დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:31 | 30 სექტემბერი, 2026 — უკრაინა

3150 განადგურებული სამიზნე და პრობლემები F-16-ების მომსახურებაში

უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოწყვლადობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს. პრობლემა მხოლოდ Patriot-ის ანტი-ბალოსტიკური რაკეტების დეფიციტი არ არის; ბელგიაში ტექნიკური მომსახურების გაჭიანურების გამო, უკრაინის  F-16-ების უდიდესი ნაწილი გაჩერებულია.

ეს გამანადგურებლები კი, ამ ეტაპზე, საუკეთესო იარაღია რუსეთის ახალი რეაქტიული დრონების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავენ.

ამის შესახებ ვრცელ მასალას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რეაქტიული დრონები ზუსტად ის სამიზნეა, რომლის განადგურებაშიც F-16-ები საუკეთესოა.

  • ავიაციის გარეშე, უკრაინას ძვირადღირებული საზენიტო რაკეტების დახარჯვა უწევს, რისი ამოწურვის შემთხვევაშიც, მოახლოებული ზამთრის წინ ენერგოინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა სრულიად დაუცველი დარჩება.

რიცხვებში: WSJ-ის მიხედვით, მხოლოდ სექტემბერში, საოკუპაციო არმიამ 2000 რეაქტიული დრონი გაუშვა უკრაინისკენ. ივნისში ეს მაჩვენებელი 350 იყო.

  • აღნიშნული დრონების სიჩქარე დაახლოებით 600-800 კმ/სთ-ს შეადგენს, რაც მათ უკრაინული დრონსაწინააღმდეგო სისტემებისთვის ზედმეტად სწრაფ სამიზნედ აქცევს.
  • მასალის თანახმად, უკრაინა რეაქტიული დრონების მხოლოდ 55%-ის ჩამოგდებას ახერხებს, მაშინ როცა ძველი მოდელის "შაჰედების" განადგურების მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებდა.

პრობლემა: უკრაინელმა პილოტებმა F-16-ებით უკვე 2,500-მდე დრონი და 650 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, თუმცა რესურსი შეზღუდულია - ჰაერში გატარებული ყოველი 300 საათის შემდეგ, თითოეულ გამანადგურებელს სრული ტექნიკური ინსპექტირება ესაჭიროება.

  • აშშ-მა ბელგიურ კომპანია Sabena Aerospace Engineering-ს უკრაინული F-16-ების ტექნიკური მომსახურებისთვის $235.5-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
  • თუ აშშ-ში მსგავს ინსპექტირებას 2-დან 6 კვირამდე სჭირდება, ბელგიაში ეს პროცესი, ამერიკელი კონტრ-ადმირალის, მარკ მონტგომერის თქმით, 40 კვირამდე იწელება.

  • დასავლური წყაროების ცნობით, უკრაინის F-16-ების ფლოტის ნახევარზე მეტი ტექნიკური მომსახურების მოლოდინშია. თუ ტემპი არ შეიცვალა, კიევი დარჩენილ რესურსს წლის ბოლომდე ამოწურავს.

1) "გერან 3" რეაქტიული დრონი. 2) "გერან 4" რეაქტიული დრონი. 3) "გერან 5" რეაქტიული დრონი.

უკრაინის საჰაერო ძალებში შემავალი ამერიკული F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელი.

რა ხდება ახლა: Sabena-მ შეფერხებებზე კომენტარისგან თავი შეიკავა და მიზეზად უსაფრთხოების საკითხები დაასახელა.

  • საბრძოლო პირობებში მყოფ ავიაციას მეტი მოვლა სჭირდება, რასაც სათადარიგო ნაწილების დეფიციტიც ართულებს.
  • თუმცა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტ დევიდ დეპტულას შეფასებით, ეს არის ტექნიკური უზრუნველყოფის კრახი, რომელიც საჰაერო თავდაცვის კრიზისად იქცევა.

გამოსავლის ძიება: მასალის თანახმად, განიხილება ტექნიკური ცენტრების უშუალოდ უკრაინაში მოწყობა და რუმინული ბაზების გამოყენება.

  • პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელგია 2026 წლის ბოლომდე კიევს კიდევ 3 ერთეულ F-16-ს გადასცემს.
  • ამასთანავე, დღეს, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა შეხვედრა გამართა მწარმოებელ Lockheed Martin-თან. მხარეებმა უკრაინისთვის უახლეს მოდიფიკაციაზე - F-16 Block 70/72-ზე შესაძლო გადასვლის საკითხი განიხილეს.

ფართო სურათი: ეს კრიზისი სერიოზული გაფრთხილებაა აშშ-სთვისაც. წელს პენტაგონმა ამერიკული სამხედრო ავიაციის ტექნიკური მომსახურების შეფერხებებზე განაცხადა.

  • აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენლის, ლინდა ჰარის თქმით, მათ სათადარიგო ნაწილების $14-მილიარდიანი დეფიციტი აქვთ.
  • უკრაინის კრიზისი ნათლად აჩვენებს მთავარ წესს: ომში ტექნიკური გამართულობა პირდაპირ უდრის საბრძოლო ძალას.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე