ახალი ამბები

16:18 | 20 აგვისტო, 2026 — აშშ

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ფარულად ტრანსპორტირება დაიწყო - Axios

აშშ-მა საიდუმლო საზღვაო მარშრუტის ოპერირების დაწყება შეძლო ჰორმუზის სრუტეში, რაც ყოველდღიურად მილიონობით ბარელი ნავთობის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ 19 აგვისტოს, Axios ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

ვითარების არსი: გამოცემა წერს, რომ ომანის სანაპიროსთან არსებული სამხრეთის არხით ყოველ ღამით 15-20 ტანკერი გადის, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით 10 მილიონი ბარელი ნავთობი გააქვთ - ომამდელი მოცულობის დაახლოებით ნახევარი.

  • აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების ცნობით, ეს "არსებით გავლენას" ახდენს ნავთობის გლობალურ ბაზარზე.
  • აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტანკერებს ეხმარებიან ჰორმუზის სრუტის გავლით სპარსეთის ყურეში შესვლაში, ნავთობის დატვირთვასა და აკვატორიიდან გამოსვლაში.
  • "ჩვენ უკვე ორი თვეა ვაკონტროლებთ ჰორმუზის სამხრეთ ნაწილს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს შეუძლია უხერხულობა შექმნას, მაგრამ ის ვერ აკონტროლებს სრუტეს. ამას ჩვენ ვაკეთებთ," - აცხადებს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

სტრიქონებს შორის: ოპერატიული ჯგუფი, რომელიც ჰორმუზში მიმდინარე ოპერაციას ხელმძღვანელობს, აშშ-ის არმიის შტაბ-ბინიდან, ფორტ-ბრეგიდან მოქმედებს. ის კოორდინაციას უწევს მოქმედებებს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან.

  • ამასთან, ყოველდღიურად დგება იმ გემების სიები, რომლებიც სპარსეთის ყურიდან ჰორმუზის სრუტის გავლით არაბეთის ზღვაში გადიან, ასევე იჯარით აღებული ცარიელი ტანკერების, რომლებიც საზღვაო აკვატორიიდან სრუტის გავლით სპარსეთის ყურის ქვეყნების პორტებისკენ მიემართებიან ნავთობის დასატვირთად.
  • ღამით გემები კოლონის შემადგენლობაში, განსაზღვრული დროის ინტერვალებით გადაადგილდებიან. ტანკერები სამხრეთ არხს ამერიკელი სამხედროების მითითებებით გადიან.
  • ამასთან, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების არსენალშია გამანადგურებლები, რომლებიც ირანის ფრთოსანი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატებისგან  დამცავ საფარს უზრუნველყოფენ.

დიდი სურათი: ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ეს შესაძლებელი გახდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ორკვირიანი სამხედრო ოპერაციის წყალობით, რომლის დროსაც მწყობრიდან გამოვიდა ირანის რადიოლიკაციური და საზღვაო თვალთვალის სისტემები.

  • ირანის მონიტორინგის შესაძლებლობები შეზღუდულია. საუბარია რამდენიმე აღდგენილი რადარის გამოყენებასა და ირანის მცირე სწრაფმავალ კატარღებზე. ამასთან, ირანი ფრთოსანი რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს ისვრის გემების სავარაუდო მოძრაობის მიმართულებით.
  • მაგალითად, კვირის დასაწყისში აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა რვა ირანული დრონი და ორი რაკეტა ჩამოაგდო.

კონტექსტი: დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის დაწყება გამოაცხადა. ის "უზარმაზარი" სანქციებით დაემუქრა ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თეირანს მხარს უჭერს ან მასთან ბიზნესს აწარმოებს. ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე