საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. იგი პარტია "რენესანსის" თავმჯდომარეა, რომელიც 10 წლის წინ ემანუელ მაკრონმა დააფუძნა.
ვითარების არსი: გაბრიელ ატალის განზრახვა, მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში, დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ოფიციალური განცხადება მან მხოლოდ 22 მაისს გააკეთა. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ცენტრისტულ-მემარჯვენე ფლანგზე იგი კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი კანდიდატი ხდება, რომელიც მაკრონის ადგილის დაკავებას შეეცდება
- რამდენიმე დღით ადრე საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წარდგენა ედუარ ფილიპმაც დააანონსა, რომელიც მაკრონის კიდევ ერთი ექს-პრემიერია (2017-2020). იგი ზუსტად იმ ელექტორატთან არის ახლოს, რომლის მიმხრობასაც გაბრიელ ატალი შეეცდება.
- გაბრიელ ატალი რეგიონულ ტურნეს მართავს, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრებს საკუთარი წიგნის პრეზენტაციებს უთავსებს.
- მურ-დე-ბარეზში ვიზიტისას, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება დაანონსა, ატალმა განაცხადა: „ჩვენი ქვეყნის საუკეთესო თავი ჯერ დაწერილი არ არის“.
შანსები: მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი ჯორდან ბარდელა ლიდერობს, მეორე ტურში გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი მაინც ედუარ ფილიპს აქვს. თუმცა, ბოლო დინამიკის თანახმად, ფილიპსა და გაბრიელ ატალს შორის რეიტინგული სხვაობა სულ უფრო მცირდება.
- როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, არსებობს არაფორმალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც არჩევნებამდე ამ ორ პრეტენდენტს შორის ის, ვისაც უფრო დაბალი რეიტინგი ექნება, საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, რათა მეორე ტურში ცენტრისტულ-მემარჯვენე კანდიდატი გადავიდეს და მარინ ლე პენის ბანაკი დაამარცხოს.
მოკლე ცნობები ატალზე: 37 წლის წლის გაბრიელ ატალი ფრანგულ პოლიტიკაში ახალგაზრდობის პერიოდიდანაა. 2017 წელს იგი ეროვნულ ასამბლეაში აირჩიეს, ხოლო სხვადასხვა პოსტების შემდეგ, 2024 წელს მაკრონმა იგი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა.