12:00 | 22 მაისი, 2026 — სომხეთი
ფაშინიანი: საქართველოს საკვანძო როლი აქვს სომხეთი-ევროკავშირის ურთიერთობებში
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს გამართულ ბრიფინგზე სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის პროცესში საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ArmenPress-ი აქვეყნებს.
რა თქვა: „რაც შეეხება საქართველოს, მე ნათლად განვაცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული მდგომარეობით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მდგომარეობა უნდა მოგვარდეს,“ - აღნიშნა ფაშინიანმა მედიასთან საუბრისას.
- გარდა ამისა, სომხეთის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები სუვერენულია და მასზე გავლენას ვერ მოახდენს სხვა სახელმწიფოებთან არსებული დღის წესრიგი.
- „სომხეთის ურთიერთობები საქართველოსთან არ არის დაკავშირებული არცერთ მესამე მხარესთან ურთიერთობასთან. ბუნებრივია, ეს ურთიერთობები არის სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული, ძმური და ასეც დარჩება. სხვა სცენარი უბრალოდ ვერ იქნება,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.