მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

გრძლად საკითხავი

13:58 | 28 აგვისტო, 2026

რეფერენდუმი ისლანდიაში: კი თუ არა ევროკავშირს?

29 აგვისტოს ისლანდიელები ერთ კითხვას უპასუხებენ - უნდა გააგრძელოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი? კითხვის ფორმულირება მოკრძალებულია, მაგრამ პოლიტიკური მნიშვნელობა დიდი. 

რას გულისხმობს პროცესი?

2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ წარმოქნილი გამოწვევების შემდეგ, ისლანდიის მაშინდელმა მთავრობა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეეტანა, რაც 2009 წელს წარმატებით განახორციელა. 

გაერთიანებისკენ სწრაფი პროგრესის მიუხედავად, პროცესი 2013 წელს გაჩერდა, რადგანაც არჩევნებზე, სამთავრობო პარტიამ, რომელიც მემარცხენე ორიენტაციის იყო - დამარცხდა, ხოლო გამარჯვებულებმა, ცენტრისტულ-აგრარული და მემარჯვენე პარტიების კოალიციამ ღიად განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას ეწინააღმდებოდნენ. 

ამის ფორმალურ მიზეზად საზოგადოებრივი კონსესუსის არარსებობა დასახელდა, თუმცა რეალობაში, ეს პროცესი, ყველაზე მჭიდროდ - თევზჭერის საკითხებსა და ბუნებრივი რესურსების კონტროლს უკავშირდებოდა. 

სახალხო კენჭისყრის შედეგი საკონსულტაციო ხასიათისაა, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობას პოლიტიკური მანდატი მიენიჭება, რათა ინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს. ბრიუსელში, ფიქრობენ, რომ "კი"-ის შემთხვევაში, პროცესი მალე შეიძლება მივიდეს პოზიტიურ შედეგაბამდე. 

გაწევრიანების მოლაპარკებების დასრულება ერთ ან ორ წელში რეალისტურია - განაცხადა მარტა კოსმა, ევროკავშირის გაფართოების კომისარმა

მოკლედ, 29 აგვისტოს, ისლანდიელები გადაწყვეტენ, გაგრძელდეს თუ არა ევროკავშირისკენ სწრაფვის პროცესი, რასაც, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები შეიძლება ჰქონდეს, თუმცა იქამდე, მცირე ისტორიაა გასახსენებელი, რატომ შეწყდა თავის დროზე ეს პროცესი და რა საკითხები ითვლება დღემდე მთავარ გამოწვევად. 

2013 წელი: პროცესის სრული გაყინვა 

თავდაპირველად, ინტეგრაციის პროცესი სწრაფად და პოზიტიურად ვითარდებოდა, რაც მათ შორის გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ ისლანდია ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) წევრია, რის გამოც, საკანონმდებლო ბაზის დიდი ნაწილი, ევროკავშირის რეგულაციებთან თანხვედრაში ჰქონდა. 

2013 წელს ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები საკმაოდ წინ იყო წასული: 35 თავიდან 27 უკვე გახსნილი, ხოლო 11 დროებით დახურული იყო. თუმცა ყველაზე პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხები, მათ შორის მეთევზეობა, მოლაპარაკებების მიღმა რჩებოდა. განსაკუთრებით მწვავე იყო თევზჭერის რესურსებზე ეროვნული კონტროლისა და ევროკავშირის საერთო მეთევზეობის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ისლანდიისა და ევროკავშირის დავა სკუმბრიის კვოტებზე.

თევზჭერა ისლანდიისთვის უბრალოდ ეკონომიკის ერთი დარგი არ არის. სექტორი პირდაპირ მშპ-ის დაახლოებით 10 პროცენტს და საქონლის ექსპორტის მესამედს ქმნის, ხოლო სიმბოლურად, ეროვნული სუვერენიტეტისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის საფუძვლად აღიქმება.

ისტორიული ფონიც ხაზგასასმელია: მე-20 საუკუნის „ვირთევზას ომები" დიდ ბრიტანეთთან სწორედ თევზჭერის წყლების კონტროლზე გაიმართა და ისლანდიის იდენტობის ნაწილად იქცა.

ევროკავშირის საერთო თევზჭერის პოლიტიკა კი კვოტებს, წყლებზე წვდომასა და მართვის გადაწყვეტილებებს ევროპულ დონეზე კოორდინირებას გულისხმობს. ისლანდიისთვის, რომელიც თავის მდიდარ სათევზაო რესურსებს ისტორიულად დამოუკიდებლად განკარგავს, ეს ნიშნავს კონტროლის გაზიარებას და კვოტების დაწესებას „შორიდან".

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თევზჭერა და სოფლის მეურნეობა EEA-ს შეთანხმებით არ არის დაფარული, ანუ ეს სწორედ ის სფეროებია, რომლებიც ისლანდიამ დღემდე ბრიუსელის იურისდიქციის მიღმა შეინარჩუნა. სწორედ ამიტომ, თავად მთავრობაც აღიარებს, რომ თევზჭერისა და აგრარული პოლიტიკის თავები ყველაზე რთულად მოსალაპარაკებელი იქნება.

ამ პერიპეტიების ფონზე,  2013 წელს გამარჯვებული კოალიციის წევრებმა გამოაცხადეს, რომ ევროკავშირთან ყველანაირი მოლაპარკება შეჩერდებოდა, ხოლო 2015 წელს ისლანდიის საგარეო მინისტრმა ბრიუსელში ცალმხრივი წერილი გააგზავა - განაცხადის გატანის შესახებ.

პასუხად, ევროკომისიამ ისლანდია „ჩუმად" ამოიღო კანდიდატ ქვეყანთა ოფიციალური სიიდან. სწორედ ეს „გაუფორმებელი" გასვლაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღევანდელი კითხვა მოლაპარკებების „განახლებაზეა" და არა ნულიდან დაწყებაზე. 

რა დევს სასწორზე ევროკავშირისთვის? 

ერთი შეხედვით, ისლანდიის მასშტაბი და რეურსები მოკრძალებულია: მკაცრ კლიმატურ პირობებში არსებული სახელმწიფო, სადაც 400 ათსამდე მოსახლე ცხოვრობს. თუმცა, ამ პროცესის მთავარი ღირებულება პოლიტიკურ ნაწილშია. 

გაძლიერებული პოლიტიკური თავდასხმების ფონზე - იქნება ეს აშშ, რუსეთი თუ ჩინეთი, ევროკავშირი ამ გზით კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს საკუთარი თავის "მიმზიდველობას". ეს პროცესია მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ემთხვევა გაწევრიანების ახალ ტალღას, რაც პირველ რიგში - მონტენეგროს, ალბანეთს, უკრაინასა და მოლდოვას უკავშირდება. 

ამ კონტექსტში, ერთიან საბაზრო სისტემაში ინტეგრირებული ქვეყნის "დაბრუნება", ბრიუსელისთვის ხელსაყრელი მაგალითი იქნება, რათა სხვა ქვეყენების ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო მისაღები გახადოს. უხეშად, რომ ითქვას, ეს კარგი მაგალითი იქნება იმის საილუსტრაციოდ, რომ ევროკავშირისკენ მხოლოდ განვითარებადი ქვეყნები კი არა, წარმატებული და მდიდარი სახელმწიფოებიც ისწრაფვიან.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანება თავად ევროკავშირისთვის მასშტაბურ ეკონომიკურ მოგებას არ წარმოადგენს - 2024 წელს ევროკავშირის მთლიანი საგარეო ვაჭრობის მხოლოდ 0.2% მოდიოდა ისლანდიაზე. თუმცა თავად ისლანდიისთვის ევროკავშირი უმნიშვნელოვანესი ბაზარია: 2025 წელს მასზე მოდიოდა ქვეყნის საქონლით ვაჭრობის 53.6% და ექსპორტის 66.5%.

წევრობა უფრო მეტად არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და მათი პოლიტიკური ინსტიტუციონალიზაციას ნიშნავს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეთევზეობას, რადგან ისლანდია ჩრდილოეთ ატლანტიკის მნიშვნელოვანი რესურსების მფლობელია, მათ შორის სკუმბრიისა და ქაშაყის მარაგების, რომელთა მართვაზეც ევროკავშირს ისლანდიასთან უკვე წლებია უწევს მოლაპარაკება. ამასთან, ისლანდიის განახლებადი ენერგიის რესურსები და ენერგოინტენსიური ინდუსტრია დამატებით ინტერესს ქმნის ევროკავშირის მწვანე ეკონომიკის კონტექსტში.

რა პოზიციები აქვთ რეიკიავიკში?

რეფერენდუმი ისლანდიის პარტიულ რუკას მკვეთრად ორად ჰყოფს: თანაც ეს გამყოფი ხაზი თავად მმართველ კოალიციაშიც გადის.

პრემიერ კრისტრუნ ფროსტადოტირის 2024 წლის ბოლოს შექმნილი მთავრობა სამი პარტიისგან შედგება. ორი მათგანი აშკარად ევროპულია: სოციალ-დემოკრატიული ალიანსი (Samfylkingin), რომელსაც თავად ფროსტადოტირი ხელმძღვანელობს, და ლიბერალური რეფორმის პარტია (Viðreisn), საგარეო მინისტრ თორგერდურ კატრინ გუნარსდოტირით - გაწევრიანების ყველაზე თანმიმდევრული მომხრე. მესამე პარტნიორი, პოპულისტური „ხალხის პარტია" (Flokkur fólksins), წევრობის სკეპტიკოსია და კოალიციაში მხოლოდ ერთი პირობით შევიდა - რომ საბოლოო სიტყვა ხალხს, რეფერენდუმის გზით უნდა ეთქვა.

ოპოზიციაში, პირიქით, ევროსკეპტიციზმი ჭარბობს. მემარჯვენე-კონსერვატიული დამოუკიდებლობის პარტია (Sjálfstæðisflokkurinn) - ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, სუვერენიტეტისა და საბაზრო ეკონომიკის მიზეზით,  მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია. ამავე პოზიციას იზიარებს ცენტრისტულ-აგრარული პროგრესული პარტია (Framsóknarflokkurinn).

ევროკავშირში ინტეგრაციას ეწინააღმდეგება მემარცხენე-მწვანეთა მოძრაობაც (Vinstri græn) - ოღონდ განსხვავებული, მათი პოლიტიკური იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი არგუმენტით: მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელზე დგას და არასაკმარის ძალისხმევას იჩენენ ეკოლოგიური საკითხების მიმართ. 

ისლანდიური დებატის გასაგებად ერთი განსხვავებაა გასაღები: ერთია მოლაპარაკებების განახლების მხარდაჭერა, სულ სხვაა თავად გაწევრიანების სურვილი  და ეს ორი ერთმანეთს არ ემთხვევა. კვლევები აჩვენებს, რომ მაშინაც კი, როცა უმრავლესობა მაგიდასთან დაბრუნების სასარგებლოდ იხრება, ეს პასუხი საბოლოო არ არის და უფრო მეტად მანდატის გაცემას გულისხმობს იმ მიზნით, რომ გაიგოს, კონკრეტულად რა პირობებზე შეიძლება შეთანხმება. 

სწორედ ამ ლოგიკას იმეორებს რეფერენდუმზე ასარჩევი კითხვა: ეს არის „მოლაპარაკების მანდატი", და არა შესვლის ბილეთი.

რატომ დაბრუნდა ეს მიძინებული კითხვა სწორედ ახლა?

მთავარი ბიძგი გეოპოლიტიკურია: ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა გრენლანდიაზე კონტროლის თაობაზე, ვაშინგტონის მზარდი არაპროგნოზირებადობა, NATO-ს შესუსტების შიში და აგრესიული რუსეთი - ამ ფონმა პატარა, არმიის გარეშე დარჩენილ, მაგრამ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქვეყანისთვის, არსებული გარანტიები საკმარისი აღარ არის. 

სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორის მიერ აგრესიული რიტორიკა, რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში, გაზრდილი უსაფრთხოების რისკები ევროპისთვის და ვაშინგტონის გაუგებარი პოლიტიკა, ისალდნიის პრო-ევროპულ ძალებს არსებული სტატუს ქვოს გადააზრებისკენ უბიძგებს.  

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში, მომხრეთა რაოდენობა მცირედით გაიზარდა და დაახლოებით 51%-52%-ს შეადგენს, ხოლო მოწინააღმდეგეთა მაჩვენებელი 48%-ის ირგვლივაა.

გალაპის ბოლო კვლევაც ამ ციფრებს ამტკიცებს, თუმცა ხაზგასასმელია ერთი ფაქტორით, ამომრჩეველთა მცირე, დაახლოებით მეათედი, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელთა კატეგორიაშია, შესაბამისად მათ მიერ მიღებულმა არჩევანმა, შესაძლოა რეფერენდუმის ბედი განსაზღვროს. 

და კიდევ ერთი დეტალი

თეორიულად, ისლანდიის ევროკავშირში ინტეგრაციამ, შესაძლოა „ტალღური ეფექტი" გამოიწვიოს ნორვეგიისთვის, რომელიც ისლანდიის ევროინტეგრაციის შემთხვევაში, ერთადერთი ნორდიკული ქვეყანა იქნება, რომელიც გაერთიანების გარეთ დარჩება. 

1972 და 1994 წლებში, ნორვეგიელებმა ორჯერ გამართეს რეფრენდუმი ამ საკითხზე და ორივეჯერ მოსახლეობამ არჩია, რომ  ევროპული გაერთიანების გარეთ დარჩენილიყვნენ. ახალმა დინამიკამ, ნორვეგიის პრო-ევროკავშირულ პოლიტიკურ ბანაკს, შესაძლოა ახალი იმპულსი და კოზირები შესძინოს. 

ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ ექნება მნიშვნელოვანი თევზჭერის საკითხები. თუკი ისლანდიელები წარმატებით შეძლებენ რესურსების „დაცვას", ამან შესაძლოა ბევრს გაუჩინოს ნორვეგიაშიც „ისლანდიური პრეცენდენტის" გამეორების სურვილი. 

ხაზგასასმელია ისიც, რომ სამწევრიანი EFTA-EEA ბლოკიდან ყველაზე ევროპულად განწყობილი წევრის შესაძლო „წასვლამ, მთელ კონსტრუქციას შესაძლოა მოარყიოს, რადაგანაც ლიხტენშტეინისთვის და ნორვეგიისთვის ეს მოდელი უფრო მყიფე და პოლიტიკურად რთულად გასამართლებელი ხდება. 

მოკლედ, ერთმა მოკლე კითხვამ, შესაძლოა დიდი და პოზიტიური პოლიტიკური ექო შექმნას, რისთვისაც ისლანდიელების არჩევანი გადამწყვეტი იქნება. 

users icon დაკავშირებული პიროვნებები

ასევე ნახე