დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:42 | 08 ოქტომბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

"არ შეიძლება რუსეთთან ეკონომიკურ შეთანხმებებზე ფიქრობდე და თან ჩიხზე საუბრობდე"- ზელენსკიმ რუბიოს უპასუხა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაუშვებელია რუსეთთან ეკონომიკურ შეთანხმებებს გეგმავდე და, ამავდროულად, დიპლომატიურ ჩიხზე საუბრობდე - ამგვარად უკრაინელი პრეზიდენტი მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა.

ვითარების არსი: ცოტა ხნით ადრე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ამ ეტაპისთვის შეუძლებელია, რადგანაც კონფლიქტი "სტრატეგიულ ჩიხში" შევიდა.

  • რუბიოს თქმით, ომის დასრულება შეუძლებელია, რადგან რუსეთი კვლავ ითხოვს დონბასის სრულ კონტროლს, ხოლო უკრაინა უარს ამბობს ამ მოთხოვნის შესრულებაზე.

ჩაშლილად: "არ შეიძლება, ერთი მხრივ, რუსებთან სამომავლო ეკონომიკურ შეთანხმებებზე ლაპარაკობდე და, მეორე მხრივ, ამბობდე, რომ დიპლომატიურ ჩიხში ვართ. ჩვენ არ ვართ ჩიხში. დაუხურეთ რუსეთს ეკონომიკა, ამოუკერეთ მათ პირი..." - განაცხადა ზელენსკიმ.

  • უკრაინელი ლიდერის თქმით, ომის დასასრულებლად საჭიროა უპირატესობა ჰაერში, რომლის უზრუნველყოფაც ვაშინგტონს შეუძლია: "მოგვეცით შესაბამისი საშუალებები, დაგვეხმარეთ დავიცვათ ჩვენი ცა და მოვიპოვოთ უპირატესობა და პუტინი დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან".
  • ზელენსკის თქმით, საუბარია არა იმდენად ჩიხზე, რამდენადაც იმაზე, რომ ამერიკას არ აქვს შესაბამისი სურვილი.

კონტექსტი: ვაშინგტონის მედიაციით რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების მცდელობები სექტემბრის დასაწყისში განახლდა, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის ემისრები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ჯერ მოსკოვს და შემდეგ კიევს ეწვივნენ.

  • ამერიკელი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტის დასრულების შემდეგ დასავლური პრესა წერდა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები შესაძლოა ოქტომბერში განახლებულიყო, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
  • პარალელურად რამდენიმე დასავლური გამოცემა წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს კრემლთან სამომავლო ეკონომიკურ შეთანხმებებზე.
  • ძირითადად საუბარია თანამშრომლობაზე ენერგეტიკულ სექტორში.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე