ახალი ამბები

11:51 | 28 მაისი, 2026 — სომხეთი

დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხარს უჭერს ნიკოლ ფაშინიანს 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ვითარების არსი: "სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის! ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ჩვენი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ახლახან იმყოფებოდა სომხეთში, სადაც ორივე ქვეყნისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას შეუწყო ხელი." - აღნიშნა ტრამპმა.

  • "მალე ამერიკის შეერთებული შტატები და სომხეთი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის "ტრამპის მარშრუტს" ერთად ჩაუყრიან საფუძველს, რომელიც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს, მოიპოვონ წვდომა ცენტრალური აზიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე. ამ მიზეზების გამო, ნიკოლს აქვს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებში ხელახლა ასარჩევად." - ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
  • "ნიკოლის დახმარებით, ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას იმაზე დიდ სიმაღლეებზე ავიყვანთ, ვიდრე ოდესმე. გახადე (სომხეთი) კვლავ დიადი - MAGA!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

სტრიქონებს შორის: ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად აქცია მის სამშვიდობო პოლიტიკასა და ომს შორის, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია სომხეთის საგარეო კურსიც. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ევროკავშირთან დაახლოება, თუმცა, ამავდროულად რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებასაც ცდილობს.

  • 22 მაისს, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ნიკოლ ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო შეთანხმება" დიდი უპირატესობით ლიდერობს.
  • გამოკითხულთა 32%-მა განაცხადა, რომ ხმას "სამოქალაქო შეთანხმებას" მისცემდა, ხოლო მეორე ადგილზე, შინაპატიმრობაში მყოფი პრო-რუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის ალიანსი "ძლიერი სომხეთია" 6%-ით. მესამე ადგილზეა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, პრო-რუსი პოლიტიკოსის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსი სომხეთი - 3%. 
  • 4%-იანი ბარიერის შანსი აქვთ გურგენ სიმონიანის მერიტოკრატიულ პარტიას და სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, გაგიკ წარუკიანის "აყვავებულ სომხეთს."

დიდი სურათი: სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისს ჩატარდება. ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან პირველი ეროვნული არჩევნებია მთიანი ყარაბაღის დაკარგვისა და აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესის დაწყების შემდეგ.

  • პარტიებისთვის ბარიერი 4%-ია. ბლოკებისთვის ერთიანი ბარიერი არ არსებობს; იგი დამოკიდებულია გაერთიანებული პარტიების რაოდენობაზე. სამი ან ნაკლები პარტიისგან შემდგარი ბლოკებისთვის ბარიერი 8%-ს შეადგენს, ხოლო 4 ან მეტი პარტიისგან შემდგარი ბლოკებისთვის - 10%-ს.
  • სომხეთის კანონმდებლობით, პარლამენტში მინიმუმ სამი პოლიტიკური ჯგუფი უნდა შევიდეს. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე ადგილზე გასული ძალა ბარიერს ვერ გადალახავს, ის საპარლამენტო მანდატებს მაინც მიიღებს.

ასევე ნახე