დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:53 | 06 ნოემბერი, 2026 — ისრაელი

აიზენკოტმა მთავრობის ფორმირებისთვის 67 დეპუტატის რეკომენდაცია მიიღო

ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგმა ოპოზიციასთან ოფიციალური კონსულტაციების შედეგად, პარტია "იაშარის" ლიდერმა, გადი აიზენკოტმა 120-ადგილიან ქნესეთში 67 კანონმდებლის რეკომენდაცია მოიპოვა, ხოლო მოქმედ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარი მხოლოდ 46 რეკომენდაცია აქვს.

ვითარების არსი: ეს არის პრემიერობის კანდიდატის მიერ მიღებული რეკომენდაციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ.

  • პრეზიდენტმა ჰერცოგმა განაცხადა, რომ მიუხედავად "ნათელი და ცალსახა" შედეგისა, პარტიების ლიდერებთან დამატებით მოლაპარაკებებს გამართავს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელსაც მთავრობის დაკომპლექტება დაევალება, ოფიციალურად კვირას გამოაცხადებს.
  • ჰერცოგი ბოლო დღეების განმავლობში ყველა საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.
  • პრემიერობის კანდიდატების რეკომენდაციები კი ასე გადანაწილდა: აიზენკოტის მხარდამჭერები (67 მანდატი), საიდანაც 48 მანდატი სიონისტური ოპოზიციური პარტიებისაა, ხოლო 19 არაბული პარტიების.
  • ნეთანიაჰუს კი მხოლოდ 46 დეპუტატის რეკომენდაცია აქვს, რადგან მისი კოალიციის წევრმა ულტრაორთოდოქსების პარტიამ "გაერთიანებული თორას იუდაიზმი" უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე და არცერთ კანდიდატს არ გაუწია რეკომენდაცია. 

სტრიქონებს შორის: მიუხედავად 67 რეკომენდაციისა, აიზენკოტისთვის 61-მანდატიანი სტაბილური უმრავლესობის შექმნა რთულ ამოცანად რჩება. სიონისტური პარტიების ბლოკის ნაწილი უარს ამბობს არაბულ პარტიებთან ერთად კოალიციის ფორმირებაზე.

  • შექმნილ ჩიხში მთავარ პოლიტიკურ ფიგურად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მემარჯვენე და სეკულარი პოლიტიკოსი ავიგდორ ლიბერმანი იქცა. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ არ შევა კოალიციაში არაბულ პარტიებთან.
  • გარდა ამისა, ლიბერმანმა, რომელიც წლების განმართლობაში გამოირჩეოდა ულტრაორთოდოქსების წარმომადგენელი პარტიების კრიტიკით, განაცხადა, რომ მზადაა წავიდეს "მტკივნეულ კომპრომისზე" და აღნიშნა, რომ უარს ამბობს ულტრაორთოდოქსების არმიაში სავალდებულო გაწვევის კანონის დაუყოვნებლივ მიღებაზე და მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს მათთან.
  • ლიბერმანის თქმით, "ნეთანიაჰუს ერა უნდა დასრულდეს," ხოლო უმცირესობის მთავრობის შექმნა საფრთხეს შეიცავს, რადგან ამან შესაძლოა ნეთანიაჰუ ხელისუფლებაში კიდევ უფრო დიდი უმრავლესობით დააბრუნოს.

დიდი სურათი: მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ლიბერმანსა და აიზენკოტს შორის პრემიერ-მინისტრობაზე როტაციული შეთანხმება იგეგმება, თავად ლიბერმანმა უარყო და ამ მექანიზმს ქვეყნის მართვისთვის საზიანო უწოდა.

  • მისი სტრატეგიაა, შექმნან 61-მანდატიანი კოალიცია ულტრა-ორთოდოქსებთან ერთად, რომელსაც მოგვიანებით შესაძლოა ნეთანიაჰუს "ლიკუდის" რამდენიმე დეპუტატიც შეემატოს.
  • პოლიტიკური კონსულტაციების პარალელურად, ოპოზიციურმა ბლოკმა დაიწყო ქნესეთის მოქმედი სპიკერის, ამირ ოჰანას თანამდებობიდან გადაყენებაზე მუშაობა.
  • 10 ნოემბერს, ქნესეთის მიერ ფიცის დადებისთანავე, იგეგმება ახალი სპიკერის არჩევა, რასაც მხარს უკვე უჭერს 61-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი.
  • სპიკერის პოსტის დაკავება ოპოზიციურ ბლოკს საშუალებას მისცემს, სრულად აკონტროლოს საკანონმდებლო დღის წესრიგი.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე