მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:45 | 07 სექტემბერი, 2026 — საფრანგეთი

ბარდელა: ჩვენ არ მივატოვებთ უკრაინას, თუმცა მხარდაჭერა უნდა გადაიხედოს

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ საფრანგეთის უპირობო მხარდაჭერა უკრაინისადმი უნდა შეიცვალოს ურთიერთობით, რომელიც საფრანგეთისთვის მეტ სარგებელს მოიტანს.

ვითარების არსი: შაბათის Bloomberg TV-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ საფრანგეთის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ქვეყანამ უკრაინის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ რაღაც უნდა მიიღოს.

  • ჯორდან ბარდელა, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი გახდება, თუ მარინ ლე პენი მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
  • "ჩვენ ვიძირებით ვალებში, ვიძირებით დეფიციტში და უპასუხისმგებლობაა ხარჯვითი ვალდებულებების აღება და ქვეყნისთვის ფინანსური მხარდაჭერის დაპირება, ყოველგვარი გარანტიების გარეშე," - ხაზი გაუსვა მან. "ყველაფერი გადასასინჯია."

სტრიქონებს შორის: ამავდროულად, მან განაცხადა, რომ "ეროვნული გაერთიანების" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერა სრულად არ შეწყდება.

  • "ეს ომი უკვე ძალიან დიდხანს გრძელდება. წლებია, ჩვენ მოვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტასა და უკრაინისთვის უსაფრთხოების საკმარისი გარანტიების მიცემას. ამიტომ, საუბარი არ არის უკრაინის მიტოვებაზე. საფრანგეთს აქვს ვალდებულებები. ის მხარს უჭერს უკრაინას და მოუწევს ამ ვალდებულებების პატივისცემის გაგრძელება, რათა უკრაინამ დაიცვას თავისი საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა," - განაცხადა პოლიტიკოსმა.

დიდი სურათი: მან მოიწონა ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა, რომელიც მხარდაჭერის სანაცვლოდ უკრაინისგან რაღაცის მოთხოვნას გულისხმობს და გაიხსენა შეთანხმება უკრაინულ სასარგებლო წიაღისეულზე წვდომის შესახებ.

  • ამავდროულად, მას სურს, რომ უკრაინამ აიღოს ვალდებულება, რომ ევროპული ქვეყნებისგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერა ექსკლუზიურად ამავე ქვეყნების თავდაცვის მრეწველობისგან შეიარაღების შესასყიდად დაიხარჯება.

კონტექსტი: მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები - ულტრამემარჯვენეთა ლიდერი მარინ ლე პენი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი - ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "ეროვნული გაერთიანების" დაპირების გამო, რომ უკრაინის დახმარება შეწყდება.

  • დაპირისპირების მიზეზი "ეროვნული გაერთიანების" ვიცე-პრეზიდენტის ლუი ალიოს კომენტარი გახდა, რომელმაც BFMTV-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ მათი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში "გადაკეტავდნენ ონკანს" - უკრაინის დახმარებას.
  • "ონკანის გადაკეტვა რუსეთის სამსახურში ჩადგომის ტოლფასია. უკრაინის დასუსტება, რისკენაც მიისწრაფვის მარინ ლე პენი საფრთხეს უქმნის ევროპის და საფრანგეთის უსაფრთხოებას. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შევუშალო." - აღნიშნა ედუარ ფილიპმა.
  • ფილიპს მალევე და მკვეთრად გამოეხმაურა ლე პენი და განაცხადა, რომ საერთაშორისო არენაზე მისი მიღწევების ჩამონათვალი ისეთივე მწირია როგორც პრემიერის პოსტზე: "ომის დაწყების მომენტიდან მოვოწუდებდი საფრანგეთს მოეწვია დიდი სამშვიდობო კონფერენცია და ხელი შეეწყო ამ საშინელი ომის დასრულებისთვის, რომელმაც უკვე იმსხვერპლა 2 მილიონი ადამიანი."
  • ფილიპმა ლე პენს მოსკოვთან ახლო კავშირები შეახსენა და ის "სისუსტესა და კრემლის პოზიციაზე დანაშაულებრივ მორგებაში" ამხილა - "არის დიქტატორი-აგრესორი და არის დემოკრატია, რომელსაც თავს დაესხნენ, მათი გათანაბრება არა დიპლომატია, არამედ დანაშაულებრივი სისუსტეა."
  • საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად 2027 წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ჩატარდება. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენია პირველ ადგილზე.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე