დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:00 | 28 ოქტომბერი, 2026 — აშშ

აშშ-მა სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანთან ომის შესაძლო განახლების შესახებ გააფრთხილა - WSJ

ტრამპის ადმინისტრაციამ სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბული ქვეყანა გააფრთხილა, მოემზადონ მოკლე და ინტენსიური სამხედრო კამპანიისთვის ირანის წინააღმდეგ, აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ.

ვითარების არსი: The Wall Street Journal მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ "ეს გზავნილები, რომლებიც დიპლომატიური და სამხედრო არხებით შედის, იმ მზარდი ნიშნების ნაწილია, რომ აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ მძიმე საბრძოლო მოქმედებების ახალი რაუნდის დასაწყებად ემზადებიან."

  • გამოცემის მონაცემებით, ამერიკელ სამხედროებს ტეხასის შტატიდან უკვე გადააქვთ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა და რეგიონში საბრძოლო მასალის მარაგს ავსებენ. ხოლო გამანადგურებლები და ბომბდამშენები ირანის დასაბომბად ემზადებიან.
  • ნოემბერში ახლო აღმოსავლეთში არსებულ 20 სამხედრო ხომალდისგან შემდგარ დაჯგუფებას დამატებითი ავიამზიდის დარტყმითი ჯგუფი და საზღვაო ქვეითთა დანაყოფი შეუერთდება.

სტრიქონებს შორის: გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა არჩევნების შემდეგ მასშტაბური შეტევისკენ იხრება, რომლის სამიზნეც შესაძლოა ირანის ინფრასტრუქტურა და ბირთვული ობიექტები გახდეს.

  • "ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ კიდევ ერთი მცირე "ეპიკური რისხვა," - განაცხადა ტრამპმა გასულ კვირას ჩატარებულ წინასაარჩევნო აქიაზე. ის გაზაფხულზე აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციას გულისხმობდა.
  • ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე განსაზღვრა შეტევის სამიზნეები და ირანის რეჟიმის დამხობის მიზნით დარტყმების განახლებას ითხოვს.
  • თეთრ სახლში განაცხადეს, რომ კომენტარს არ გააკეთებენ "სენსიტიურ სამხედრო გეგმებზე, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს, ან არ არსებობდეს."

ჩაშლილად: ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ირანი მაინც არ დათანხმდება კაპიტულაციას ახალი სამხედრო კამპანიის შემდეგ. თეირანმა ომის ყველაზე აქტიურ ფაზაში უკვე გაუძლო აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან 20 ათასზე მეტ დარტყმას. 

  • "მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ისრაელი და შეერთებული შტატები კვლავ უშვებენ, არის გათვლა, რომ ირანზე დარტყმების კიდევ ერთ რაუნდს - კერძოდ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს ან მაღალჩინოსნების ლიკვიდაციას - როგორღაც შეუძლია რეჟიმის დამხობა," - აღნიშნა ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა, დენი სიტრინოვიჩმა.
  • შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ მიყენებული ზიანის მიუხედავად, ირანი ინარჩუნებს ათასობით რაკეტას და დრონს.

დიდი სურათი: WSJ წერს, რომ ისრაელის მთავრობა შეშფოთებულია, თუ რამდენად სწრაფად მოახერხა ირანმა სამხედრო პოტენციალის აღდგენა.

  • 21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული თავისი ბაზებიდან ჯარების გაყვანა დაიწყო.
  • პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაციის ბრძანება გასცა, ახალი მასშტაბური სამხედრო ესკალაციიის საფრთხის გამო.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე