14:25 | 27 მაისი, 2026 — უკრაინა
ბილეცკი: მიმაჩნია, რომ მომდევნო ექვსიდან ცხრა თვე გარდამტეხი იქნება
"როიტერთან" ინტერვიუში უკრაინის აზოვის მე-3 მოიერიშე კორპუსის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ანდრი ბილეცკიმ ომის მიმდინარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ვრცელი შეფასებები გააკეთა.
მისი თქმით, ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის და უკრაინას ექვსთვიანი „სტრატეგიული ფანჯარა“ აქვს, რათა ინიციატივა ხელში აიღოს. ბილეცკის ანალიზი ეფუძნება შემდეგ არგუმენტებს:
რუსული არმიის გამოფიტვა: გენერალი მიიჩნევს, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ფიზიკურად და მორალურად გამოფიტულნი არიან და აღარ ძალუძთ ფრონტზე მასშტაბური გარღვევები. მან აღნიშნა, რომ პირადი შემადგენლობის დეფიციტის გამო, რუსებს უკვე აღარ შეუძლიათ ისეთი ინტენსივობით წინსვლა, როგორც ეს წინა წლებში შეეძლოთ.
მეთაურობის დეგრადაცია: ბილეცკის დაკვირვებით, „ციხესიმაგრეების სარტყლის“ [ქალაქები: კონსტანტინივკა, დრუჟივკა, კრამატორკსკი, სლოვიანსკი - რედ] მიმართულებით განხორციელებული უშედეგო იერიშებით რუსეთის არმიამ ბევრი საველე მეთაური დაკარგა, რაც მტრის სამხედრო მართვის სისტემის პროფესიულ დეგრადაციაზე მიუთითებს.
ტექნოლოგიური ფაქტორი: მეთაური ხაზს უსვამს ილონ მასკის გადაწყვეტილებას Starlink-ის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც, ბილეცკის თქმით, რუსეთს კომუნიკაციების კუთხით „მძიმე მარცხს“ აყენებს. პარალელურად, უკრაინა აქტიურად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიცაა უპილოტო სახმელეთო პლატფორმები [რობოტები - რედ] და „სტელს“-დრონები, რაც მეთაურებს საშუალებას აძლევს, უფრო „კრეატიული“ ოპერაციები დაგეგმონ ცოცხალი ძალის დანაკარგის მინიმუმამდე შემცირებით.
რეალობის შემოწმება: ამ შეფასებას ნაწილობრივ იზიარებენ სხვა ანალიტიკოსებიც. კერძოდ, ფინეთში დაფუძნებული ჯგუფის, Black Bird-ის ექსპერტი ჯონ ჰელინი ადასტურებს, რომ რუსული არმიის გამოფიტვა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ უკრაინის მხარეს გამოწვევად რჩება ცოცხალი ძალის დეფიციტი.