ახალი ამბები

14:52 | 31 მაისი, 2026 — რუსეთი

ახმეტოვმა აზოვთან კავშირი გაიხსენა: პროკოპენკოს დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი

ყველაზე მდიდარმა უკრაინელმა, რინატ ახმეტოვმა The Guardian-თან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როდესაც "აზოვის" მებრძოლები მარიუპოლს იცავდნენ, ის მუდმივ კავშირზე "აზოვის" პოლკის მეთაურთან, დენის პროკოპენკოსთან.

ვითარების არსი: ახმეტოვს ჰკითხეს მარიუპოლის ოკუპაციასა და მის დამცველებზე, რომლებიც 80 დღეზე მეტხანს უწევდნენ წინააღმდეგობას რუსებს მეტალურგიული კომბინატის, "აზოვსტალის" ტერიტორიიდან. ბიზნესმენმა გაიხსენა, როგორ ინარჩუნებდა მუდმივ კავშირს "რედისთან" (დენის პროკოპენკო - რედ.).

  • "მე მას (რედისს - რედ.) დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი და აღფრთოვანებული ვიყავი მისი სიძლიერითა და მამაცობით. მის ხმაში პანიკა არასოდეს გამიგონია. ყველა მათგანი იყო კეთილსინდისიერი, ღირსეული და მზად იყო სიცოცხლე გაეწირა მიწის ყოველი სანტიმეტრისთვის. თუმცა, 2022 წლის 20 მაისს მათ უმაღლესი სარდლობისგან მიიღეს ბრძანება დანებების შესახებ. მე მას ველაპარაკე 15 წუთით ადრე, სანამ ისინი "აზოვსტალს" დატოვებდნენ. ვკითხე: "დენის, რა შემიძლია გავაკეთო შენთვის, რა შემიძლია გავაკეთო შენი ბიჭებისთვის?" მან მიპასუხა: "ჩემზე ნუ ღელავთ, გთხოვთ, მიხედეთ ჩემს ბიჭებს." - აღნიშნა ახმეტოვმა.

სტრიქონებს შორის: მისი თქმით, პროკოპენკომ იცოდა, რომ ტყვეობაში ჩავარდებოდა, მაგრამ არანაირი პირადი პრივილეგია არ უთხოვია: "ასე დაიბადა პროექტი 'აზოვსტალის გული,' რომელიც მარიუპოლის დამცველებსა და მათ ოჯახებს უჭერს მხარს. მე შევპირდი, რომ ამ ბიჭებს დავეხმარებოდი და ყველაფერს გავაკეთებდი, რაც ჩემს ძალებშია."

  • ახმეტოვმა ასევე აღნიშნა, რომ მარიუპოლს უშუალოდ სრულმასშტაბიან შეჭრამდე, 2022 წლის თებერვალში ეწვია.
  • მისი თქმით, მაშინ ის შეხვდა "აზოვსტალისა" და ილიჩის მეტალურგიული კომბინატის თანამშრომლებს და უმეორებდა, რომ მარიუპოლი უკრაინის ნაწილია: "როდესაც რუსები მოვიდნენ, პუტინის ჯარისკაცებს ყვავილებით არავინ შეხვედრია. პატარა ბავშვებიც კი იღებდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ - ქვებს - და საბრძოლველად მზად იყვნენ."

დიდი სურათი: გამოცემა წერს, რომ ახმეტოვმა ინტერვიუ კიევში მისცა და ის უკრაინაში იმყოფება, თუმცა ომის დროს მისი ზუსტი ადგილსამყოფელი "მრავალი ვარაუდის საგანია."

  • ოლიგარქმა ასევე გაიხსენა, რომ 2014 წელს, როდესაც ოკუპაცია დაიწყო, მან სიტყვით გამოსვლისას "დონბას არენაზე" კრემლის მარიონეტებს მიმართა: "თქვენ არაფრისმაქნისები ხართ, ტერორისტები ხართ. თქვენ უნდა გაგყარონ, ხალხს ატყუებთ. დონბასი სამარეში მიგყავთ."
  • "ჩვენ მთელ რეგიონში ჩამოვკიდეთ ბანერები ლოზუნგით: ბედნიერი დონეცკი და ბედნიერი დონბასი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთიანი უკრაინის ნაწილი.ხალხი მეკითხება, რას ვეტყოდი დღეს მათ, ვინც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობს და ეს იქნებოდა ზუსტად იგივე." - ხაზი გაუსვა ახმეტოვმა.

კონტექსტი: რუსულმა ჯარებმა მარიუპოლს ბლოკადა 2022 წლის 1 მარტს დაიწყეს. აპრილის ბოლოდან მარიუპოლის დამცველები - ეროვნული გვარდიის პოლკი "აზოვი", საზღვაო ქვეითები, მესაზღვრეები და პოლიციელები - ქარხანა "აზოვსტალში" იყვნენ ბლოკირებულნი.

  • ისინი მსოფლიოს გადარჩენას სთხოვდნენ: საზღვაო ქვეითები - "ექსტრაქციას" (გაყვანას), ხოლო "აზოვი" - თუნდაც დაჭრილი მებრძოლების ევაკუაციას.
  • პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მარიუპოლის 86-დღიანი დაცვის შემდეგ, უკრაინელი სამხედროები დათანხმდნენ რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გასვლას, 16-20 მაისს. რუსული მხარის მტკიცებით, "აზოვსტალის" მიწისქვეშა თავშესაფრებიდან 2 439 მებრძოლი გამოვიდა.  

ასევე ნახე