ახალი ამბები

12:11 | 21 აგვისტო, 2026 — აშშ

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

აშშ-ის ხაზინის მონაცემებით, შეერთებული შტატების მთლიანმა ვალმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა 40 ტრილიონ დოლარს.


ვითარების არსი: ვალის სწრაფმა ზრდამ უკვე გააჩინა შიში მოსალოდნელი ფისკალური კრიზისის შესახებ.


  • ეკონომისტები აცხადებენ, რომ ჭარბი სესხების, გაზრდილი ხარჯებისა და შემცირებული გადასახადების კომბინაციამ შესაძლოა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა კრიზისში შეიყვანოს.
  • აშშ-ის ვალი სწრაფად იზრდება მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი თავისი მეორე ვადის მთავარ პრიორიტეტად ხარჯების შემცირებასა და ეფექტიანობის ზრდას აცხადებდა. სწორედ ამ მიზნით, "მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა" (DOGE) გასული წლის დასაწყისიდან 250-350 ათასი ფედერალური სამუშაო ადგილი შეამცირა და გლობალური დახმარებები შეკვეცა.
  • 2023 წლის მაისში, კონგრესის საბიუჯეტო ოფისი (CBO) პროგნოზირებდა, რომ აშშ 40 ტრილიონიან ნიშნულს 2028 წელს მიაღწევდა.


სტრიქონებს შორის: 2020-იან წლებში აშშ-ის ვალი ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე წინა ათწლეულებში.


  • აშშ-ის ვალი გაორმაგდა 2017 წლის იანვრის შემდეგ, როდესაც ტრამპმა პრეზიდენტის პირველი ვადა დაიწყო. იმ დროს აშშ-ის ვალი 19.95 ტრილიონი დოლარი იყო.
  • მისი პირველი ვადის განმავლობაში, სახელმწიფო ვალი 7.8 ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რისი უდიდესი ნაწილიც COVID-19-ის პანდემიის საპასუხო ხარჯები იყო. 2025 წლის იანვარში თანამდებობაზე მისი დაბრუნების შემდეგ, ვალი კიდევ 3.8 ტრილიონით გაიზარდა, რაც მის ორ ვადაში ჯამში 11.6 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
  • 2021-დან 2025 წლამდე, ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, მთავრობა პანდემიის საპასუხოდ კვლავ აგრძელებდა დიდი რაოდენობით სესხებასა და ხარჯვას - ვალი 8.4 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.


დიდი სურათი: CRFB-ის ანალიზის თანახმად, 1981 წელს აშშ-ის მთლიან ვალს პირველად რომ გადაეჭარბებინა 1 ტრილიონისთვის, თითქმის 200 წელი დასჭირდა, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, 1981 წლის 1 ტრილიონი დოლარი დღევანდელი 3.67 ტრილიონი დოლარის ტოლფასია.


  • CBO ვარაუდობს, რომ ვალი 2026 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 101%-დან 2036 წლისთვის 120%-მდე გაიზარდება. ეს ბევრად აღემატება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფიქსირებულ აშშ-ის წინა რეკორდს - 106%.
  • ანალიტიკოსების თქმით, ვალის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ საგადასახადო და სხვა შემოსავლები ვერ ფარავს ხარჯებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ სულ უფრო მეტს ხარჯავს მოსახლეობის პენსიებსა და ჯანდაცვაზე.
  • ექსპერტების თქმით, როგორც დემოკრატიულმა, ისე რესპუბლიკურმა ადმინისტრაციებმა ვერ შეძლეს ხარჯების შეკვეცა ან გადასახადების გაზრდა დეფიციტის ამოსავსებად. აშშ ყოველწლიურად დაახლოებით 7 ტრილიონ დოლარს ხარჯავს, რომლის დაახლოებით 60% იხარჯება სოციალური უზრუნველყოფის ადმინისტრაციის (SSA) გადასახდელებზე, სამედიცინო პროგრამებზე (Medicare და Medicaid) და ვეტერანების დახმარებაზე. შემოსავლები არ არის საკმარისი ამ ხარჯების დასაფარად.


კონსტექსტი: აშშ-ის ხაზინის მონაცემებით, შიდა და უცხოელი ინვესტორებისგან ნასესხები სახელმწიფო ვალი შეადგენს მთლიანი ვალის 80%-ს - დაახლოებით 32 ტრილიონ დოლარს.


  • Peter G Peterson Foundation-ის ანალიზის მიხედვით, ამ სახელმწიფო ვალიდან დაახლოებით 21 ტრილიონი დოლარი შიდა კრედიტორებისგან არის.
  • საერთაშორისო დონეზე, აშშ-ს რამდენიმე ქვეყნისა და კერძო ინვესტორის ვალი აქვს: იაპონია - 1.2 ტრილიონი დოლარი, ბრიტანეთი - 889 მილიარდი, ჩინეთი - 683 მილიარდი, ასევე 30-ზე მეტი სხვა სუბიექტის.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე