დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:26 | 20 ნოემბერი, 2026 — უკრაინა

ევროკავშირმა უკრაინას 7.9 მილიარდი ევრო გამოუყო

20 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინას Ukraine Facility-ის პროგრამის დაწყებიდან მეცხრე და ყველაზე დიდი ტრანში - 7.9 მილიარდი ევრო გამოუყო ქვეყნის ფინანსური საჭიროებებისა და სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირებისთვის.

ვითარების არსი: ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ ეს არის ყველაზე მსხვილი ერთჯერადი ტრანში, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში გამოუყო.

  • "უკრაინა აგრძელებს რეფორმების გატარებას და, ამავდროულად, ყოველდღიურად იცავს თავს. დღეს ჩვენ გამოვყოფთ თითქმის 8 მილიარდ ევროს - ეს არის დღემდე გამოყოფილი ყველაზე დიდი ტრანში. ეს ნათლად აჩვენებს, რომ რეფორმების გატარებაში მიღწეულ რეალურ პროგრესს შედეგები და სარგებელი მოაქვს. სანამ უკრაინა არ ნებდება და ევროპული გზით სვლას აგრძელებს, მას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სტრიქონებს შორის: ეს Ukraine Facility-ის ფარგლებში გამოყოფილი მეცხრე ტრანშია. ბოლო ტრანშის გათვალისწინებით, ევროკავშირის მიერ 2024 წლის შუა პერიოდიდან Ukraine Facility-ის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერის საერთო მოცულობა 40 მილიარდ ევროს მიაღწევს.

  • ამ თანხიდან დაახლოებით 5 მილიარდი ევრო გამოიყოფა იმ სახსრებიდან, რომლებიც 2026 წელს უკრაინის მხარდამჭერი სესხის (Ukraine Support Loan) ფარგლებშია გათვალისწინებული. 
  • ევროკომისიის ცნობით, ეს შესაძლებელი გახდა უკრაინის მიერ სტრატეგიულ სექტორებში რეფორმების წარმატებით გატარების წყალობით, კერძოდ: სასამართლო სისტემაში, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან ბრძოლაში, ფინანსურ ბაზრებზე, სახელმწიფო აქტივების მართვის, დეცენტრალიზაციისა და რეგიონული პოლიტიკის სფეროებში, ენერგეტიკულ სექტორში, აგროსასურსათო ბაზარზე და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

დიდი სურათი: გარდა ამისა, უკრაინამ საერთო ჯამში 948 მილიონი ევროს სახელმწიფო ინვესტიციების მობილიზება შეძლო ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, საბინაო მშენებლობა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განაღმვა.

  • ამ ინვესტიციებიდან დაახლოებით 451 მილიონი ევრო სახელმწიფო ორგანოების აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის საჭიროებებს მოხმარდა.
  • 2 ოქტომბერს ევროკომისიამ უკრაინას Ukraine Facility-ის მექანიზმის ფარგლებში მორიგი ტრანში - 2.9 მილიარდი ევრო გამოუყო. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე