, რომ ვერ შეძლო თავისი ბრძანებების სათანადოდ აღსრულება და აკრიტიკებდა არმიაში დამკვიდრებულ კულტურას, რომელიც ოფიცრებს არ აძლევს შეცდომების აღიარების საშუალებას, რაც ამ შეცდომების განმეორებით სრულდება.
„ჩემი დანიშვნის მომენტში სახმელეთო ჯარების მეთაურობა ადმინისტრაციულ უძრაობაში იმყოფებოდა. შიშის ატმოსფერო, ინიციატივისა და უკუკავშირის არარსებობა, გულგრილობა პირადი შემადგენლობის პრობლემების მიმართ, ფასადური დისციპლინა და უზარმაზარი უფსკრული შტაბსა და დანაყოფებს შორის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ნეპოტიზმით ნაკარნახევი საკადრო გადაწყვეტილებები, შიდა ორგანიზების დაბალი დონე“ - წერდა დრაპატი თავის შემაჯამებელ პოსტში.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიღო სახმელეთო ჯარების მეთაურის პოზიციიდან დრაპატის გადადგომის პატაკი და ის გაერთიანებული ძალების მეთაურად დანიშნა. პარალელურად დრაპატი ინარჩუნებდა დაჯგუფება „ხორტიცას“ მეთაურის პოსტს. მოგვიანებით უკრაინის არმიაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში დრაპატი კვლავ ხარკივის ფრონტის მეთაურად გადაიყვანეს.
უკრაინული მედია წერდა, რომ რეფორმების შედეგად დრაპატის პასუხისმგებლობის ზონა საგრძნობლად შემცირდა. კიდევ ერთი წყაროს ცნობით, დრაპატის „დაქვეითებით“ სირსკი „პოტენციური კონკურენტის მოშორებას ცდილობდა“.
2025 წლის ნოემბრიდან ამ დრომდე დრაპატი ხარკივის ფრონტზე მოქმედ ჯარების დაჯგუფებას მეთაურობდა. დრაპატი უმაღლესი რანგის ერთადერთი სამხედრო მეთაური იყო, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულ მიხაილო ფედოროვს.
ახალი თაობის მეთაური
მიხაილო დრაპატის პირადი რეპუტაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანიც, ვიდრე საბრძოლო გამოცდილება, იყოს მისი გამორჩეული დამოკიდებულება დაქვემდებარებულებისა და ჯარისკაცების მიმართ.
დრაპატისთან ნამუშევარი ოფიცრებისა და მებრძოლების ცნობით, დრაპატის მართვის სტილი განსხვავდება ძველი თაობის მეთაურებისგან, რომლებიც ხისტ იერარქიულ მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას. წინა თაობის მეთაურებისგან განსხვავებით, ცნობილია, რომ დრაპატი ხშირად ინტერესდება დაქვემდებარებულების აზრით, მათგან ითხოვს ვითარების პატიოსან აღწერას და არა შელამაზებულ ანგარიშებს, ასევე მზად არის მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილებები შეცვალოს ან დაარეკორექტიროს.
უკრაინის არმიაში არსებული ცოცხალი ძალის დანაკლისისა და მობილიზაციის მწვავე პრობლემების ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ დრაპატი ცნობილია როგორც მეთაური, რომელიც განსაკუთრებით უფრთხილდება ჯარისკაცების სიცოცხლეს.
დრაპატის უპირატესობებს შორისაა ისიც, რომ მას პრაქტიკულად ყველა დონეზე აქვს ნამუშევარი. მიმდინარე ომი დრაპატიმ ბატალიონის მეთაურის პოზიციიდან დაიწყო. დრაპატის გამოცდილება მოიცავს ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეებს, რაც საკმაოდ იშვიათია.
განვლილი გზა დრაპატის, დიდი საბრძოლო გამოცდილების გარდა, უნარების უნიკალურ კომბინაციას აძლევს: ის პირადად მიუძღვებოდა თავის ქვეშევრდომებს ბრძოლაში, მოგვიანებით იღებდა ოპერატიული დონის გადაწყვეტილებებს და უკვე ფართომასშტაბიანი ომის პირობებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიულ ოპერაციებს. დრაპატის გავლილი აქვს სამხედრო მეთაურობის ყველა დონე.
დრაპატის ინტერვიუებიდან და საჯარო განცხადებებიდან ჩანს, რომ მას აქვს ჩამოყალიბებული სისტემური ხედვა იმის შესახებ, თუ რა ცვლილებებია საჭირო. სავარაუდოა, რომ ახალი მთავარსარდლის პრიორიტეტებს შორის იქნება არმიაში მობილიზებულთა წვრთნისა და მომზადების პროცესის შეცვლა და დეზერტირობის მაჩვენებლის შემცირება. დრაპატის ასევე არაერთხელ უსაუბრია არსებული რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციაზე და სავარაუდოა, რომ ახალი სამხედრო კორპუსების შექმნის ნაცვლად მისი ხელმძღვანელობით დაიწყება რესტრუქტურიზაცია და უკვე არსებული და ეფექტური შენაერთების გაძლიერება.
რას უნდა ველოდოთ?
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოზიციის პასუხისმგებლობა წმინდა სამხედრო საკითხებს ცდება და პოლიტიზებულ გარემოში კარგი ნავიგაციის უნარს მოითხოვს. უკრაინის არმიაში დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად, დამკვიდრებული პრაქტიკის ცვლილების გარდა, დრაპატის მოუწევს დაპირისპირება ინტერესთა ჯგუფებთანაც. როგორც მიხაილო ფედოროვის გამოცდილება გვაჩვენებს, მთავარი სირთულე არა საჭირო რეფორმების განსაზღვრა, არამედ სტატუს-კვოს შენარჩუნებით დაინტერესებული ჯგუფების წინააღმდეგობაა.
ზალუჟნისა და სირსკისგან განსხვავებით, რომლებიც მრავალი წელი აშენებდნენ თავიანთი გავლენის სფეროსა და ქსელს შეიარაღებული ძალების რიგებში, დრაპატის მასთან დაახლოებული ან მისგან დავალებული სამხედრო მეთაურების დაჯგუფება არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ დრაპატი არმიის ყველა დონეზე საგრძნობი პატივისცემით სარგებლობს, როგორც ჩანს, მას ჯერჯერობით არ ჰყავს თავისი გუნდი. ეს შესაძლოა დრაპატისთვის სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მხარდაჭერის კონსოლიდაციისა და ფუნდამენტური ცვლილებების დასაწყებად დრო შეზღუდულია.
გენერალი ვალერი ზალუჟნი და მიხაილო დრაპატი.
ამგვარად, შეძლებს თუ არა მიხაილო დრაპატი თავისი ხედვის აღსრულებას, დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილებების ხარისხზე, არამედ იმაზეც, შეძლებს თუ არა ის ინსტიტუციური ოპოზიციის გადალახვას და მხარდაჭერის შენარჩუნებას სამხედრო იერარქიაში.
განსაკუთრებული გამოწვევა იქნება მობილიზაციის სისტემის რეფორმირება, რომელიც ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება. სისტემის რეფორმირებისთვის არ არის საკმარისი საკადრო ცვლილებები; სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ცვლილებებისთვის საჭიროა მჭიდრო კოორდინაცია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკური ნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეფორმები დაუყოვნებლივ დაიწყება, პირველი შედეგებისთვის მინიმუმ 6 თვე იქნება საჭირო.
ომი უკვე მეხუთე წელია გრძელდება და უკვე მიღებული აქვს კონკრეტული ფორმა, ხოლო მთავარი ტრენდების შეტრიალება არ არის მარტივი. ომის მიმართულება განსაზღვრული იქნება მრავალი ფაქტორით, რომელთაგანაც ერთ-ერთია მიხაილო დრაპატი. ახალი მთავარსარდალი ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, ხოლო მის მიერ გასავლელი გზა უკიდურესად მძიმე იქნება, მაგრამ დრაპატის გამოცდილება, მისი პერსონალური ხასიათი და უკვე განვლილი გზა იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ საგრძნობი პროგრესი შესაძლებელია.
