დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

19:12 | 22 სექტემბერი, 2026 — ევროკავშირი

EU უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნას დათანხმდა - Reuters

ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი.

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რუსი მილიარდერები, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი, სანქცირებულთა სიიდან ამოიღონ.

ინფორმაციას Reuters-ი სამშაბათს, ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვითარების არსი: სააგენტოს თანახმად, შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც ლატვიამ ვეტოზე უარი თქვა.

  • ვინაიდან სანქციების დამტკიცებას ევროკავშირის წევრთა ერთსულოვნება სჭირდება, ლატვიის მიერ კენჭისყრაზე თავის შეკავებამ გარიგებას მწვანე შუქი აუნთო.
  • სანაცვლოდ, დანარჩენი 3,000-მდე ფიზიკური და იურიდიული პირისთვის სანქციების ვადა 3 წლით გახანგრძლივდება.

ვინ ლობირებდა და რატომ: მიმდინარე თვის დასაწყისში საფრანგეთის პოზიცია ევროკავშირის სხვა წევრებისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, როდესაც პარიზმა ეროვნული უსაფრთხოების მოტივით, რუსულ-უზბეკური წარმოშობის მაგნატისთვის, უსმანოვისთვის სანქციების მოხსნა მოითხოვა.

  • ამის შემდეგ ლუქსემბურგმა ფრიდმანის მიმართაც იგივე მიდგომა მოითხოვა, რადგან ამ უკანასკნელს ქვეყნის წინააღმდეგ 16 მილიარდი დოლარის კომპენსაციის სარჩელი აქვს შეტანილი.

კულისებში: Financial Times-ის ცნობით, პარიზის ეს მოულოდნელი ნაბიჯი აზერბაიჯანის მხრიდან ზეწოლის შედეგია.

  • ბაქოს ციხეში ამჟამად საფრანგეთის ორი მოქალაქე - მარტინ რაიანი (ჯაშუშობისთვის მისჯილი აქვს 10 წელი) და ანას დერაზი (12 წელი ყოფილი სენატორისგან ქრთამის აღების ბრალდებით) იმყოფება.
  • არსებული ინფორმაციით, ბაქო მათ გათავისუფლებას სწორედ უსმანოვისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ჰპირდება.
  • საფრანგეთის გარდა, უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას ევროკავშირის შიგნით სლოვაკეთიც აქტიურად ითხოვდა.

დიდი სურათი: ევროპელებმა მიაღწიეს კომპრომისს, რომელიც ძველი წესებიდან უპრეცედენტო გამონაკლისია: აქამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გადახედვა და გახანგრძლივება ყოველ 6 თვეში ხდებოდა, ამიერიდან კი ვადა 36 თვით გახანგრძლივდა.

  • გადაწყვეტილება ოფიციალურ ძალას მას შემდეგ შეიძენს, რაც ე.წ. წერილობითი პროცედურა დასრულდება.

კონტექსტი: უსმანოვი და "ალფა-გრუპის" თანადამფუძნებელი ფრიდმანი (რომლებიც ვლადიმირ პუტინის უახლოეს გარემოცვად მიიჩნევიან) ევროკავშირის სანქციების ქვეშ 2022 წლის თებერვლიდან იმყოფებიან.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე