დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:20 | 26 ნოემბერი, 2026 — საქართველო

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია საქართველოზე

ევროპარლამენტი 26 ნოემბერს, კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც პაატა ბურჭულაძის და საქართველოს სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებას ითხოვს.

ვითარების არსი: 71 წლის ოპერის მომღერალი, რომლის ხმაც მსოფლიოს წამყვან სცენებზე ჟღერდა, წელიწადზე მეტია, რაც დაპატიმებულია. "ქართული ოცნება" მას ძალადობრივად ხელისუფლების ცვლილებაში ადანაშაულებს, ხოლო მის წამხალისებლად ევროკავშირს ასახელებს

  • ბურჭულაძე ავსტრიის მოქალაქეცაა,  ეს მის საქმეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საქმედაც აქცევს.
  • რეზოლუცია პირდაპირ ასახელებს იმ ადამიანებს, ვისი დასანქცირებაც ევროპარლამენტს სურს: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე.

მნიშვნელოვანი დეტალები: 25 ნოემბერს, გვიან საღამოს, სტრასბურგში ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ გადაუდებელი დებატები გამართა თემაზე „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტპატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

  • დებატების ინიციატორი „ევროპის სახალხო პარტია" იყო. 
  • რეზოლუციის ექვსი პროექტი წარადგინეს სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა. ერთ-ერთი — „მწვანეებმა / ევროპის თავისუფალმა ალიანსმა“.
  • შეჯერებულ ტექსტს დღეს უყრიან კენჭს.

რეზოლუციის პროექტი: სხვადასხვა მოთხოვნებს აერთიანებს, საიდანაც ხუთი მათგანი ყველაზე მნიშვნელოვანია. 

  • გათავისუფლება: ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. სახელით მოხსენიებულები არიან პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე.
  • სანქციები: მიზნობრივი სანქციები და სავიზო აკრძალვები ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და კალაძის მიმართ — ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე აგებენ პასუხს.
  • პატიმრობის პირობები: ბურჭულაძისთვის სამედიცინო და იურიდიული დახმარება, ოჯახთან რეგულარული კონტაქტი და კონსულის შეუფერხებელი დაშვება. ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ მისი ხანგრძლივი იზოლაციისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურების გამო.
  • გამოძიება: დამოუკიდებელი გამოძიება მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
  • ევროინტეგრაცია: საქართველოს ევროკავშირისკენ წინსვლა დამოკიდებულია კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ფუნდამენტურ უფლებებზე.

რა კომენტარებს აკეთებენ ევროდეპუტატები: დებატების ფარგლებში, ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლმა გააკეთა კომენტარი საქართველოში არსებული პოლიტიკურ სიტუაციაზე. გამომსვლელთა დიდი ნაწილი, კრიტიკულად იყო განწყობილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ. 

  • ტობიას კრემერი (გერმანია, სოციალისტები და დემოკრატები): „რა არის მისი დანაშაული?“ — მან ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციები მოითხოვა.
  • ნაჩო სანჩეს ამორი (ესპანეთი, სოციალისტები და დემოკრატები): „ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც გაჭრის, სანქციებია.“
  • ჰელმუტ ბრანდშტეტერი : „მოვითხოვოთ პაატას დაუყოვნებელი გათავისუფლება.“
  • რასა იუკნევიჩიენე: დაკავებული პაატა მანჯგალაძის ქალიშვილის, ნინოს სიტყვები გაიმეორა, რომ მისი მამა   16 კვადრატული მეტრის საკანს ხუთ სხვა პატიმართან ერთად იყოფს.
  • დავორ ივო შტიერმა შეახსენა, რომ ივანიშვილი ოდესღაც მერაბ კოსტავას ციტირებდა, ახლა კი სხვა მუსიკოსს — ბურჭულაძეს — დევნის.
  • ჰენა ვირკუნენი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: კომისია ბურჭულაძის საქმეს, რომელიც გასაჩივრების ეტაპზეა, ყურადღებით ადევნებს თვალს.

განსხვავებული მოსაზრება: დეპუტატების დიდი ჯგუფისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ, რომელიც „პატრიოტები ევროპისთვის“ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს. 

  • ფრანგი დეპუტატის თქმით, პაატა ბურჭულაძემ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა სცადა, რა მიზნითაც პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა და კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით ცვლილებას შეეცედა. 
  • ტიერი მარიანი „ქართული ოცნების" მიმართ პოლიტიკურ სიმპათიას ხშირად ავლენს, რაც საკთარი კოლეგების უმრავლესობისგან მას განასხვავებს. 

ფონი: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპარლამენტი საქართველოს პოლიტპატიმრების საქმეზე რეზოლუციას იღებს.

  • 2025 წლის ივნისში მიიღო რეზოლუცია მზია ამაღლობელის საქმეზე: 324 ხმა მომხრე, 25 წინააღმდეგი.
  • 2026 წლის მარტში - ელენე ხოშტარიას საქმეზე: 438 მომხრე, 37 წინააღმდეგი. 

რა იქნება შემდეგ: სტრასბურგში, თბილისის დროით 15:00 საათზე, დღეს რეზოლუციას კენჭი ეყრება. ხაზგასასმელია ისიც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სავალდებულო არ არის და საბოლოოდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებისთვის წევრო ქვეყნების უმრავლესობის თანხმობაა საჭირო.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე