16:37 | 25 მაისი, 2026 — სომხეთი
ფაშინიანის პარტია - 32%, კარაპეტიანის "ძლიერი სომხეთი" - 6% - IRI-ს კვლევა
22 მაისს, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ნიკოლ ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო შეთანხმება" დიდი უპირატესობით ლიდერობს.
ვითარების არსი: გამოკითხულთა 32%-მა განაცხადა, რომ ხმას "სამოქალაქო შეთანხმებას" მისცემდა, ხოლო მეორე ადგილზე, შინაპატიმრობაში მყოფი პრო-რუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის ალიანსი "ძლიერი სომხეთია" 6%-ით.
- მესამე ადგილზეა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, პრო-რუსი პოლიტიკოსის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსი სომხეთი - 3%. აღსანიშნავია, რომ რადგან ქოჩარიანის ალიანსი 2 სუბიექტისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკია, მათთვის ბარიერი 8%-ია.
- 4%-იანი ბარიერის შანსი აქვთ გურგენ სიმონიანის მერიტოკრატიულ პარტიას და სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, გაგიკ წარუკიანის "აყვავებულ სომხეთს."
- კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 23% გადაუწყვეტელია, ხოლო 21%-მა პასუხზე უარი განაცხადა, რაც ნიშნავს, რომ პარტიების შედეგი არჩევნებზე განსხვავებული იქნება.
სტრიქონებს შორის: 2026 წლის მარტში IRI-ის მიერ ჩატარებული წინა კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 24% აპირებდა ხმის მიცემას ფაშინიანის პარტიისთვის, ხოლო კარაპეტიანის "ძლიერ სომხეთს" მხარს 9% უჭერდა.
- გამოკითხულთა 61%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.
- კითხვაზე, რა არის ბოლო 6 თვის განმავლობაში მთავრობის მთავარი მიღწევა, მოქალაქეების 21% საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შექმნას ასახელებს, 16% - უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფას, 13% - პენსიის ზრდას.
- აღსანიშნავია, რომ ნიკოლ ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტს" ყველაზე მეტად 56 წლის და უფროსი მოქალაქეები უჭერენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად - 18-35 წლის.
დიდი სურათი: IRI-ს კვლევის თანახმად, სომხეთის მთავარ პარტნიორად მოქალაქეების 39% საფრანგეთს მიიჩნევს, 35% - რუსეთს, 34% - ევროკავშირს, 29% - ირანს, 27% - ამერიკის შეერთებულ შტატებს და 18% - საქართველოს (შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა - რედ.).
- გამოკითხულთა 73% სომხეთისთვის მთავარ საფრთხედ აზერბაიჯანს მიიჩნევს, 58% - თურქეთს და 32% - რუსეთს.
- TRIPP ან "ტრამპის გზის" პროექტის განხორციელებაზე, რაც გულისხმობს სიუნიქის პროვინციაზე გამავალი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოქალაქეების პოზიცია გაყოფილია.
- გამოკითხულთა 44% ძალიან ან ნაწილობრივ უჭერს მხარს ამ პროექტს, ხოლო 42% ძალიან ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგება.
კონტექსტი: სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისს ჩატარდება.
- პარტიებისთვის ბარიერი 4%-ია. ბლოკებისთვის ერთიანი ბარიერი არ არსებობს; იგი დამოკიდებულია გაერთიანებული პარტიების რაოდენობაზე. სამი ან ნაკლები პარტიისგან შემდგარი ბლოკებისთვის ბარიერი 8%-ს შეადგენს, ხოლო 4 ან მეტი პარტიისგან შემდგარი ბლოკებისთვის - 10%-ს.
- სომხეთის კანონმდებლობით, პარლამენტში მინიმუმ სამი პოლიტიკური ჯგუფი უნდა შევიდეს. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე ადგილზე გასული ძალა ბარიერს ვერ გადალახავს, ის საპარლამენტო მანდატებს მაინც მიიღებს.