11:18 | 19 აგვისტო, 2026 — ირანი
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველა სავაჭრო და ფინანსური კავშირი შეაჩერა
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანი სამშაბათს მისი მიმართულებით რაკეტების გაშვებაში დაადანაშაულა, რაც მაისის შემდეგ პირველი მსგავსი თავდასხმაა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა უარყო.
ვითარების არსი: არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ "დააფიქსირა ირანიდან ქვეყნის მიმართულებით გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა."
- პირველი რაკეტა საამიროების ტერიტორიულ წყლებში ჩამოვარდა, ხოლო მეორე - საერთაშორისო წყლებში.
- სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ორივე რაკეტის სამიზნეს "საზღვაო ნავიგაცია" წარმოადგენდა.
- თეირანმა ადგილობრივი დროით სამშაბათს გვიან ღამით უარყო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა.
სტრიქონებს შორის: საპასუხოდ, საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ "შემდეგ შეტყობინებამდე შეჩერებულია ირანთან ყველა სავაჭრო, კომერციული და ფინანსური ტრანზაქცია."
- სამინისტროს ცნობით, ეს ნაბიჯი "რეგიონულ ესკალაციას" უკავშირდება. ამასთან, საამიროები კვლავ დიალოგისა და თანამშრომლობის ერთგული რჩება.
დიდი სურათი: აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომის საწყის ეტაპზე - თებერვლის ბოლოდან აპრილის ზავამდე - ირანის ყველაზე ხშირი სამიზნე არაბთა გაერთიანებული საამიროები იყო. ამის მიზეზი ამ ქვეყნის აშშ-სა და ისრაელთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირებია.
- სამშაბათის ინციდენტს წინ უძღოდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არაბთა გაერთიანებული საამიროების გემებზე თავდასხმები.
- საამიროების სახელმწიფო მედიამ შაბათს განაცხადა, რომ ირანი ერთი დღით ადრე თავს დაესხა Abu Dhabi National Oil Company-ის გემს, რაც ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ამ კომპანიის გემზე თავდასხმის მესამე შემთხვევა იყო.
- ირანს გემებზე თავდასხმებზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა განაცხადა, რომ გემებმა უნდა გამოიყენონ სრუტეში ირანის მიერ დადგენილი მარშრუტი და ვინც ამ წესს არ დაემორჩილება სამიზნე გახდება.
კონტექსტი: The Wall Street Journal მაისში წერდა, რომ საამიროები ომის დროს ირანს ფარულად ბომბავდა.
- საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა ბინ ზაიედი ივნისში ტელეფონით ესაუბრა ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის. მხარეებმა განიხილეს რეგიონული მოვლენები და ეს იყო პირველი და ერთადერთი ზარი ორ დიპლომატს შორის ომის დაწყების შემდეგ.
- საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედი ორშაბათს აბუ-დაბიში ომანის სულთან ჰაითამ ბინ თარიქს შეხვდა. შეხვედრა იმავე დღეს შედგა, როდესაც ირანმა განაცხადა, რომ ომანთან შეთანხმებას მიაღწია ჰორმუზის სრუტის გავლით ახალ საზღვაო მარშრუტზე.