ახალი ამბები

15:43 | 18 ივნისი, 2026 — აშშ

Axios: აშშ-ირანის მემორანდუმი ტრამპის საწყის ულტიმატუმებს არ მოიცავს

ოთხშაბათს გამართულ ერთსაათიან პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ისაუბრა. მან აშკარად შეცვალა ის საწყისი მოთხოვნები, რაც აშშ-ს ირანის მიმართ 28 თებერვალს დაწყებულ ომამდე ჰქონდა. აშშ-ირანის მემორანდუმის დეტალებს და მხარეების პოზიციებს გამოცემა Axios აქვეყნებს.

ვითარების არსი: ორი თვის განმავლობაში ტრამპი ცდილობდა მიეღწია შეთანხმებისთვის, რომელიც დაასრულებდა ომს, კვლავ გახსნიდა ჰორმუზის სრუტეს და დაასტაბილურებდა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებს. შეთანხმება ამ მიზანს აღწევს, მაგრამ სანაცვლოდ ირანი მილიარდობით დოლარის აქტივების განბლოკვას მიიღებს.

  • ამასთანვე, ტრამპის ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ დათმობებზე წასვლა მხოლოდ ძველ სტატუს-კვოსთან დასაბრუნებლად, აჩვენებს, რომ თავად ომი ძვირადღირებული შეცდომა იყო.
  • ომამდე და მისი დაწყებისას, ტრამპმა ამბიციური მიზნები დაისახა. ეს მოიცავდა ირანის "სრულ კაპიტულაციას" და ირანის ბირთვული პროგრამის სრულ დემონტაჟს: არანაირი გამდიდრება, არანაირი ბალისტიკური რაკეტები და არანაირი პროქსი-დაჯგუფებების დაფინანსება.
  • ტრამპი იმასაც კი ამბობდა, რომ ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაში მონაწილეობა უნდა მიეღო.

ჩაშლილად: ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრამპმა ოთხშაბათს მოაწერა ხელი და ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა რეპორტიორებთან სატელეფონო საუბრისას ის სრულად გაასაჯაროეს.

  • ირანს სანქციები უმსუბუქდება ნავთობის გასაყიდად, ჰორმუზის სრუტე კვლავ იხსნება, ხოლო ირანის საზღვაო ბლოკადა უქმდება.
  • მხარეები ასევე იტოვებენ 60 დღეს ბირთვულ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად.
  • ირანს შესაძლოა ყველა სანქცია გაუუქმდეს, მილიარდობით დოლარის გაყინული აქტივები და ინვესტიციები მიიღოს, თუკი დათანხმდება საკუთარი ბირთვული პროგრამის შეზღუდვასა და გამდიდრებული ურანის "თავიდან მოცილებას."

სტრიქონებს შორის: ტრამპი და მისი გუნდი აღიარებენ, რომ საბოლოო შეთანხმება, შესაძლოა, არც არასდროს შედგეს. თუმცა, მან ოთხშაბათს განაცხადა: "თუ ეს 60 დღეში არ გაკეთდება, ჩვენ კვლავ დაბომბვას დავუბრუნდებით" (მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ ბოლო ვადამ შესაძლოა გადაიწიოს).

  • გარდა ამისა, ტრამპმა გარკვეულწილად დააკნინა შეთანხმების მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მემორანდუმი იყო.
  • მას შემდეგ, რაც მემორანდუმის დეტალები საჯარო გახდა, ტრამპს როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი პოლიტიკოსები აკრიტიკებენ.
  • რესპუბლიკელმა სენატორმა ბილ კესიდიმ განაცხადა, რომ "რეიგანი საფლავში ბრუნავს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე უარესი საგარეო პოლიტიკური შეცდომის" გამო.

ტრამპის პასუხი: იმ ჩიხის აღიარებით, რომელშიც ირანმა აშშ და მსოფლიო ეკონომიკა შეიყვანა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით, ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სურდა ეკონომიკური "კატასტროფის" დაწყება და კიდევ ერთ ჰერბერტ ჰუვერად ქცევა, რომელიც აშშ-ს დიდი დეპრესიის დროს ხელმძღვანელობდა.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის სამხედრო მიზნები, როგორიცაა ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების განადგურება, მიღწეულია. ტრამპის თქმით, მემორანდუმი ქმნის გზას ირანის ბირთვული პროგრამის გრძელვადიანი შეზღუდვისთვის.
  • მან ასევე დაამატა, რომ აშშ-ის მოკავშირეებს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის გამოკლებით - ომის დასრულება და შეთანხმების ხელმოწერა სურდათ.

შეთანხმების კრიტიკა: აშშ-სთან ხელმოწერელი მემორანდუმი ირანს მხოლოდ 60 დღით ავალდებულებს ჰორმუზის სრუტის გახსნას, რაც ამ ვადის შემდეგ მოსაკრებლების დაწესების შესაძლებლობას ტოვებს.

  • ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ ეს არ მოხდება, რადგან სპარსეთის ყურის ქვეყნები არ მოაწერდნენ ხელს არანაირ შეთანხმებას, რომელიც ამას დაუშვებდა.
  • მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს გეგმას ირანის აღსადგენად 300 მილიარდ დოლარიანი ფონდის შექმნის შესახებ.
  • ტრამპმა უარყო, რომ აშშ ამ ფონდში თანხას შეიტანს, ხოლო ამერიკელმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ საუბარია უფრო ბირთვული შეთანხმების შემდგომი ინვესტიციების პოტენციალზე - მაგალითად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მიეცეს უფლება, ააშენოს ელექტროსადგური ირანში.
  • მიუხედავად ადმინისტრაციის მტკიცებისა, რომ ეს იყო მთლიანად "პირობების შესრულების მიხედვით გადახდის" შეთანხმება, ტექსტი ნათლად აჩვენებს, რომ ირანი მიიღებს სანქციების შემსუბუქებას ნავთობის გასაყიდად, სანამ მოლაპარაკებები გრძელდება. 

დავიწყებული ულტიმატუმები: მემორანდუმში არაფერია ნათქვამი ირანის ბალისტიკურ რაკეტებზე ან რეგიონში ტერორისტული ორგანიზაციებისა და შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერაზე, მიუხედავად ტრამპის დაჟინებული მოთხოვნისა - ჯერ კიდევ მისი პირველი ვადიდან - რომ ირანთან ნებისმიერ შეთანხმებას ეს საკითხები უნდა მოეცვა.

  • "მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული რაოდენობა [ბალისტიკური რაკეტები], რადგან სხვებსაც აქვთ. რაკეტები არ არის პრობლემა." - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კონტექსტი: Axios-თან საუბრისას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პარასკევს შვეიცარიაში დაგეგმილი შეხვედრა ამერიკულ და ირანულ დელეგაციებს შორის "კრიტიკულად მნიშვნელოვანი" იქნება ბირთვულ მოლაპარაკებებზე გადასასვლელად.

  • მან აღნიშნა, რომ მიღწეულია "ჯენტლმენური შეთანხმება" ირანის მიერ დაგეგმილ ბირთვულ დათმობებთან დაკავშირებით, და აშშ "დღეების ან კვირების განმავლობაში" შეიტყობს, რამდენად სერიოზულად აპირებს თეირანი მის შესრულებას.
  • ტრამპის გუნდის ზოგიერთი წევრი - მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი - სკეპტიკურად არის განწყობილი, რომ ირანელები ამ დათმობებზე წასვლას მართლაც აპირებენ.
  • "თუ ჩავთვლით, რომ ისინი უბრალოდ დროს გვაკარგვინებენ და თვალებში ნაცარს გვაყრიან, მაშინ ჩვენ ძალიან სწრაფად შევწყვეტთ ამ პროცესს და დავუბრუნდებით მათზე ჭანჭიკების ძალიან, ძალიან აგრესიულად მოჭერას," - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე