ახალი ამბები

14:30 | 29 ივლისი, 2026 — უკრაინა

აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცა

უკრაინამ აზერბაიჯანისგან თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა მიიღო, რომელიც უკრაინის რკინიგზის მუშაობის გაძლიერებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.

ვითარების არსი: უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, აზერბაიჯანიდან აღჭურვილობა ენერგეტიკის სამინისტროს სპეციალური ჰაბის მეშვეობით მიიღეს.

  • სამინისტრო აცხადებს, რომ ჰაბიდან აღჭურვილობა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თითქმის ყოველდღიურად იგზავნება.
  • ეს ხელს უწყობს როგორც ენერგეტიკული სექტორის, ისე სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველყოფას რუსული თავდასხმების მუდმივი საფრთხის პირობებში.

სტრიქონებს შორის: "მადლობას ვუხდით აზერბაიჯანსა და კომპანია STP Global Cable-ს უკრაინასთან სოლიდარობისა და ჩვენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.

  • 2026  წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში მისი ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ექვს ორმხრივ დოკუმენტს.
  • ზელენსკის ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით ხუთი სამგზავრო ავტობუსი გადასცა.

დიდი სურათი: 13 ივლისს შუშის მე-4 გლობალურ მედიაფორუმზე უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრო გორდონის კითხვის საპასუხოდ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა: "არ ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელისულებას ჩემი რჩევა სჭირდება. თუმცა დღესაც იმავე რეკომენდაციას გავიმეორებდი: არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას. უკრაინა სწორედ ასე იქცევა. ის არ ეგუება ოკუპაციას, მიუხედავად გასული წლის ძალიან რთული მომენტებისა. ჩვენ მოწმენი გავხდით გარკვეული წრეების მხრიდან ზეწოლისა, რათა ბრძოლა შეწყვეტილიყო ოკუპაციის ფაქტობრივი გაფორმების პირობით. თუმცა, ამას არც უკრაინელი ხალხი და არც მისი ხელისუფლება არ დათანხმდა."

  • შუშაში გამოსვლისას ილჰამ ალიევმა აპრილში, აზერბაიჯანში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი გაიხსენა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
  • "აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. არცერთი ქვეყნის საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალისმიერი გზით ან მისი ხალხის თანხმობის გარეშე. ჩვენი პოზიცია ამ საკითხში თანმიმდევრული და მტკიცეა." - ხაზი გაუსვა ალიევმა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე