18:33 | 13 ოქტომბერი, 2026 — თურქეთი
ერდოღანის მრჩეველი აზერბაიჯანის მიერ სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აკრიტიკებს
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი, ოქტაი სარალი, აზერბაიჯანში სასკოლო ფორმების შემოღებას და ჰიჯაბის შეზღუდვას აკრიტიკებს.
ვითარების არსი: სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ "აზერბაიჯანში ჰიჯაბის მატარებელი მოსწავლეებისთვის განათლების უფლების შეზღუდვა მიუღებელია!"
- "სინდისის ან სამართლიანობის რა საფუძვლით შეიძლება სკოლის კარიდან უკან გააბრუნო მოსწავლე, რომელსაც თავისი რწმენის გამო თავი აქვს დაფარული? ჰიჯაბი არ არის დაბრკოლება, ეს რწმენის მოთხოვნაა! განათლების უფლება არ უნდა შეეწიროს არანაირ იდეოლოგიურ მოტივებს! ჩვენ ველით, რომ აზერბაიჯანი ამ არასწორ ნაბიჯს მალე გადასინჯავს. იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდების მომავალს დაბრკოლებები შევექმნათ, მათ გზა უნდა გავუკაფოთ." - ხაზი გაუსვა მან.
სტრიქონებს შორის: აზერბაიჯანში სკოლის მოსწავლეებისთვის მოქმედებს სასკოლო ფორმის ერთიანი კოდექსის მოთხოვნები. მთავრობის 2026 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმის მარეგულირებელ მოთხოვნებში ცვლილებები შევიდა.
- წესები ეფუძნება სტანდარტიზებული ჩაცმულობის კოდექსისა და სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სეკულარიზმის პრინციპებს.
- აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ გააკრიტიკა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩეველი და მოუწოდა თურქეთსა და მის მმართველ პარტიას, პატივი სცენ აზერბაიჯანის შიდა საქმეებს.
- ალიევის პარტიამ დაგმო "აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია" და აღნიშნა, რომ მისთვის "აუცილებელი" იყო პოზიციის დაფიქსირება მას შემდეგ, რაც სარალი - "ერდოღანის მთავარი მრჩევლის სტატუსის მქონე პირველი პირი" და თურქეთის მმართველი პარტიის დეპუტატები "ასეთ კამპანიას შეუერთდნენ."
დიდი სურათი: თავის განცხადებაში პარტიამ უარყო აზერბაიჯან-ისრაელის ურთიერთობების კრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ ბაქო მხარს უჭერს პალესტინის საკითხის მოგვარებას "ორი სახელმწიფოს" პრინციპის საფუძველზე და პალესტინელებს ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
- მან დამატებით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ურთიერთობები ისლამურ სამყაროსთან "დაფუძნებულია არა რაიმე პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, არამედ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებზე."