ახალი ამბები

14:11 | 16 ივლისი, 2026 — უკრაინა

ფედოროვი: თავდაცვის მინისტრობა ომში გამარჯვებისთვის მჭირდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრობის თანამდებობის დატოვების შემდეგ ჩატარებულ პირველ პრეს-კონფერენციაზე, მიხაილო ფედორვმა მის გადაწყვეტილებაზე და უკრაინის თავდაცვის ძალებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ვითარების არსი: "მე ეს პოსტი იმისთვის არ მჭირდება, რომ თავდაცვის მინისტრი ვიყო, მე ეს პოსტი მჭირდება, რომ ომში გავიმარჯვოთ." - აღნიშნა მან.

  • ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის შეცვლას ითხოვდა, თუმცა პრეზიდენტი ამას არ დათანხმდა.
  • მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ყველა წინადადება ფრონტზე ჯარების მუშაობის გასაუმჯობესებლად სირსკის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდებოდა.
  • "გადაწყვეტილებას სრულად დავეთანხმე და ვთქვი, რომ ესე იგი, მასთან მუშაობას ვისწავლიდი. მაგრამ შევეჯახეთ იმას, რომ ყველა ინიციატივის ბლოკირება დაიწყო, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით. სირსკი არ არის მზად, რომ პრობლემებზე პირისპირ, თვალებში ჩახედვით ისაუბროს. იგი მზადაა პირადად იაროს შეხვედრებზე, ხლართოს ინტრიგები, იფიქროს, რომ მედიაში ვინმემ რაღაც კამპანია შეუკვეთა, და არა იმაზე, რომ პრობლემა არსებობს. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ მან, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წამოაყენა." - ხაზი გაუსვა თავდაცვის მინისტრმა.

სტრიქონებს შორის: ფედოროვმა, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში წლების განმავლობაში მოღვაწეობდა, კიდევ ერთხელ აღნიშნა ასიმეტრიული მეთოდებით რუსეთთან ბრძოლის მნიშვნელობაზე.

  • "ნაცვლად იმისა, რომ მოეფიქრებინა, როგორ დაგვემარცხებინა რუსეთი ასიმეტრიულად, მან მოიფიქრა, როგორ გაეხლიჩა ქვეყანა. და ამაში დიდი პრობლემაა... მე არ წამომიყენებია პირობა "ან მე, ან სირსკი." - თქვა მან.
  • ამასთან ფედოროვმა განაცხადა, რომ არ ღირს სირსკისა და მისი წვლილის სათანადოდ შეუფასებლობა: "მან ჩაატარა კიევის ოპერაცია, ხარკოვის ოპერაცია, მონაწილეობდა ხერსონის ოპერაციაში. ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი მეთაურის სათანადოდ შეუფასებლობა."
  • "მაგრამ ომი სრულიად, მთლიანად შეიცვალა. დრონები წელიწადში ოთხჯერ იცვლება. მართვის სისტემა შეიცვალა და ჩვენც უნდა შევიცვალოთ. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ გზას იმით, რაც მაშინ იყო. უნდა გვესმოდეს, რა იყო გასაკეთებელი მაშინ და რა არის საჭირო ახლა, რათა დავამარცხოთ რუსეთი." - ხაზი გაუსვა თავდაცვის მინისტრმა.
  • "არ ვფიქრობ, რომ ეს ეგოს პრობლემაა. ვფიქრობ, სხვა რაღაც მიზეზები არსებობს... ბევრ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა. მე ამაზე ღიად ვსაუბრობდი, ბიუროკრატიულად თამაში ჩვენც შეგვიძლია, მოდით ეს გავაკეთოთ-მეთქი. მითხრეს: "ხელი არ ახლო!" და მეც ვითმენდი და მზად ვიყავი მშვიდად მემუშავა, სანამ მთავარსარდალმა ულტიმატუმი არ წამოაყენა."

დიდი სურათი: ფედოროვმა 15 ივლისს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი მუშაობა შეაჯამა, ისაუბრა იმაზე, თუ რისი გაკეთება ვერ მოასწრო და დაადასტურა, რომ აგრძელებს თავის მისიას, რათა "დაამარცხოს მტერი ასიმეტრიით, ინოვაციების სისწრაფითა და ორგანიზაციის ძალით."

  • უკრაინის პარლამენტმა 16 ივლისს პრემიერ-მინისტრად "ნაფტოგაზისა" და "უკრნაფტას" ყოფილი ხელმძღვანელი, სერჰი კორეცკი დანიშნა.
  • 16 ივლისს კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახლოს, და ქვეყნის მასშტაბით არაერთ სხვა ქალაქში თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს.

ასევე ნახე