14:45 | 21 აგვისტო, 2026 — ისრაელი
ბარაკმა ნეთანიაჰუ თურქეთთან კონფლიქტის "უპასუხისმგებლო და უგუნურ" ესკალაციაში დაადანაშაულა
ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ეჰუდ ბარაკმა ბენიამინ ნეთანიაჰუ მკვეთრად გააკრიტიკა სირიაში ისრაელის მიერ სამხედრო ბაზის დაბომბვის და თურქეთთან ურთიერთობების გამწვავების გამო.
ვითარების არსი: X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბარაკმა აღნიშნა, რომ არ შეუძლია მიმდინარე მოვლენების ყველა დეტალის გამჟღავნება, თუმცა ნეთანიაჰუს მიერ თურქეთთან "განზრახ" ესკალაციას "უპასუხისმგებლო და უგუნური ნაბიჯი" უწოდა.
- მისი თქმით, რთულია იმის დადგენა, ამ ორი განსაზღვრებიდან რომელი უფრო შეეფერება პრემიერს.
სტრიქონებს შორის: ბარაკმა ივარაუდა, რომ ვითარების გამწვავება შესაძლოა უკავშირდებოდეს ნეთანიაჰუს სურვილს არჩევნებამდე წარმატებას მიაღწიოს უსაფრთხოების სფეროში, იმ მრავალი პრობლემის ფონზე, რომლებიც ისრაელის საზოგადოებაში განგაშს იწვევს.
- "თურქეთი არ არის ირანი და არც ასადის სირია," - ხაზი გაუსვა ისრაელის ყოფილმა პრემიერმა.
- მან აღნიშნა, რომ ანკარასთან ურთიერთობაში არ არსებობს ისეთი სტრატეგიული პრობლემა, რომლის მოგვარება, ლოკალიზება ან ხანგრძლივი ვადით გადადება არ შეიძლება საიდუმლო კონტაქტებისა და აშშ-სთან კოორდინაციით, თურქეთსა და სირიაში ვაშინგტონის გავლენის გამოყენებით.
- ბარაკმა ნეთანიაჰუ დაადანაშაულა, რომ ომის დეკლარირებული მიზნების მიღწევაში "აბსოლუტური მარცხის" შემდეგ და დაახლოებით ორ თვეში მოსალოდნელი "პოლიტიკური დამარცხების" ფონზე, პრემიერი უკვე დაკავებულია არა ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, არამედ პოლიტიკური გადარჩენით და იქცევა, როგორც "შეპყრობილი აზარტული მოთამაშე."
დიდი სურათი: 18 აგვისტოს, ისრაელმა სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ავიაბაზა დაბომბა და განაცხადა, რომ მისი მიზანი იქ თურქული ჯარების დისლოცირების აღკვეთა იყო.
- თურქეთში აშშ-ის ელჩმა და სირიაში სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტომ ბარაკმა X-ზე დაწერა, რომ ვაშინგტონი "ღრმად არის შეშფოთებული აბუ-დუჰურის ავიაბაზაზე განხორციელებული და დადასტურებული ისრაელის ავიადარტყმებით, რაც წარმოადგენს უაზრო ესკალაციას, რომელიც ხელს არ უწყობს რეგიონულ სტაბილურობას."
- ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება. ეს იქნება პირველი არჩევნები 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის და ომების შემდეგ.
- საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ისრაელის ოპოზიციურ პარტიებს მოქმედ კოალიციაზე დიდი მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო 61 მანდატი არცერთ მხარეს არ აქვს, რადგან 10-ზე მეტი მანდატი აქვთ არაბულ პარტიებს.