14:43 | 22 ივლისი, 2026 — გაერთიანებული სამეფო
ბერნემის ინიციატივები: ავტობუსის ბილეთი 2 ფუნტად, დენზე დღგ-ს გაუქმება
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ორშაბათიდან მოყოლებული, ენდი ბერნემმა ორი კონკრეტული პოლიტიკური ინიციატივა უკვე წარადგინა.
ავტობუსის მგზავრობის საფასურის ზედა ზღვარი: დღეს დილით მან განაცხადა, რომ 2027 წლის 1 იანვრიდან, ინგლისში ავტობუსით ერთჯერადი მგზავრობის საფასური უმეტეს შემთხვევაში 2 ფუნტიანი ზედა ზღვარი იქნება.
ამ პოლიტიკის განხორციელება, სავარაუდოდ - 500 მილიონ ფუნტზე მეტი დაჯდება. მთავრობის განცხადებით, ამისთვის 454 მილიონი ფუნტი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ნულოვანი ემისიების სამინისტროს ბიუჯეტიდან გადანაწილდება.
დღგ ელექტროენერგიაზე: დაუნინგ სტრიტზე გადაბარგებიდან მაელვე ბერნემმა განაცხადა, რომ ოქტომბრიდან ექვსი თვის ვადით საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიაზე დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ) შეამცირებს.
- მთავრობის შეფასებით, ეს საშუალოდ თითოეულ ოჯახს დაახლოებით 45 ფუნტის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.
- ნავარაუდებია, რომ ამ ნაბიჯის ღირებულება 850 მილიონი ფუნტი იქნება, რომლის დაფინანსებასაც ციფრული პირადობის მოწმობის პროგრამის გაუქმებით გამოთავისუფლებული სახსრების გადანაწილებით გეგმავს.
კიდევ რა დაპირებები გასცა ბერნემმა: პრემიერ-მინისტრის რანგში თავის პირველ გამოსვლაში ბერნემმა პირობა დადო, რომ ქუჩაში უსახლკაროდ ცხოვრება დასრულდება. მოგვიანებით მთავრობამ განაცხადა, რომ ამ მიზნისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 340 მილიონ ფუნტს გამოყოფს.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ასევე თქვა, რომ ააშენებს მეტ მუნიციპალურ საცხოვრებელ სახლს, შეცვლის განათლების სისტემას, რათა მეტი ახალგაზრდა დასაქმდეს, და მათ ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერასაც გააძლიერებს. თუმცა ამ დრომდე მას ამ დაპირებების განხორციელების კონკრეტული გეგმა, მათ შორის დაფინანსების წყაროები, არ წარმოუდგენია.
მისი გეგმების განხორციელბა, მთავრობის ახალ შემადგენლობას მოუწევს, რომლის შემადგენლობაც კირ სტარმერის გადადგომის შემდეგ გადახალისდა.