18:39 | 17 ივნისი, 2026 — ევროპული საბჭო
Bloomberg: ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პუტინთან არაფორმალური საკომუნიკაციო არხის შექმნა სცადა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ კრემლთან დაკავშირება სცადა, რათა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების ვარიანტების განხილვაში ჩაერთო.
ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ვითარების არსი: როგორც მედია წერს, კოშტას მთავარმა მრჩეველმა ორჯერ გამართა სატელეფონო საუბარი პუტინთან დაახლოებულ რუს მაღალჩინოსანთან, რათა მომავალში უფრო არსებითი მოლაპარაკებებისთვის ნიადაგი მოემზადებინა.
- მიმდინარე წლის მაისში კოშტამ ისაუბრა იმის შესახებ, რომ "საჭიროა, შესაფერის მომენტში დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად".
- კოშტას წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
- ასევე კომენტარისგან თავი შეიკავა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
კონტექსტი: 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ფაქტობრივად გაწყვეტილია.
მას შემდეგ, რაც გასულ წელს დონალდ ტრამპმა პუტინთან ომის შესაძლო დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, ევროპელმა ლიდერებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან საკუთარი ადგილის მოპოვების აუცილებლობა იგრძნეს.
კრემლთან არაფორმალური საკომუნიკაციო არხის დამყარების მცდელობის შესახებ ცნობილი გახდა პარიზში გამართული G7-ის სამიტის მიმდინარეობისას,
სამიტის მონაწილე გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კოორდინაციით პუტინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის სტრატეგიას განიხილავენ.
ევროპელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმის შესაძლებლობა გაჩნდა ფრონტზე რუსული სამხედროების წინსვლის შენელების, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის დარტყმების გაზრდისა და რუსული ეკონომიკისთვის ომის ხარჯების ზრდის ფონზე.
გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები შეხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიხაილ გალუზინს. შეხვედრაზე უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირების გზები განიხილეს.