აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას გავლის საფასურის გარეშე და ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას წესების დაცვის სანაცვლოდ. ამ ინფორმაციას გამოცემა Axios ავრცელებს.
ვითარების არსი: აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს 60 დღით გაახანგრძლივებს, რომლის განმავლობაშიც მხარეები თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს გამართავენ.
- ერთ-ერთი შუამავალი ქვეყნის დიპლომატმა, რომელმაც Axios-ს მემორანდუმის ტექსტი გააცნო, განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ტექსტი შეათანხმეს, თუმცა ის საბოლოო დამტკიცებას საჭიროებს.
- ხუთშაბათს საღამოს მდგომარეობით, შეთანხმება ირანული მხარის მიერ მაღალ დონეზე იყო მოწონებული, მაგრამ უზენაესი ლიდერის, მოჯთბა ხამენეის მიერ - არა.
სტრიქონებს შორის: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების ხელმოწერას ამ უქმეებზე ელოდება.
- როგორც ცნობილია, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ოთხი C-17 თვითმფრინავი ხუთშაბათს ევროპაში გაფრინდა, რომლებსაც გადაჰქონდათ აღჭურვილობა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის შესაძლო ვიზიტისთვის ჟენევაში, ხელმოწერის ცერემონიაზე დასასწრებად.
- შუამავალი ქვეყნების ორი დიპლომატისა და ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, წინასწარ შეთანხმებას ოთხშაბათს საღამოს მიაღწიეს, კატარელ შუამავალ ალი ალ-თავადისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ.
- ტრამპის განცხადება შეთანხმების მიღწევის შესახებ მოულოდნელი აღმოჩნდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის. ამერიკული წყაროს თანახმად, ბოლო დღეებში ნეთანიაჰუ საქმის კურსში არ ყოფილა და ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ მოკავშირეებს ურეკავდა ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
დიდი სურათი: ურთიერთგაგების მემორანდუმით, ირანი აიღებს გარკვეულ ვალდებულებებს საკუთარ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით - არასოდეს ფლობდეს ბირთვულ იარაღს და გადაჭრას გამდიდრებული ურანის საკითხი.
- შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას ყოველგვარი გადასახადის დაწესების გარეშე, ასევე ნაოსნობის ომამდელ მოცულობებთან დაბრუნებას 30 დღის განმავლობაში. სანაცვლოდ, აშშ-ის საზღვაო ბლოკადაც მოიხსნება.
- მანამდე ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Axios-ს განუცხადეს, რომ სრუტის ხელახლა გახსნის შემდეგ, ირანს დროებით გაუუქმდება სანქციები, რაც მას საშუალებას მისცემს გაყიდოს ნავთობი 60 დღის განმავლობაში. სანქციების შემსუბუქება გაგრძელდება, თუ თეირანი დაიცავს პირველად შეთანხმებას და გამოავლენს "კეთილ ნებას" ბირთვულ პროგრამაზე შემდგომ მოლაპარაკებებში.
კონტექსტი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეიცავს თუ არა ტექსტი რაიმე დეტალურ განმარტებას იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევა საზღვარგარეთ გაყინულ მილიარდობით დოლარის ირანულ აქტივს.
- ირანი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ნებისმიერი პირველადი შეთანხმების ხელმოწერისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიეღო გარკვეული თანხა, მაშინ როცა აშშ აცხადებდა, რომ ამ თანხას ირანი ტრანშებად მიიღებდა პირობების შესრულების შესაბამისად.