ახალი ამბები

12:36 | 12 ივნისი, 2026 — რუსეთი

დუმის დეპუტატი: რუსეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა

კომუნისტური პარტიიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვიაჩესლავ მარხაევმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც დაწერა, რომ რუსეთი "სოციალური აფეთქების ზღვარზეა," რაზეც მთელი პასუხისმგებლობა "შეუცვლელ ხელისუფლებას დაეკისრება."

ვითარების არსი: ის წერს, რომ საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფები კვლავ იზრდება, ხოლო სსრკ-სგან მემკვიდრეობით მიღებული ინფრასტრუქტურა ინგრევა - "სახსრები მიდის არა ქსელების შეკეთებაზე, არამედ იახტებზე, სასახლეებსა და უცხოურ აქტივებზე."

  • მარხაევმა დაწერა, რომ 35 წლის განმავლობაში "არცერთი წარმატებული რეფორმა არ გატარებულა, სამაგიეროდ ოლიგარქები სულ უფრო მრავლდებიან და მდიდრდებიან, და ეს ხდება 'სპეციალური სამხედრო ოპერაციის' მეხუთე წელს.

სტრიქონებს შორის: "როდესაც ვახსენებ 'სპეციალური სამხედრო ოპერაციის' თემას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვარიდებდი თავს, იძულებული ვარ აღვნიშნო: კორუფციული სკანდალები ერწყმის ყველაზე აქტიური და რეპროდუქციული მოსახლეობის უწყვეტ კარგვას არაეფექტური ხელმძღვანელობის გამო. თავდასხმები ჩვენს ქალაქებზე არ წყდება, მათი გეოგრაფია ფართოვდება, დასავლეთი ზრდის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას, ჩვენ კი მოთმენა გვიწევს." - ხაზი გაუსვა კომუნისტმა დეპუტატმა.

  • "პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უკვე აცხადებენ, რომ უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის მიზნები, ფაქტობრივად, მხოლოდ ახალ ტერიტორიებზე დაიყვანება და არა მთელ ქვეყანაზე. თუ ეს სიტუაცია შენარჩუნდება, სოციალური აფეთქება და ქაოსი უფრო სავარაუდო გახდება. ამით აუცილებლად ისარგებლებს დასავლეთი, რათა ბოლო მოუღოს რუსული სახელმწიფოებრიობის ნარჩენებს." - აღნიშნავს ის.

დიდი სურათი: მარხაევმა მოითხოვა საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფების ზრდის შეჩერება, ჩინოვნიკების "რეალური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა კანონებისა და პრეზიდენტის პირდაპირი დავალებების შეუსრულებლობისთვის, ასევე რუსეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, 'სპეციალური სამხედრო ოპერაციის' დასრულების მკაფიო, საჯარო გეგმის" წარდგენა.

  • მანამდე მსგავსი განცხადება გააკეთა სახელმწიფო დუმის კიდევ ერთმა კომუნისტმა დეპუტატმა რენატ სულეიმანოვმა.
  • მან აღნიშნა, რომ "СВО-ს რაც შეიძლება სწრაფად დასრულება უბრალოდ აუცილებელია, რადგან ეკონომიკა ომის გაგრძელებას ვერ გაუძლებს."

კონტექსტი: რუსეთში 18-20 სექტემბერს სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე