12:33 | 13 აგვისტო, 2026 — რუსეთი
"იაბლოკოს" ლიდერი: გვაქვს "გეგმა ბ", არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ
"იაბლოკოს" თავმჯდომარემ, ნიკოლაი რიბაკოვმა, განაცხადა, რომ პარტიას "გეგმა ბ" აქვს და სექტემბრის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. თუ რას გულისხმობს ეს გეგმა, მას არ დაუკონკრეტებია
რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარტიის მხარდამჭერებისთვის ვიდეო გამოაქვეყნა.
რა თქვა: რიბაკოვის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ნამდვილი მიზანი, რომლითაც "იაბლოკო" სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოიხსნა, არის ის, რომ პარტიის მხარდამჭერმა რუსეთის მოქალაქეებმა "რწმენა და იმედი დაკარგონ“.
- პარტიის ლიდერმა მხარდამჭერებს მოუწოდა, გული არ გაიტეხონ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "იაბლოკო" სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
- "ჩვენ გვაქვს B გეგმა. პარტია „იაბლოკო“ 2026 წლის სექტემბრის არჩევნებზე იქნება". - თქვა რიბაკოვმა.
- გარდა ამისა, რიბაკოვმა მადლობა გადაუხადა ათასობით მხარდამჭერს, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ და პარტიას შემოწირულობებით ეხმარებოდნენ.
კონტექსტი: 11 აგვისტოს რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოპოზიციური პარტია "იაბლოკო" მომავალი დუმის არჩევნებიდან ჩაიხსნა.
- სასამართლოში სარჩელი "იაბლოკოს" წინააღმდეგ ე.წ. მართულმა ოპოზიციურმა პარტია "როდინამ" შეიტანა.
სარჩელს მოსამართლე ვიაჩესლავ კირილოვი განიხილავდა. სწორედ მან გამოაცხადა გაზაფხულზე "ექსტრემისტულად" საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალი". სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, "იაბლოკო" მას გასაჩივრებს.
- "იაბლოკოს" ლიდერმა ნიკოლაი რიბაკოვმა ყველა ბრალდება უარყო. მან განაცხადა, რომ "როდინა" ცდილობს მის პარტიას ბრალად წაუყენოს ის, რომ მისი პოლიტიკური პოზიცია და წინასაარჩევნო პროგრამა განსხვავდება მოქმედი ხელისუფლების კურსისგან.
- "სხვადასხვა პარტიას არ შეუძლია ერთნაირი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. მოქალაქეებს აქვთ განსხვავებული აზრები და სხვადასხვა პარტიამ ეს უნდა გამოხატოს. მე არ ვიცი, როგორ აუხსნა მოსარჩლის წარმომადგენლებს ის, რომ ჩვენ მხარს გვიჭერენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ ისინი მოკლან". - თქვა რიბაკოვმა.