14:50 | 26 ნოემბერი, 2026 — რუსეთი
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდება შეუჩერა - უკრაინის დაზვერვა
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, მოსკოვთან დიპლომატიური უთანხმოების შემდეგ, კიმ ჩენ ინმა რუსეთს სამხედრო დახმარება დროებით შეუზღუდა. ბალისტიკური რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდების შეჩერების ბრძანება მან პირადად გასცა.
ინფორმაცია უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 26 ნოემბერს გაავრცელა.
ვითარების არსი: უკრაინული დაზვერვის ვერსიით, ფხენიანის უკმაყოფილება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს, განცხადებამ გამოიწვია. უწყების ცნობით, რუდენკომ თქვა, რომ მოსკოვი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დაძაბულობის განმუხტვას შეეცდებოდა.
- უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩოე სონ ჰუიმ ეს განცხადება ორი ქვეყნის მოკავშირეობასთან შეუთავსებლად მიიჩნია და მოსკოვისგან მოითხოვა, განემარტა, რა პოლიტიკას ატარებს სამხრეთ კორეის მიმართ.
- თავად რუდენკომ 20 ოქტომბერს საჯაროდ რუსეთ-სამხრეთ კორეის ურთიერთობებზე ისაუბრა. "რია ნოვოსტის" ცნობით, მან თქვა, რომ მოსკოვი სეულთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს მიესალმებოდა. ორ კორეას შორის დაძაბულობის განმუხტება მას ამ განცხადებაში არ უხსენებია.
რა შეზღუდა ფხენიანმა: უკრაინული დაზვერვის ცნობით, კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილება სამ საკითხს ეხება.
- რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცით სარგებლობა აეკრძალათ.
- ფხენიანმა შეაჩერა KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება და საარტილერიო ჭურვების მორიგი პარტიის გაგზავნა.
- მოსკოვს სურდა, რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების რაოდენობა 8,500-დან 50 ათასამდე გაზრდილიყო. ფხენიანმა ამ მოთხოვნის განხილვა გადადო.
- 24 ნოემბერს Deutsche Welle-ც წერდა, რომ დამატებითი ძალების მასშტაბური განთავსება, რომლის შესახებაც კიევი ჯერ კიდევ ზაფხულში იუწყებოდა, ამ დრომდე არ დაწყებულა.
რა გრძელდება: უკრაინული დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები კვლავ მსახურობენ კურსკის ოლქში. ვორონეჟის ოლქში განლაგებულმა ჩრდილოკორეულმა სარაკეტო დანაყოფმა კი უკრაინაზე რუსეთის იერიშებშიც მიიღო მონაწილეობა.
- უწყების შეფასებით, თანამშრომლობას აფერხებს ენობრივი ბარიერი, არასათანადო მომარაგება, ერთობლივი მოქმედებების კოორდინაციის სირთულე და ჩრდილოეთ კორეელი სამხედროებისადმი რუსი მეთაურების აგდებული დამოკიდებულება.
- თანამშრომლობის შენელების კიდევ ერთ მიზეზად დაზვერვა კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის დიდ საბრძოლო დანაკარგს ასახელებს.
კონტექსტი: სამხრეთ კორეის დაზვერვასთან დაკავშირებული კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთში იარაღისა და სამხედროების გაგზავნით ფხენიანმა სამ წელიწადში დაახლოებით 13 მილიარდი დოლარი მიიღო.
- ეს ჩრდილოეთ კორეის წლიური მშპ-ის დაახლოებით ნახევარია.