13:58 | 05 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი
ესტონეთი სამხედროებს რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაისვრის - FT
ესტონეთმა რუსეთის მზარდი საფრთხის გამო ერთ-ერთი ბრიგადა შესაძლო აგრესიისთვის მზადების ფარგლებში, ქალაქ ტაპადან იიჰვიში გადაისროლა, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ამ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
ვითარების არსი: ესტონელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანას მუდმივად გადაჰყავს სამხედროები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს და ყიდულობს შეიარაღებას, რომელსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის მიყენება შეუძლია.
- გამოცემა წერს, რომ ესტონეთის შეიარაღებული ძალებისა და დაზვერვის ხელმძღვანელებს არ მიაჩნიათ, რომ რუსეთი ნატოსთან სრულმასშტაბიანი ომისთვის ემზადება - სულ მცირე, უახლოესი 2 წლის განმავლობაში. ამავდროულად, მათ სჯერათ, რომ მოსკოვი ემზადება ესტონეთთან შესაძლო მომავალი კონფლიქტისთვის.
- სწორედ ამან აიძულა ესტონეთი, რომელსაც საკუთარი სამხედრო-საჰაერო ძალები არ გააჩნია, "აქტიური თავდაცვის" სტრატეგიაზე გადასულიყო.
- "ჩვენ უნდა დავიწყოთ საზღვრიდან და გავიმარჯვოთ უკვე პირველივე ბრძოლებში," - განაცხადა პოლკოვნიკმა თარმო კუნდლამ, ესტონეთის პირველი ბრიგადის მეთაურმა.
სტრიქონებს შორის: სწორედ მისი ქვედანაყოფი გადადის ტაპადან იიჰვიში, სადაც ახლა სამხედროების დისლოცირებისთვის ახალი ობიექტები შენდება.
- "შეკავება არ მუშაობს. ამ საკითხის გადაწყვეტის კრიტიკული პერიოდი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყველასთვის უახლოეს 1-4 წელზე მოდის," - აღნიშნა ესტონეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა.
- ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში კი ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია "წარმოუდგენელი" უნდა გახადონ.
- "ჩვენი მიზანი ნათელია: შევაკავოთ მტერი და ომის დამანგრეველი შედეგები ესტონეთის ტერიტორიისგან შორს იყოს," - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
დიდი სურათი: მაისში ესტონეთის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ტერმინი "აქტიური თავდაცვა" შეიტანა. მას შემდეგ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ჩუმი, მაგრამ რადიკალური რეორგანიზაცია დაიწყეს.
- ტაპადან - ესტონეთის მთავარი სამხედრო ბაზიდან - ელიტური ქვედანაყოფები მუდმივად გადადის რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს მდებარე პოზიციებზე. ასევე, ათას სამხედროზე გათვლილი ახალი ბაზა შენდება სასაზღვრო ქალაქ ნარვაში.
- ბოლო წლის განმავლობაში ქვეყანამ ხელი მოაწერა კონტრაქტებს ამერიკული სარაკეტო სისტემის - 9 ერთეული Himars-ის, 300 კმ-მდე ფრენის დიაპაზონის M57 ბალისტიკური რაკეტების, ასევე ანალოგიური დიაპაზონის მქონე 9 ერთეული სამხრეთკორეული РСЗО Chunmoo-ს შესყიდვაზე.
- აღსანიშნავია, რომ მანძილი ესტონეთის სასაზღვრო ბაზებიდან რუსეთის სანქტ-პეტერბურგამდე 260 კილომეტრია.
კონტექსტი: 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ათწლეულის განმავლობაში, ესტონელმა სამხედროებმა შეიმუშავეს თავდაცვითი დოქტრინა, რომელიც ქვეყნის ისტორიისა და გეოგრაფიის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.
- ამ მიდგომის თანახმად, აგრესიის შემთხვევაში, წვევამდელებს სწრაფი მობილიზაცია უნდა მოხდეს და ტაქტიკური, თითქმის პარტიზანული თავდაცვა აწარმოონ, რათა რუსული ჯარები შეაკავონ იქამდე, ვიდრე ნატოს დამხმარე ძალა არ მოვა.
- თუმცა, უკრაინაში რუსეთის მოქმედებებზე დაკვირვების შემდეგ, ესტონელმა სამხედრო მეთაურებმა დაასკვნეს, რომ ასეთი გეგმა არ იმუშავებს. ახლა მათ მიაჩნიათ, რომ კრემლი ყურადღებას არ აქცევს დანაკარგებს და იბრძვის დაპყრობილი ტერიტორიის შესანარჩუნებლად მას შემდეგაც კი, რაც მასზე ყველაფერი განადგურდა.
- ესტონეთის თავდაცვის ხარჯები 2027 წელს და შემდგომში მშპ-ს 5%-ს გადააჭარბებს, ხოლო მთლიანად ეროვნულ თავდაცვაზე 2.2 მილიარდი ევრო დაიხარჯება.