19:00 | 18 ნოემბერი, 2026 — უკრაინა
გამანადგურებლები, საჰაერო თავდაცვა და მილიარდობით დოლარის დახმარება - "რამშტაინის" შედეგები
17 ნოემბერს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 37-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც 15-მა ქვეყანამ ახალი სამხედრო დახმარება გამოაცხადა ან ადრე ნაკისრი ვალდებულებები დაადასტურა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მთავარი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იყო.
- უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბელგია წლის ბოლომდე ათ F-16-ის ტიპის გამანადგურებელს, საფრანგეთი კი ორი Mirage 2000-5F ტიპის გამანადგურებლის გადაცემას გეგმავს.
- სამხედრო დახმარება ასევე მოიცავს საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, რადარებს, რაკეტებს, საავიაციო და საარტილერიო საბრძოლო მასალას, მართვად საავიაციო ბომბებს, სხვადასხვა ტიპის დრონებსა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს.
დეტალებში:
გერმანია: დამატებით $300 მილიონი ამერიკული შეიარაღების შესაძენად, PURL პროგრამის ფარგლებში. ასევე დადასტურდა ადრე გამოცხადებული €1-მილიარდიანი პაკეტი.
დანია: €645 მილიონი დრონების, F-16-ის საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო საჭიროებებისთვის. პაკეტი 10 ნოემბერს გამოცხადდა.
ნორვეგია: დაახლოებით $800 მილიონი საჰაერო თავდაცვის, დრონებისა და ამერიკული შეიარაღების შესაძენად.
ნიდერლანდები: €500 მილიონი ზამთრის სამხედრო დახმარებისთვის.
ესპანეთი: €400 მილიონზე მეტი სამხედრო დახმარებისთვის.
დიდი ბრიტანეთი: £240 მილიონი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის 1,000-ზე მეტი რაკეტისა და რადარების მისაწოდებლად.
დამატებითი დახმარება გამოაცხადეს ან დაადასტურეს ფინეთმა, შვედეთმა, კანადამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, პორტუგალიამ და ლუქსემბურგმაც.
- შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინისთვის Patriot-ისა და IRIS-T-ის რაკეტების მიწოდებას, დრონების წარმოების გაფართოებასა და ამერიკული შეიარაღების შესყიდვას.
მნიშვნელოვანია: გამოცხადებული თანხები მოიცავს როგორც ახალ დახმარებას, ისე ადრე დამტკიცებულ პაკეტებსა და სამომავლო ვალდებულებებს.
- შესაბამისად, მათი შეკრება მხოლოდ ამ შეხვედრაზე გამოყოფილი ახალი დაფინანსების მოცულობას არ ასახავს.