13:09 | 23 სექტემბერი, 2026 — საფრანგეთი
ალიევმა საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მარტინ რაიანი შეიწყალა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საფრანგეთის მოქალაქე, მარტინ რაიანი შეიწყალა.
მისი გათავისუფლება დროში ზუსტად ემთხვევა ევროკავშირის მიერ რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას.
ვითარების არსი: გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყო მსჯავრდებულთა (რაიანთან ერთად სულ 20 პირი შეიწყალეს) ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური სტატუსი, დანაშაულის სიმძიმე და ციხეში ყოფნისას გამოვლენილი ქცევა.
ფრანგი ბიზნესმენი მარტინ რაიანი აზერბაიჯანში 2023 წლის დეკემბერში დააკავეს.
2026 წლის მარტში მას საფრანგეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რაიანის დღევანდელი შეწყალების შემდეგ გამოდის, რომ ბაქოს საპყრობილეში საფრანგეთის მხოლოდ ერთი მოქალაქე - ანას დერაზი რჩება (მას ყოფილი სენატორისგან ქრთამის აღების ბრალდებით 12 წელი აქვს მისჯილი).
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა პარიზი მეორე დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებასაც.
წინარე ისტორია: მედია მარტინ რაიანის გათავისუფლებას პირდაპირ უკავშირებს ევროპული სანქციების სიიდან ალიშერ უსმანოვის ამოღებას.
- როგორც Financial Times წერდა, უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას საფრანგეთი სწორედ ოფიციალური ბაქოს ზეწოლის გამო ითხოვდა.
- გამოცემის თანახმად, პარიზის ეს მოულოდნელი პოზიცია აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების დახსნის მცდელობით იყო ნაკარნახევი.
- საფრანგეთის გარდა, უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას ევროკავშირის შიგნით სლოვაკეთიც აქტიურად ითხოვდა.
დიდი სურათი: სამშაბათს საღამოს ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირდაპირ 3 წლით გახანგრძლივების შესახებ, საიდანაც უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი ამოიღეს.
- ზოგიერთი გამოცემის ცნობით, ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნა ლუქსემბურგმა მოითხოვა - რუს მილიარდერს ქვეყნის წინააღმდეგ 16-მილიარდიანი სარჩელი აქვს აღძრული.
კონტექსტი: როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავდა, ბოლო ქვეყანა, რომელიც პროცესს ვეტოს ადებდა, ლატვია იყო, თუმცა საბოლოოდ კენჭისყრისას რიგამ თავი შეიკავა და გარიგებაც შედგა.