ახალი ამბები

11:31 | 14 აგვისტო, 2026 — უკრაინა

2026 წლის მაისსა და ივნისში ევროპამ უკრაინის დახმარება მნიშვნელოვნად გაზარდა - Kiel Institute

2026 წელს ევროპამ კიდევ უფრო გაზარდა უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება, ხოლო აშშ-მა უკრაინას პირდაპირი დახმარება შეწყვიტა. გერმანულმა Kiel Institute-მა ევროპული ქვეყნების, აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ახალი მონაცემები გამოაქვეყნა.

ვითარების არსი: 2026 წელს უკრაინის დახმარების ძირითად მექანიზმად "უკრაინის მხარდაჭერის სესხი" (Ukraine Support Loan) იქცა, რომლის მეშვეობითაც ევროპულმა ინსტიტუტებმა მაისსა და ივნისში თითქმის 11 მილიარდი ევრო გამოყვეს.

  • მიუხედავად ამისა, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გასული წლის მაჩვენებელზე ბევრად დაბალია.
  • ბოლო ორი თვის განმავლობაში ევროპული ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი თითქმის 11 მილიარდი ევროდან 4.3 მილიარდი ევრო სამხედრო დახმარებას მოხმარდა, ხოლო 6.7 მილიარდი ევრო - ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.
  • ამ ასიგნებების უდიდესი ნაწილი სწორედ "უკრაინის მხარდაჭერის სესხის" ფარგლებში განხორციელდა. ევროკავშირის ეს 90-მილიარდიანი სესხი მიზნად ისახავს 2026 და 2027 წლებში უკრაინის საბიუჯეტო და თავდაცვითი საჭიროებების მხარდაჭერას.

სტრიქონებს შორის: "უკრაინის მხარდაჭერის სესხის" მიღმა, ახლად გამოყოფილი დახმარების უდიდესი ნაწილი კვლავ ევროპელ დონორებზე მოდიოდა. 

  • გერმანიამ სამხედრო დახმარების სახით 700 მილიონი ევრო გამოყო, მას მოჰყვებიან დანია - 600 მილიონი ევრო და ნიდერლანდები - 500 მილიონი ევრო.
  • ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაში ორმხრივ დონორებს შორის ყველაზე დიდი თანხა ბრიტანეთმა გამოყო - დაახლოებით 1.5 მილიარდი ევრო, ასევე მსხვილი კონტრიბუტორები არიან შვედეთი - 360 მილიონი ევრო და ნორვეგია - 140 მილიონი ევრო.

დიდი სურათი: მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში სამხედრო დახმარების ასიგნებები თითქმის დაუახლოვდა შარშანდელ მაჩვენებელს, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება მასზე ბევრად დაბალია. საშუალო თვიური მაჩვენებლით, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება 41%-ით ნაკლები იყო, ვიდრე 2025 წელს.

  • "უკრაინის მხარდაჭერის სესხის სწრაფი ამოქმედება დადებითი სიგნალია უკრაინისთვის," - აცხადებს ტარო ნიშიკავა, Ukraine Support Tracker-ის პროექტის ხელმძღვანელი.
  • "2026 წლისთვის დაგეგმილი 16.7 მილიარდი ევროს ოდენობის საბიუჯეტო მხარდაჭერიდან ნახევარი არის მაკროფინანსური დახმარება, ხოლო მეორე ნახევარი - Ukraine Facility-ის მეშვეობით, შეთანხმებული რეფორმების ნაბიჯების შესრულების პარალელურად გამოიყოფა. შესაბამისად, ამ ნაბიჯების პროგრესის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ სრული თანხა დაგეგმილად გამოიყოს." - ხაზი გაუსვა მან.

კონტექსტი: Kiel Institute-ის ცნობით, ევროპა კვლავ რჩება სამხედრო დახმარების უდიდეს დონორად, თუმცა ამერიკული შეიარაღება უმნიშვნელოვანესია უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერის შენარჩუნებაში.

  • 2026 წლის პირველ ნახევარში ევროპის სამხედრო დახმარებაში ამერიკული შეიარაღების წილი გაიზარდა როგორც ამერიკული თავდაცვის კომპანიებიდან შესყიდვების, ისე აშშ-ის არსებული სამხედრო მარაგებიდან მიწოდების კუთხით.
  • 2026 წლის იანვრიდან ივნისამდე ევროპელმა დონორებმა ამერიკული თავდაცვის კომპანიებისგან სულ მცირე 3 მილიარდი ევროს ღირებულების შეიარაღება შეისყიდეს.
  • ამერიკული შეიარაღება არის სამხედრო შესყიდვების გზით ევროპის მიერ გაწეული სამხედრო დახმარების დაახლოებით 30%-ს. გარდა ამისა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მარაგებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა NATO-ს PURL-ის ინიციატივის ფარგლებში, სადაც ამ მექანიზმით მიწოდებული სამხედრო დახმარების 90%-ზე მეტი სწორედ ამერიკულ მარაგებზე მოდიოდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე