მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:30 | 14 სექტემბერი, 2026 — აშშ

დონალდ ტრამპის შვილის ქორწილი რუსმა ოლიგარქმა დააფინანსა - ProPublica

ProPublica-ს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული სკანდალური გამოძიების თანახმად, დონალდ ტრამპ უმცროსისა და ბეთინა ანდერსონის ქორწილი უმეტესწილად ვლადიმერ პუტინთან მჭიდროდ დაკავშირებულმა რუსმა ოლიგარქმა დააფინანსა.


ვითარების არსი: მაისში, ბაჰამის კუნძულებზე ჩატარებული ქორწილი, ძირითადად, კრივთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA) ხელმძღვანელმა, უმარ კრემლიოვმა დააფინანსა. აღნიშნული ორგანიზაცია არაერთ სკანდალშია გახვეული რუსულ ენერგოგიგანტ "გაზპრომთან" მჭიდრო კავშირების გამო.


  • "ეს წარმოუდგენელი უნდა იყოს პრეზიდენტის შვილისთვის. წერტილი," - განუცხადა გამოცემას გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილმა აგენტმა და კონტრდაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ფრენკ მონტოია უმცროსმა.


სტრიქონებს შორის: ProPublica წერს, რომ "მათი პირველი ცეკვა იქვე მდებარე მეორე კერძო კუნძულზე შედგა, რომლის დაქირავებაც ღამეში დაახლოებით 100 000 დოლარი ღირს და ეს ხარჯი კრემლიოვმა დაფარა. კომპანია, რომელმაც ფეიერვერკების შოუ უზრუნველყო, ასეთ წარმოდგენებში დაახლოებით 70 000 დოლარს ითხოვს. (ტრამპ უმცროსის პრესსპიკერის ცნობით, თავად კრემლიოვი უშუალოდ ცერემონიას არ დასწრებია, რომელიც პირველ დღეს გაიმართა და მხოლოდ 18 სტუმარი ესწრებოდა)."


  • ქორწილს არ ესწრებოდა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ცერემონია გამოტოვა, რადგან "შესაფერისი დრო არ იყო."
  • ProPublica-სთან კომენტარში ტრამპ უმცროსს გავრცელებული ინფორმაცია არ უარუყვია და აღნიშნა, რომ "უმარი მისი პირადი მეგობარია, თუმცა მასთან ბიზნესურთიერთობა არ აკავშირებს."

კრემლიოვმა ტრამპს 2025 წლის სექტემბერში სტამბოლში ჩატარებულ ღონისძიებაზე უმასპინძლა

დიდი სურათი: მისმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მათ ერთმანეთი სანადირო წრეებიდან, საერთო ნაცნობის მეშვეობით გაიცნეს და "კრივისა და ბუნების სიყვარულმა დააახლოა."

  • თუმცა, დონალდ ტრამპ უმცროსის ძმამ, ერიკ ტრამპმა, საერთოდ უარყო ეს ცნობა.
  • წარმომადგენლის მეშვეობით მან განაცხადა: "ერიკს წარმოდგენაც კი არ აქვს, ვინ არის ეს ადამიანი და მისი სახელი არასდროს სმენია."
  • თავის მხრივ, კრემლიოვის პრესსამსახურმა ProPublica-სთვის გაგზავნილ პასუხში აღნიშნა, რომ "ბატონ კრემლიოვსა და ბატონ ტრამპ უმცროსს მეგობრული ურთიერთობა აქვთ" და მათ ერთმანეთი "რამდენიმე წლის წინ გაიცნეს."

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე